”ზესტაფონი” ლიდერობას ინარჩუნებს.
2009 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩები. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს”.
მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წაიმართა, რაც ანგარიშზეც შესაბამისად აისახა - ანგარიშის გახსნა 18-ე წუთზე ჯაბა დვალმა მოახერხა. მანვე 26-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა, ხოლო 38-ეზე თორნიკე აფციაურის გოლით ზესტაფონელთა უპირატესობა შთამბეჭდავიც გახდა.
მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა - ზესტაფონელთა უპირატესობა ისევ აშკარა იყო. მასპინძლებმა რამდენიმეჯერ სახიფათო მომენტებიც შეჰქმნეს ბოლნისელთა კართან, მაგრამ პირველი ტაიმის ანგარიში აღარ შეცვლილა. მატჩი ზესტაფონელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა.
მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენი მხრიდან კარგი თამაში გამოვიდა. სრულად ვაკონტროლებდით სიტუაციას და სანახაობრივი თვალსაზრისით მაყურებელმაც ისიამოვნა. კარგმა თამაშმა სამი ქულა მოგვიტანა და შედეგით ბუნებრივია კმაყოფილი ვარ. მართალია მეორე ნახევარში გოლი არ გაგვიტანია, მაგრამ ეს არაფერია. თამაში კვლავ ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. გარკვეული გადაადგილებები მოვახდინეთ, ტაქტიკური სიახლეების განხორციელება გვაინტერესებდა და ბურთზე კონტროლი არ დაგვიკარგავს. კონკურენტების თამაშის შედეგი ვიცი, მაგრამ მე მხოლოდ მაშინ ვარ კმაყოფილი, როდესაც საკუთარი წარმატების ხარჯზე ვაღწევთ წარმატებას და არა მეტოქეთა მიერ დაკარგული ქულების წყალობით".
სამშაბათს, 3 ნოემბერს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონს, თბილისის ”ვიტ-ჯორჯიას” უმასპინძლებს. რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, მეთოთხმეტე ტურის მატჩს გუნდი 7 ნოემბერს თბილისში გამართავს. იმერელთა მეტოქე ქვეყნის 13-გზის ჩემპიონი და ეროვნული თასის მოქმედი მფლობელი, თბილისის საფეხბურთო კლუბი ”დინამო” იქნება ... |