|        გასვლითი მატჩი გაგრელებთან.      2009 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის  მატჩები. თბილისში, ”ამერის” სტადიონზე,  ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი საფეხბურთო კლუბი  ”ზესტაფონი”  ესტუმრა  საფეხბურთო კლუბს ”გაგრას”.
   თბილისურ შეხვედრას,  სხვა მაყურებელთან ერთად, ”ზესტაფონის” ფან-კლუბის  100-მდე წარმომადგენელიც დაესწრო - ”ზოროებმა” 90 წუთის განმავლობაში მხურვალედ უქომაგეს თავიანთ გუნდს. მატჩის  პირველი ნახევარი სტუმართა კარნახით წარიმართა -  ანგარიშის გახსნა 23-ე წუთზე თორნიკე აფციაურის უზუსტესი გადაცემის შემდეგ ნიკოლოზ გელაშვილმა მოახერხა. ამის შემდეგ ზესტაფონელებს რამდენიმე ეპიზოდში მართებდათ გოლის გატანა, თუმცა, ტაიმი მარგველთა მხოლოდ მინიმალური უპირატესობით 1-0 დასრულდა.   მეორე ტაიმის დასაწყისში   ზესტაფონელებს მიეცათ გაგრელთა კარის აღების დიდებული შანსი, მაგრამ ნიკა გელაშვილმა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის რეალიზება ვერ შეძლო. სტუმრები კვლავაც აგრძელებდნენ სახიფათო მომენტების შექმნას გაგრელთა კართან, მაგრამ პირველი ტაიმის ანგარიში საბოლოოდ აღარ შეცვლილა. ზესტაფონელთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.   მატჩის შემდეგ (www.geosports.ge): კახაბერ კარანაძე ("გაგრას" მთავარი მწვრთნელი): "ძირითადის ფეხბურთელები გვაკლდა – ხორგუაშვილი, პავლიაშვილი, რაქვიაშვილი, ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობით ვითამაშეთ და ამან იქონია გავლენა. გაბედავა ხშირად მარტო რჩებოდა შეტევაში, ამის მიზეზიც გამოუცდელობაა ფეხბურთელებისა, ვერ ეხმარებიან თავდამსხმელს". გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): „ძალიან ბევრი კარგი მომენტი შექმნეს ფეხბურთელებმა, მაგრამ მხოლოდ ერთის გამოყენება შეძლო გელაშვილმა. სამწუხაროდ, მანვე ვერ დაარტყა ზუსტად თერთმეტმეტრიანი. იოლი თამაში არ ყოფილა“. თორნიკე აფციაური („ზესტაფონის“ ფეხბურთელი): „ახალგაზრდული და მებრძოლი გუნდია, ძალიან ბევრს მოძრაობენ. პირველი გოლის შემდეგ, საკმაოდ თავდაჯერებულად ვიგრძენით თავი, პენალტი რომ გამოგვეყენებინა გაცილებით უკეთ წარიმართებოდა შეხვედრა“. გიორგი გაბედავა („გაგრას“ ფეხბურთელი): „ზესტაფონი“ ძლიერი გუნდია და მასთან ყველას უჭირს თამაში. ვფიქრობ, ლოგიკური შედეგით დასრულდა შეხვედრა, ჩვენ არ მივეცით დიდი ანგარიშით მოგების საშუალება“.  ". საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრას  საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 30 ოქტომბერს შინ გამართავს. იმერელთა მეტოქე ბოლნისის საფეხბურთო კლუბი ”სიონი ” იქნება ... |