02.10.2009

 

 

ინტერვიუ ილია კოკაიასთან.

”მინდა, ზვიად სიჭინავას წარმატება ვუსურვო” ...

 

 

გთავაზობთ ნაწყვეტს ჟურნალისტ მერაბ მამულაშვილის პუბლიკაციიდან ”დახურულ ყრილობაზე შეპარული ჟურნალისტის ჩანაწერები”, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ ”ლელოში” 2009 წლის 2 ოქტომბერს:

 

ილია კოკაია, "ზესტაფონის" პრეზიდენტი: "მინდა, ზვიად სიჭინავას წარმატება ვუსურვო! ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი აზრები 90 პროცენტით მაინც ემთხვევა ერთმანეთს. ვეთანხმები ვეტერან ფეხბურთელებს, რომ ფეხბურთს პროფესიონალები უნდა მართავდნენ. თუმცა ვინც ფეხბურთში ფულს აბანდებს, ისიც დასაფასებელია. ჩვენი გადმოსახედიდან პროგრესის გზა სხვაგვარად ჩანს. სანამ ქართული ფეხბურთი ადმინისტრაციული წნეხისგან არ გათავისუფლდება, მანამდე არაფერი გვეშველება. სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას მწვრთნელს არ უნდა უნიშნავდეს და მიმართულებას არ უნდა კარნახობდეს - მხოლოდ ფული გამოყოს და მისი ხარჯვა გააკონტროლოს. ვერ დავეთანხმები მურთაზ ხურცილავას - ბოლნისში მომხდარი ფაქტი გამოსაძიებელია, მაგრამ ხელის დარტყმა და ცემა პროკურატურის გასარკვევი საქმეა. რა დასამალია და, მსაჯებისთვის მეც ბევრჯერ მიგინებია, მაგრამ ცემა-ტყეპა მეტისმეტია. ეს თუ დღეს არ აღვკვეთეთ, ხვალ ჩვენც გაგვლახავენ. რომელი ჩვენგანია დაცული?

რეგიონებების პრობლემა ახსენეს - სახელმწიფომ უნდა მიხედოსო. მე კიდევ გეტყვით - მეტი იმუშავეთ ბიზნესმენებთან და ფეხბურთით დაააინტერესეთ. მე პირადად, ფეხბურთით უფროსმა ნოდარ ახალკაცმა დამაავადა, როცა ინგლისი-საქართველოს შეხვედრაზე მიმიწვია. ფეხბურთს სულ სხვა თვალით შევხედე. რატომ არის რეგიონებში ფეხბურთი ჩამკვდარი? იმიტომ, რომ ბიზნესმენები დაინტერესებულები არ არიან. ახლა ბევრი ამბობს, რომ სახელმწიფომ რაც შეიძლება მეტი გუნდი უნდა დააფინანსოს. კიდევ ერთი სახელმწიფო გუნდი რაში გვჭირდება? დროა გავიგოთ, რომ ეს სიმახინჯეა, უეფა და ფიფა სწორედ კერძო სტრუქტურის დამკვიდრებისკენ მოგვიწოდებს. ბატონ ზვიადსაც მოვუწოდებ, კერძო სტრუქტურის გაძლიერებას შეუწყოს ხელი. სახელმწიფოს დაინტერესება კარგია, მაგრამ... ვისურვებდი, ეს იყოს ბოლო ვადამდელი არჩევნები. ალბათ, საქართველოში ამდენი სიარულით ბატონი მიფსუდიც ძალიან დაიღალა".

 

მერაბ მამულაშვილი, გაზეთი "ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005