10.10.2009

 

 

 

ამხანაგური მატჩი აზერბაიჯენელებთან.

 

 

2009 წლის 10 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა ამხანაგური შეხვედრა. ზესტაფონელთა მოწინააღმდეგე გახლდათ აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდი, სუმგაითის საფეხბურთო კლუბი ”სტანდარდი”.

 

შეხვედრა აზერბაიჯანულ გუნდთან თბილისში, ”ამერის” სტადიონზე გაიმართა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იმერულ გუნდს სხვადასხვა ნაკრებში გამოძახებისა და ტრავმების გამო ერთბაშად 4 (!) გოლკიპერი აკლდა. ასეთ ვითარებაში გია გეგუჩაძემ ზესტაფონელთა კარის დაცვა გუნდში გასინჯვაზე მყოფ ახალგაზრდა მეკარე სოსო ორბელაძეს დაავალა. ამასთან, ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული 6 ფეხბურთელის არყოფნას ირაკლი ძარიას ტრავმაც დაემატა და გუნდს საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით მოუხდა სუმგაითელებთან პაექრობა.

ზესტაფონელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ორბელაძე, ბენაშვილი, ონიანი, გორგიაშვილი (კაჭკაჭიშვილი, 46), ელიავა (ამაშუკელი, 58), ცხადაია (გეწაძე, 55), გრიგალაშვილი (მაკარიანი, 58), აფციაური (ჭანკოტაძე, 58), კორღალიძე (იონანიძე, 58), ნ. კვასხვაძე, დვალი (წინამძღვრიშვილი, 59).

თავად შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი და შედეგიანი გამოდგა - სტუმრები 16-ე წუთზე აგილ მამედოვის მიერ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით დაწინაურდნენ, მაგრამ ზუსტად 2 წუთში ასეთივე სტანდარტული მდგომარეობიდან ჯაბა დვალმა ანგარიში გაჰქვითა. ქართველებს მართებდათ პირველივე ტაიმის სათავისოდ დასრულება, მაგრამ იმავე ჯაბა დვალმა, ლევამ კორღალიძემ და ნიკა კვასხვაძემ შერ გამოიყენეს სახიფათო მომენტები.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები სოლიდური უპირატესობით დაწინაურდნენ - 49-ე წუთზე რიჩარდ რიკელმეს და 51-ეზე ფარიდ გულიევის ზუსტი თავურებით ანგარიში 1-3 გახდა. 55-59 წუთების ინტერვალში ზესტაფონელთა დამრიგებელმა ერთბაშად 6 ფეხბურთელი გამოცვალა და სწორედ ამის შემდეგ მოედანზე განვითარებული მოვლენები იმერლების კარნახით განვითარდა. 57-ე წუთზე ჯაბა დვალმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, 63-ე წუთზე გიორგი ონიანმა მესამედ აიღო სუმგაითელთა კარი. ამის შემდეგ კი (76-ე და 83-ე წუთები) ”დუბლით” თავი რატი წინამძღვრიშვილმა გამოიჩინა. ბოლო წუთები საინტერესო იმითაც გახლდათ, რომ ორივე გუნდმა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმები ვერ გამოიყენა - 82-ე წუთზე სოსო ორბელაძემ აგილ მამედოვის დარტყმა მოიგერია, ხოლო 85-ე წუთზე კი ზურაბ იონანიძემ წააგო ”დუელი” აზერბაიჯანელთა გოლკიპერ ანარ ნაზიმოვთან .

 

10/10/2009 - ”ზესტაფონი” - ”სტანდარდი” (სუმგაითი, აზერბაიჯანი) 5-3


საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 18 ოქტომბერს შინ გამართავს. იმერულ დერბიში მარგველთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ”სამტრედია ” იქნება ...

 

'
   
FC ZESTAFONI © 2005