ინტერვიუ ნიკა გელაშვილთან.
დასამახსოვრებელი „დინამოსთან“ მოგება იყო .
შარშან, როცა ნიკა გელაშვილი მე–20 ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, Geosports.ge-სთან თავისი დამოკიდებულება ამ ფაქტზე ასე გამოხატა:
„ძალიან ბედნიერი ვარ. მე-3 ჩემპიონატია, რაც ვთამაშობ უმაღლეს ლიგაში. ყოველთვის პირველი წრის ბომბარდირი ვხდებოდი, მეორე წრეში რაღაც მიზეზების გამო ვერ ვთამაშობდი. ერთხელ B ლიგაში ვიყავი გასული, მერე ფეხი მოვიტეხე. ჩემი ოცნება იყო საფეხბურთო კარიერის დასაწყისში ბომბარდირი გავმხდარიყავი, რადგან ისტორიაში იწერება. ძალიამ გახარებული ვარ“.
„ზესტაფონის“ ფორვარდს 21–ე ეროვნულ ჩემპიონატშიც აქვს საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოპოვების შანსი, მას უკვე 6 გოლი აქვს გატანილი (ერთი პენალტით), „გაგრას“ ფეხბურთელი გიორგი გაბედავა ზესტაფონელს მხოლოდ ერთი გოლით უსწრებს.
- ნიკა, წელსაც ხომ არ აპირებ შარშანდელი შედეგის გამეორებას?
- დიდი სურვილი მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბომბარდირი გავხდე.
- ხვალ „ბაიას“ სტუმრობთ, რას მეტყვი ამ შეხვედრაზე?
- ძალიან ცუდი მინდორია და თამაში გართულდება, მაგრამ ჩვენ 3 ქულის ასაღებად ბოლომდე დავიხარჯებით და მაქსიმუმს გავიღებთ. მეტოქეც ეცდება იგივე გააკეთოს, მაგრამ ჩვენ მოსაგებად მივდივართ.
- წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ კლუბთან – „ოლიმპთან“ გქონდათ წინა ტურში შეხვედრა, შენ თამაშში დუბლი შეასრულე, რა ხდებოდა მოედანზე?
- ძალიან დაძაბული მატჩი იყო. ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვების მოპოვება, რაც ვერცერთმა მოახერხა. დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, არადა შეგვეძლო...
- ზოგადად ჩემპიონატის მიმდინარეობაზე რას მეტყვი?
- დაძაბული ჩემპიონატია, რაც ძალიან კარგია. ყველა გუნდი ძლიერია და დიდ კონკურენციას უწევს მეტოქეებს. ვერცერთთან გაიმარჯვებ უბრძოლველად. 3 ქულის მოპოვება ცხრავე კლუბთან ძალიან რთულია.
- რომელი იყო ყველაზე გამორჩეული შეხვედრა დღემდე გამართულიდან?
- დასამახსოვრებელი იყო „დინამოსთან“ მოგება დიდი ანგარიშით. თუმცა ყველა თამაშს ჰქონდა დადებითი და უარყოფითიც.
- „ზესტაფონს“ ჩემპიონობის რეალურ კანდიდატად ბევრი თვლის, შენ რას ფიქრობ?
- ჩვენი დიდი სურვილია ასე იყოს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. იოლად არავინ მოგცემს ჩემპიონის ტიტულს, დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება. ჩვენ თავს არ დავზოგავთ.
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რაც შეეხება, ოქტომბერში 2 შეხვედრა გვაქვს, იმედია, გიხილავთ შემადგენლობაში. ბოლო დროს ჟურნალისტები კუპერს ხშირად უსვამენ კითხვას შენი გამოძახების თაობაზე...
- იმედია, ასე იქნება, ყველაფერს დამსახურება უნდა, თუ ჩათვლის საჭიროდ გამომიძახებს კიდეც.
ბადრი კეთილაძის ფოტო |