”ზესტაფონმა” მასტერ-კლასი ჩაატარა.
2009 წლის 7 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მწვრთნელებმა, გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი გეგუჩაძეს ხელმძღვანელობით, ჩაატარეს მასტერ-კლასი თემაზე: ”1992, 1993 და 1994 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა ტექნიკური მომზადება”.
დღეს დილით გამართული ღონისძიება მიზნად ისახავდა 1992, 1993 და 1994 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა მომზადების საკითხებზე ყველა დაინტერესებული პირის კვალიფიციურ ინფორმირებას. სწავლება გაიმართა ზესტაფონის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე (ფეროშენადნობთა ქარხნის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია) და მასში მიიღეს მონაწილეობა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” 1993 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდის წევრებმა.
მასტერ-კლასის ჩატარებაში გიორგი გეგუჩაძეს ეხმარებოდნენ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მწვრთნელები: ხვიჩა ქასრაშვილი, გიორგი ჭიაბრიშვილი, დავით ჯანელიძე, ალექსანდრე ალექსეევი, მალხაზ ღონღაძე, რევაზ ნაჭყებია, თამაზ გაბრიჭიძე და გურამ მაზმიშვილი. საინტერესოა, რომ ღონისძიებას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა-გაზიარება გახლდათ, დაესწრნენ ჭაბუკ ფეხბურთელებთან მომუშავე მწვრთნელები, რომლებიც წარმოადგენდნენ ზესტაფონისა და მეზობელი რაიონების საფეხბურთო თემებს.
დღევანდელი ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალის სანახავად დააჭირეთ აქ:
დღეს გამართული სწავლების გარდა იგეგმება მასტერ-კლასის ჩატარება შემდეგ თემებზე: ”1992, 1993 და 1994 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა ტაქტიკური მომზადება”, ”1992, 1993 და 1994 წლებში დაბადებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა ფიზიკური მომზადება” და ”1992, 1993 და 1994 წლებში დაბადებულ ჭაბუკ მეკარეთა მომზადება”. ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მეცადინეობათა ჩატარების თარიღს გაცნობებთ დამატებით.
|