07.10.2009

 

 

ინტერვიუ გიორგი ხიდეშელთან.

ირლანდიაში მხოლოდ მოსაგებად.

 

 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წუხელ გაფრინდა ირლანდიაში, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ჩაატარებს. როგორც იცით, ჩვენმა გუნდმა ტურნირი ესტონეთში განცდილი მარცხით დაიწყო, რასაც ზესტაფონში თურქების განადგურება მოჰყვა. ამან ქართველ ახალგაზრდებს საკუთარი თავის რწმენა გაუათკეცა. თუკი ქვეჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს ვაჯობეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან გვაქვს შანსი. ნაკრების წევრები ერთხმად აცხადებენ, რომ ირლანდიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. ოპტიმისტურადაა განწყობილი ”ზესტაფონისა” და ახალგაზრდული ნაკრების მცველი გიორგი ხიდეშელი.

- თურქეთთან მოგება ჩვენი გუნდისთვის გარდამტეხი მომენტი იყო. ესტონეთში განცდილმა დასანანმა მარცხმა რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო, მაგრამ ძალები მოვიკრიბეთ და რამდენიმე დღეში ქართველი გულშემატკივარი ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვებით გავახარეთ. თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ შრომა უნდა გავაგრძელოთ და საკუთარ შესაძლებლობებზე გადამეტებული წარმოდგენა არ შეგვექმნას. მინდა გულშემატკივარი დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ასეთი რამ არ გვემუქრება. ირლანდიასთან რთული შეხვედრა გველის, მაგრამ აუცილებლად გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. სასიხარულოა, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა, მხოლოდ ამირან სანაია დაგვაკლდება დისკვალიფიკაციის გამო. კარგია, რომ ეროვნული ნაკრებიდან ლევან ყენია, ჯანო ანანიძე და მათე ვაწაძე დაგვემატებიან.

- ოთარ გაბელიასგან გუნდმა რა კონკრეტული დავალებები მიიღო?

- თეორიული მეცადინეობა წინაა და კონკრეტული ამოცანების შესახებ იქ იქნება საუბარი. ამთავითვე ნათელია, რომ ირლანდიაში მოსაგებად მივდივართ და დარწმუნებული ვარ, მწვრთნელი გამარჯვების რეცეპტს შეიმუშავებს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფრე დიდი ვერაფერი შენაძენი იქნება, მხოლოდ სამი ქულა გვაძლევს ხელს. თბილისში ნაყოფიერად ვივარჯიშეთ, თამაშისთვის მოსამზადებლად და ადაპტაციისთვის დრო ირლანდიაშიც გვექნება, რაც ძალიან აუცილებელია. დანიასთან ამხანაგურ მატჩსაც სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდებით, უბრალოდ, მანამდე გაცილებით სერიოზული ბრძოლა გველის და ყველანი ამაზე ვართ კონცენტრირებულნი.

- თქვენი თამაში დაცვაშიც გვახსოვს და ნახევარდაცვაშიც, თუმცა ბოლო პერიოდში სისტემატურად უკანა ხაზზე გხედავთ. ნაკრებშიც ამ პოზიციაზე ითამაშებთ?

- დაცვაში მირჩევნია და საბედნიეროდ, მწვრთნელებიც ასე ფიქრობენ. ”ზესტაფონშიც” და ახალგაზრდულ ნაკრებშიც ბოლო დროს სულ მცველი ვარ და ირლანდიაშიც ასე იქნება. როგორც ჩანს, ამ პოზიციაზე უფრო შედეგიანად ვთამაშობ. მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში სისტემატურად მცველის ფუნქციებს ვასრულებ და საჭირო თვისებები კიდევ უფრო დავხვეწე. ამაში გია გეგუჩაძეს დიდი წვლილი მიუძღვის, ”ზესტაფონს” მისი ხელი უკვე აშკარად ეტყობა და დარწმუნებული ვარ, გუნდი მალე კიდვე უფრო გაძლიერდება.

- საკუთარი ფორმით კმაყოფილი ხართ?

- ვგრძნობ, რომ კიდევ უკეთ შემიძლია თამაში, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ პროგრესი მაქვს. ბუნებრივია, სრულყოფილებამდე შორია, მაგრამ ისეთ გარემოში ვარ, რომ ყველანაირი პირობა მაქვს წინსვლისთვის. ნაკრებშიც და კლუბშიც დიდ ნდობას ვგრძნობ, რაც ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

- ირლანდიელთა შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ?

- სამწუხაროდ, მათი თამაშის დისკი დაგვიანებით ჩამოგვივიდა და ჯერ არ გვინახავს. იმედია, მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეების შესწავლას მაინც მოვასწრებთ. ალბათ, ირლანდიელთა სტილი ჩვენთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდება. სავარაუდოდ, ისინი ბრიტანულ ყაიდაზე, ძალისმიერ სტილში ითამაშებენ და მეორე სართულზე შეეცდებიან ჩვენთვის პრობლემების შექმნას. სიმაღლე ხელს მიწყობს და საჰაერო ორთაბრძოლებშიც და სხვა ეპიზოდებშიც თავს არ დავზოგავ. ირლანდია ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი მეტოქე, მაგრამ ჩვენ საკუთარი თავის და ქართველი ქომაგის გახარებისა გვჯერა.

 

ლევან ჯანეზაშვილი , გაზეთი ”ლელო”"
   
FC ZESTAFONI © 2005