03.11.2009

 

 

 

ეროვნული თასის მეოთხედფინალის პირველი მატჩი.

 

 

2009 წლის 3 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალური მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” შინ უმასპინძლა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას”.

 

შეხვედრის პირველივე წუთებიდან ზესტაფონელებმა სტუმრები კარს მიაჯაჭვეს. ამან ნაყოფი უკვე 6-ე წუთზე გამოიღო - შოთა გრიგალაშვილის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მურთაზ დაუშვილმა თავით ოდნავ შეუცვალა მიმართულება, საჯარიმოს სიღრმეში კი ”მრგვალ საგანთან” პირველი ჯაბა დვალი აღმოჩნდა და თავითვე გადაგზავნა ის არდალიონ მიქაბერიძის კარის ბადეში. გოლის შემდეგ თამაში დაწყნარდა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ტაიმის ბოლოს კი ზესტაფონელები ისევ ”აფეთქდნენ” და ორწუთიან მონაკვეთში კიდევ ორჯერ დალაშქრეს ვეტერინართა კარი. 38-ე წუთზე ანგარიში ულამაზესი შორეული დარტყმით ბუბა დაუშვილმა გააორმაგა, 39-ზე კი შოთა გრიგალაშვილმა ”მასტერ-კლასი” ჩაატარა და ანგარიში 3-0 გახადა.

მეორე ტაიმში სტუმრებმა სცადეს მატჩის ბედის შემოტრიალება, მათ რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტიეს ზურაბ მამალაძის კარს, თუმცა მასპინძლებმა მშვიდად მიიყვანეს საქმე საბოლოო გამარჯვებამდე. მეტიც, ზესტაფონელთა შემტევებს შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტად რომ ეყოჩაღათ, ანგარიში კიდევ უფრო დიდი გახდებოდა. შედეგად, ზესტაფონელებმა გადადგეს დიდი ნაბიჯი ეროვნული თასის ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე - 3-0 .

მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):

გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "ეს დღეები სულ გადაუღებლად წვიმდა ჩვენთან და მატჩისთვის მზადება ცოტა რთულ პირობებში მოგვიწია. შედეგით და თამაშის ხარისხითაც კმაყოფილი ვარ. პირველ თამაშში რა ამოცანაც გვქონდა დასახული - შევასრულეთ. ვნახოთ, მეორე თამაშსაც დაველოდებით".

 

03/11/2009 - ”ზესტაფონი” - ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) 3-0

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის მატჩს ”ზესტაფონი” 7 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. იმერელთა მეტოქე ქვეყნის 13-გზის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”დინამო” იქნება ...

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005