ინტერვიუ უჩა ლობჟანიძესთან.
სტადიონზე მოსული ქომაგი არ ინანებს
ახლოვდება ეროვნული ჩემპიონატის XIV ტური, რომლის ცენტრალური დაპირისპირებაც ხვალ გაიმართება. ”დინამოსა” და ”ზესტაფონის” მატჩები ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და გამონაკლისი არც ხვალინდელი თამაში იქნება. ეს შეხვედრა ხომ ორივე გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წარუმატებლობის შემთხვევაში, ”ზესტაფონი” ლიდერობას დაკარგავს, ”დინამო” კი ისედაც სათუო საჩემპიონო პერსპექტივას, ფაქტობრივად, ბოლომდე დაკარგავს.
ბუნებრივია, ორივე გუნდის ფეხბურთელები მატჩის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ. მასპინძლებსაც და სტუმრებსაც გამარჯვების იმედი აქვთ. ”ლელო” ”ზესტაფონისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ უჩა ლობჟანიძეს ესაუბრა.
- ბოლო მატჩი ”ზესტაფონმა” ძალიან შთამბეჭდავად ჩაატარა. ელოდი, რომ თასის მეოთხედფინალში ”ვიტ ჯორჯიას” ასეთი უპირატესობით დაამარცხებდით?
- წილისყრამ მეოთხედფინალში საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვარგუნა და აქედან გამომდინარე, ყველანი დიდ ბრძოლას ველოდით. უბრძოლველად ნამდვილად არ მოგვიგია, მაგრამ ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ”ვიტ ჯორჯიას” დამაჯერებლად ვაჯობეთ.
- ანგარიშში სამბურთიანი სხვაობა რამ განაპირობა?
- ვერაფრით წარმოვიდგენდით, რომ ისეთი დისციპლინირებული გუნდი, როგორიც ”ვიტ ჯორჯიაა”, ამდენ უხეშ შეცდომას დაუშვებდა. ჩვენ სრულად ვიყავით კონცენტრირებულნი და საკუთარი შანსები კარგად გამოვიყენეთ. მოკლედ, ”ზესტაფონმა” დამსახურებულად გაიმარჯვა და ჩვენი ქომაგები ლამაზი და შედეგიანი თამაშით გავახარეთ.
- ბევრს ამ წყვილიდან ნახევარფინალისტის ბედი უკვე გადაწყვეტილად მიაჩნია.
- არა, ასე ნამდვილად არაა. ”ვიტ ჯორჯია” ასეთ შეცდომებს აღარ დაუშვებს და ყველანაირად შეეცდება ნახევარფინალში გასვლას. ბუნებრივია, 3:0-ის შემდეგ, ნახევარფინალში გასვლის გაცილებით დიდი შანსი ”ზესტაფონს” აქვს, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განმეორებით მატჩში დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს.
- თასის მეოთხედფინალამდე ბოლნისის ”სიონიც” 3:0 გაანადგურეთ.
- ”სიონი” სულაც არ არის ურიგო გუნდი, მაგრამ დღეისათვის ”ზესტაფონს” გაცილებით მაღალი კლასი აქვს და სწორედ ამის ხარჯზე დაგეგმილი სამი ქულა მშვიდად მოვიპოვეთ.
- გადავიდეთ მოახლოებულ შეხვედრაზე. ალბათ, რთულია დროის მცირე მონაკვეთში ჯერ ”ვიტ ჯორჯიასთან”, შემდეგ კი ”დინამოსთან” დაპირისპირება.
- სასურველი იქნებოდა, ამ მატჩებს შორის უფრო მეტი დრო რომ ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, სხვაგვარად არ ხერხდებოდა. არა უშავს, ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულები და ამ დატვირთვას გავუმკლავდებით. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ”დინამომაც” რთული შეხვედრა ჩაატარა საჩხერეში და ”ზესტაფონთან” შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ნამდვილად არ იქნება.
- ”დინამოსთან” მატჩისთვის მზადების პროცესი როგორ მიმდინარეობს?
- ჩვეულებისამებრ, ზესტაფონში ვემზადებით, თბილისში კი თამაშის წინა დღეს ჩავდივართ. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და ”დინამოს” ოპტიმალური შემადგენლობით შევებრძოლებით.
- სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდება...
- ასეა და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ეს მატჩიც მოვიგოთ. ბუნებრივია, ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ და გამარჯვების ძალაც შეგვწევს.
- ”ზესტაფონის” გამარჯვების შემთხვევაში, ”დინამო” საბოლოოდ ჩამოსცილდება ”ზესტაფონის” კონკურენტთა რიცხვს?
- რთული სათქმელია... წინ სეზონის დიდი ნაწილია დარჩენილი და შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. თუმცა ფაქტია, რომ კიდევ ერთი მარცხი ”დინამოს” კიდევ უფრო დაუმძიმებს მდგომარეობას. ქულების დაკარგვა არც ჩვენს გეგმებში შედის. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი თამაში იქნება, სტადიონზე მოსული გულშემატკივარი არ ინანებს. ორივე გუნდის ფეხბურთელები მათთვის კარგი ფეხბურთის ჩვენებას ვეცდებით.
- ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტებად ვინ მიგაჩნია?
- დღეისათვის, ”ზესტაფონთან” ერთად, ყველაზე შედეგიანად ”ოლიმპი” და ”ვიტ ჯორჯია” თამაშობენ და ამიტომაც მთავარ მეტოქეებად მას დავასახელებდი. ფავორიტთა სიას ”დინამოც” არ უნდა გამოვაკლოთ, რომელიც ალბათ, მალე უფრო შედეგიანად ათამაშდება.
- ”ზესტაფონი” ორივე ფრონტზე წარმატებით თამაშობს და ალბათ, ”დუბლზეც” ფიქრობთ?
- რა თქმა უნდა. ჩვენ ამბიციური გუნდი გვყავს და მიზნად საქართველოს ჩემპიონობასა და თასის მოპოვებას ვისახავთ. ვგრძნობთ, რომ ორივე ტიტულის მოგება შეგვიძლია და ამისთვის დიდი შემართებით ვიბრძოლებთ.
- ბოლოს სანაკრებო ამბებიც გავიხსენოთ. სოფიაში შენც ითამაშე...
- ის მატჩი ჩემთვისაც და ნაკრების ყველა წევრისთვისაც უმძიმესი გასახსენებელია. მომხდარით ყველანი გაოგნებულები ვართ. არაფერი მოასწავებდა იმას, რომ ასე საშინლად გავნადგურებულიყავით. პირადად მე ვერაფრით ამიხსნია, რატომ დაგვემართა ასეთი რამ. ქართველ გულშემატკივრებს მომხდარის გამო ბოდიშს ვუხდი.
- როგორ წარმოგიდგენია საქართველოს ნაკრების მომავალი და ამ გუნდში საკუთარ ადგილს თუ ხედავ?
- იმედი მაქვს, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით უფრო მეტს მივაღწევთ. თუმცა კუპერზე ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. მან ბევრი იშრომა და ცდა არ დაუკლია, რომ საქართველოს ნაკრებს შედეგისთვის მიეღწია. პირადად მე მის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მან მომცა ნაკრებში დამკვიდრების შანსი და ხელი შეუწყო ჩემს პროფესიულ ზრდას. ნაკრებში მოხვედრა კი გარანტირებული არავის აქვს და ძალიან ბევრს ვიშრომებ, ახალმა მწვრთნელმაც რომ მიმიჩნიოს სანაკრებო დონის ფეხბურთელად.
|