04.11.2009

 

 

ინტერვიუ გიორგი ონიანთან.

ორი ტიტულისთვის მებრძოლი.

 

 

გიორგი ონიანი ”ზესტაფონში” რუსთავის ”ოლიმპიდან” გადავიდა, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ძირითად შემადგენლობაშიც სტაბილურად ასპარეზობს. გუნდის მთავარ კოზირად ის შემტევ და ორგანიზებულ ფეხბურთს მიიჩნევს. რას ფიქრობს გიორგი ონიანი გარიგებულ და ჩაწყობილ თამაშებზე და როგორ აფასებს ”ზესტაფონის” წლევანდელ შანსებს.

Goli.ge გთავაზობთ გიორგი ონიანთან ინტერვიუს:

- სანამ ზესტაფონის თემაზე გადავალთ, აუცილებლად მინდა გკითხოთ თასის ფინალში გაუტანელ პენალტზე. რა დაემართა მაშინ გიორგი ონიანს? თქვენ ხომ გუნდის სტაჟიანი პენალტისტი იყავით?

- მაშინ რასაც ვგრძნობდი, იყო საშინელი დაღლილობა. პენალტიც სწორედ მაგიტომ ვერ გავიტანე.

- ”ზესტაფონის” წარმატებებს გეგუჩაძეს უკავშირებენ, თუმცა, გუნდს პროგრესი არა გასულ ჩემპიონატში, არამედ, ევროლიგაზე დაეტყო. რა შეიცვალა წელს? გუნდის წარმატებებს ახალი შემადგენლობა განაპირობებს ?

- პირველ რიგში, ის წარმატებული და კარგი თამაში, რასაც ჯერჯერობით ვაჩვენებთ, მწვრთნელის დამსახურებაა.

- ”ზესტაფონს” ჰყავს ლიდერი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ თამაშის საკუთარ თავზე აღება, თუ გუნდურ თამაშს თამაშობთ ყოველთვის?

- ჩვენს გუნდს, ისევე როგორც თითქმის ყველა გუნდს, ჰყავს ლიდერები. და არა ერთი ლიდერი, არამედ რამოდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელიც თამაშს ალაგებს. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, ეს თამაშიდანაც კარგად ჩანს, თუმცა, წარმატების მიზეზი, არაა ლიდერების ყოლა, არამედ თითოეული ფეხბურთელის პროფესიონალიზმი და დამოკიდებულება საქმისადმი.

- გადახვედი თუ არა ‘ზესტაფონში” მაშინვე ძირითადში მოხვდი. არის თუ არა კონკურენცია გუნდში და უწევთ თუ არა ფეხბურთელებს იმის დამტკიცება, რომ იმსახურებენ ძირითადში თამაშს?

- კონკურენცია არის, რა თქმა უნდა! ესაა კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ გარანტირებული არავის აქვს ძირითადში ადგილი.

- რას თვლით თქვენი გუნდის კოზირად?

- შემტევ და ორგანიზებულ თამაშს... ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, მოვიგოთ თამაშები.

- ეროვნული ჩემპიონატისთვის უცხო არ არის გარიგებული, ჩაწყობილი მატჩები, მითუმეტეს, როცა გამოძიებისთვის გადაცემული ყველა ასეთი საქმე ”თაროზე დევს”?

- ხოდა, საერთო ჯამში, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და მასეთ რაღაცეებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. აი, მაგისთვის ხართ თქვენ - ჟურნალისტები და ის ხალხი, ვისაც ეგ ეხება. ახადეთ ფარდა ყველაფერს, თუ რამე ხდება.

- ”ვიტ-ჯორჯიასთან” ბოლო ოთხი მატჩიდან სამი ჩემპიონების გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ერთი ფრედ, თასის მეოთხედფინალში კი, როგორც იქნა, გარდატეხა მოახდინეთ და დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვეთ. რამ ითამაშა სათასო შეხვედრაში გადამწყვეტი როლი?

- თასის თამაშამდე, მე მხოლოდ ბოლო თამაში ვითამაშე ”ვიტ-ჯორჯიას” წაინააღმდეგ და ის შეხვედრა ჩვენი უპირატესობით მიდიოდა. თუმცა, საბოოლოოდ, მაინც ფრე ვითამაშეთ. თასის შეხვედრაში კი გადამწყვეტი როლი სათამაშო დისციპლინის დაცვამ და მომენტების რეალიზებამ ითამაშა. კიდევ იმან, რომ სწრაფი გოლი გავიტანეთ.

- როგორ შეაფასებთ მეტოქე გუნდის თამაშს, გაგიჭირდათ გამარჯვება?

- თავიდანვე ეტყობოდა, რომ დაცვიდან გვეთამაშებოდნენ და კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშს. ამას ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ, იმიტომ, რომ ყველა გუნდი მასეთი ტაქტიკით გვეთამაშება.

- ორივე ტიტულისთვის აპირებთ ბრძოლას?

- რა თქმა უნდა! ჩვენი მიზანი თავიდანვე ორივე ტიტულისთვის ბრძოლა იყო და ორივე ტიტულის მოგება.

- კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გაკავშირებს. თუ გაჩნდება სხვა კარგი შემოთავაზება, იფიქრებ თუ არა გუნდის დატოვებაზე?

- ჩემთვის აქ თამაში, მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, მისაღებია და თუ რომელიმე გუნდი იქნება ჩემით დაინტერესებული, ეს, პირველ რიგში, გუნდის ხელმძღვანელობასთან უნდა გაარკვიოს.

- ბოლო ტრადიციული კითხვა - იცნობთ თუ არა goli.ge-ს საიტს და თუ სტუმრობთ მას?

- კი, ვიცნობ და ხშირადაც ვსტუმრობ.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გსურვებთ!

იბეჭდება შემოკლებით

მაგდა კლდიაშვილი, www.goli.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005