03.10.2009

 

 

 

მეორე წრის წარმატებული სტარტი.

 

 

2009 წლის 3 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეათე ტურის პირველი მატჩი. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს ”ლოკომოტივს”.

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა კარნახით წარიმართა. ანგარიშის გახსნა ნიკოლოზ გელაშვილს, გიორგი ხიდეშელს, ჯაბა დვალსა და თორნიკე აფციაურს შეეძლოთ, მაგრამ, სტუმართა დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ტაიმი უგოლოდ 0-0 დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებშიც ზესტაფონელებს მიეცათ რკინიგზელთა კარის აღების რამდენიმე შანსი. თავის გამოჩენა ისევ ნიკა გელაშვილს, ჯაბა დვალს, ორჯერ თორნიკე აფციაურს და შოთა გრიგალაშვილს შეეძლოთ, მაგრამ ბურთი ”ჯიუტად” არ შედიოდა თბილისელთა კარში. ის, რის გაკეთებაც მარგველთა შემტევებმა ვერ მოახერხეს, 70-ე წუთზე მცველმა გიორგი ონიანმა შეძლო - თორნიკე აფციაურის ჩამოწოდებულს მან მიმართულება ოდნავ შეუცვალა და ბურთი ლოკომოტივის კარის ბადეში გაახვია. მალევე ჯაბა დვალსა და ნიკა გელაშვილს მართებდათ მეორე გოლის გატანა, მაგრამ ”ლოკომოტივის” მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ ბრწყინვალე რეაქციით ამ ეპიზოდშიც გამოიჩინა თავი. 81-ე წუთზე თორნიკე აფციაურის შორიდან გასროლილმა ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუქროლა მასპინძელთა კარს. მატჩის ბოლო წუთზე გოლის გატანა ისევ ჯაბა დვალს შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ოდნავ ასცდა ქვილითაიას კარს. ზესტაფონელთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.

მატჩის შემდეგ (www.geosports.ge):

გელა სანაია ("ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი): " ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი გარკვეული ქულების აღება და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ჩემი გუნდი ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული და არ არის გამორიცხული შევძლოთ იმ ფეხბურთის თამაში, რომლისკენაც მივისწრაფვით. დღევანდელ მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გამოცდილება გვაკლია. მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია. დღეს ჩვენ საქართველოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ, ჩვენის მხრივ კი მონდომება და ძალისხმევა არ დაგვიკლია".

გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "რთულია ჩამჯდარ გუნდთან ფეხბურთის თამაში, მითუმეტეს დიდი ძალებით რომ იცავს კარს და წინ შეტევაზე არ მიდის. ჩვენ თუ სწრაფ გოლს ვერ გავიტანდით, მაშინ შეტევებზე უნდა გვეთამაშა გეგმაზომიერად, ზეწოლის ხარჯზე, ასეც მოხდა ჩვენი მთავარი მიზანი 3 ქულის აღება იყო და ასეც გამოვიდა".

მაქსიმე ქვილითაია („ლოკომოტივის“ მეკარე):გამოცდილებამ თავისი ქნა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ მათთვის წინააღმდეგობა გაგვეწია. დამსახურებულად გაიმარჯვეს“.

გიორგი ონიანი („ზესტაფონის“ ფეხბურთელი): თამაში ძალინ მძიმე იყო, მათთან პირველ შეხვედრაში ვერ მივაღწიეთ სასურველ შედეგს, დღეს კი ბევრი შანსი მოგვეცა, მაგრამ ხოლოდ ერთი ვაქციეთ რეალურად და ლიდერის პოზიცია შევინარჩუნეთ“.

ჯაბა დვალი („ზესტაფონის“ ფეხბურთელი): დაძაბული თამაში იყო, ყველას გვახსოვს პირველი თამაში „ლოკომოტივთან“ ფრედ ვითამაშეთ, დღესაც რთული მატჩი გამოვიდა. 1:0 ძლივს მოვიგეთ და სასიხარულოა, რომ პირველი ადგილზე ვართ გათამაშების ცხრილში“.

 

03/10/2009 - ”ლოკომოტივი” - ”ზესტაფონი” 0-1

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 17 ოქტომბერს შინ გამართავს. იმერულ დერბიში მარგველთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ”სამტრედია ” იქნება ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005