13.10.2009

 

 

ინტერვიუ ირაკლი ძარიასთან.

წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშოთ.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელი თამაშობს. მათ რიგებს მიეკუთვნება შემტევი ტიპის ნახევარმცველი ირაკლი ძარია, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში ჩემპიონ ”ვიტ ჯორჯიას” კარი დალაშქრა და ”ზესტაფონი” მარცხისგან ისხნა. როგორ აფასებს ”ზესტაფონის” საჩემპიონო შანსებს ირაკლი ძარია და რას პირდება ის გულშემატკივარს? ”Goli.ge” გთავაზობთ ირაკლი ძარიასთან ინტერვიუს

- დასრულდა XXI ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე. ”ზესტაფონმა” ჩემპიონატის ეს ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა, შენ თამაშს როგორ შეაფასებდი? 

- ჩემი თამაშით კმაყოფილი ბოლომდე არასდროს ვარ. რაც შეეხება გუნდის თამაშს, მოედანზე შესანიშნავად ვუგებთ ყველანი ერთმანეთს და ეს შედეგშიც აისახება.

-  ”ზესტაფონის” ფეხბურთელების უმრავლესობა ჩასულები ხართ ზესტაფონში, რამდენად ადვილია იქ ცხოვრება და როგორ ერთობით ზესტაფონის ფეხბურთელები თავისუფალ დროს?

- ზესტაფონში ცხოვრებას რაც შეეხება, გასართობად არ ვართ იქ ჩასულები, ყველანი პროფესიონალები არიან გუნდში და თამაშისთვის მზადებას ვუთმობთ დროს, ისე ერთად ვართ ყველანი და ვერთობით შეძლებისდაგვარად.

-  ევროპის ლიგაზე ”ზესტაფონი” ყველაზე კარგად გამოვიდა ქართული კლუბებიდან. შინ წაგებული მარცხის მიუხედავად, გასვლაზე შვედეთში თქვენ იგებდით 0:2-ს, თუმცა, დამატებით დროში მაინც წააგეთ. რისი ბრალი იყო ეს, რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი?

-  რაც შეეხება ევროლიგას, შესანიშნავი შანსი გვქონდა მესამე ეტაპზე გავსულიყავით, მაგარამ ბოლო წუთზე დასანანი გოლი გავუშვით და გარდატეხა ვეღარ შევიტანეთ, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ არავის ჩამოვუვარდებით კლასით და ყველასთან შეგვიძლია თამაში.

-  მიმდინარე ჩემპიონატში უკვე ორჯერ შეხვდით ”ლოკომოტივს” და ძალიან გაგიჭირდათ მოგება, პირველი მატჩი კი ზესტაფონში გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. რატომ ვერ იგებთ ისეთ გუნდებთან ან ვერ იგებთ დიდი ანგარიშით, სადაც ფავორიტებად მოიაზრებით თქვენ, ”ლოკომოტივი” და ”სიონი” ამის კარგი მაგალითებია, მაშინ როდესაც, ”დინამოს” დიდი ანგარიშით მოუგეთ?

- ”დინამოსთან” გახსნილი თამაში იყო და იმიტომ გამოვიდა სანახაობრივი და უხვგოლიანი. რაც შეეხება ”ლოკომოტივთან” თამაშს, უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენთ და ამის ბრალი იყო დაკარგული ქულა, მაგრამ მეორე მატჩში მაინც მივაღწიეთ წარმატებას და გავიმარჯვეთ, ძნელია თამაში ისეთ გუნდებთან, რომლებიც 90 წუთი საკუთარ საჯარიმოში არიან და კარს იცავენ.

-  ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად წლევანდელ ჩემპიონატში?

-  მთავარ კონკურენტად მოქმედი ჩემპიონი ”ვიტ ჯორჯია”, ”დინამო” და ”ოლიმპია”, ამ გუნდებთან თამაში პრინციპულია, ისევე როგორც ყველა გუნდთან. წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი.

- ტრადიციული კითხვა –თუ იცნობთ Goli.ge-ს საიტს და თუ სტუმრობთ მას?

-  კარგი საიტია, ხშირად ვერ შემოვდივარ, მაგრამ გამოვასწორებ აუცილებლად.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!

 

დიმა ნებიერიძე, Goli.ge"
   
FC ZESTAFONI © 2005