პრინციპულ მეტოქეთა მორიგი შეხვედრა.
2009 წლის 7 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის პირველი მატჩი. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ესტუმრა თბილისის ”დინამოს”.
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის საწყისი წუთები სტუმართა გარკვეული ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, 16-ე წუთზე ისინი მდევრის როლში აღმოჩნდნენ -ალეკო კოშკაძის შორიდან დარტყმულს ზესტაფონელთა გოლკიპერი ზურაბ მამალაძე ვერ შესწვდა. მალევე ჯაბა დვალს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მისი თავური გიორგი ლორიამ მოიგერია. 37-ე წუთზე გოლის გატანა ნიკა გელაშვილსაც მართებდა, თუმცა მისი დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. ახლოს იყო მიზანთან ჯორჯ აკირემიც - ამ ეპიზოდში ზურაბ მამალაძემ ითამაშა საიმედოდ. ტაიმი მასპინძელთა მინიმალური უპირატესობით 1-0 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ზესტაფონელებს მიეცათ თბილისელთა კარის აღების დიდებული შანსი, მაგრამ შოთა გრიგალაშვილის დარტყმული დინამოელთა მცველებმა კარის ხაზიდან გამოიტანეს. მიზანთან ახლოს ისევ იყო ნიკა გელაშვილიც, მაგრამ მისი დარტყმული მასპინძელთა კარის ბადეში გარედან გაეხვია. იქვე ალეკო კოშკაძემ ხელიდან გაუშვა თავის გუნდის კიდევ უფრო დაწინარეუბის შანსი. გუნდები ძალიან სწრაფ ტემპში ასპარეზობდნენ და ლამაზ ორმხრივ იერიშებში ეპაექრებოდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ, ასეთ თამაშში ბედმა მასპინძლებს გაუღიმათ - 80-ე წუთზე გურამ კაშიამ უძლიერესი დარტყმით ანგარიში 2-0 გახადა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "არაფერი დავაკელით, რომ მოგვეგო, თუმცა, როგორც ნახეთ, ვერ მოვახერხეთ. ისევ და ისევ ჩვენი შეცდომების გამო დავისაჯეთ. ამ წაგების კიდევ სხვა მიზეზებიც არსებობს - საკმაოდ რთული სათამაშო გრაფიკის გამო, ფეხბურთელებს უკვე დაღლა დაეტყოთ და მოძრაობაში ისეთი მსუბუქები ვეღარ იყვნენ, როგორც სჩვევიათ ხოლმე".
კახა კაჭარავა ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "მეტოქეს ბურთის ფლობის მხრივ დიდი უპირატესობა ჰქონდა, ჩვენ კი მაქსიმალურად გამოვიყენეთ ის შანსები, რაც მოგვეცა თამაშში. რაც ჩვენს გუნდს აკლია, ეს შეუთამაშებლობაა და რაც მეტი ასეთი თამაშები გვექნება, ჩვენთვის და საერთოდ, ეროვნული ჩემპიონატისთვის კარგია".
|
07/11/2009 - ”დინამო” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 2-0 |
დაწვრილებით:
|
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 21 ნოემბერს შინ გამართავს. იმერელთა მეტოქე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, თბილისის საფეხბურთო კლუბი ”ვიტ-ჯორჯია ” იქნება ... |