ლიდერთა ჯახი.
2009 წლის 25 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩები. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა მიმდინარე ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს, რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპს”.
ლიდერთა შეხვედრამ გაამართლა ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივართა და სპეციალისტთა მოლოდინი. პირველივე წუთიდან მინდორზე გაჩაღდა ნამდვილი ბრძოლა მოედნის ყოველი მონაკვეთისთვის. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში (52-ე წუთი) კი სტუმრები დაწინაურდნენ - ანდერსონ აკინოს მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას ზესტაფონელთა კარის ბადეში ვალერი აბრამიძემ მიუჩინა ადგილი. ზესტაფონელებმა რუსთაველებს ზუსტად წუთნახევარში უპასუხეს - თორნიკე აფციაურმა ნიკა გელაშვილი მეკარე ჭანტურიასთან პირისპირ დატოვა და იმერელთა ფორვარდმა თავის საქმე ბრწყინვალედ შეასრულა . 70-ე წუთზე წინ ისევ სტუმრები გავიდნენ - ზურაბ მამალაძეს მიერ უხერხულად მოგერიებულ ბურთთან პირველი გიორგი ჭედია გაჩნდა და სტუმრები ისევ დააწინაურა. ანგარიშის გასათანაბრებლად ნიკა გელაშვილს ამჯერად 4 წუთი დასჭირდა - ლევან კოღღალიძემ ზესტაფონელთა ბომბარდირი ისევ დატოვა გიორგი ჭანტურიასთან პირისპირ და ნიკამ მახვილი კუთხიდან მიმდინარე ჩემპიონატში თავის მეექვსე გოლი გაიტანა. შეხვედრის ბოლო წუთებზე დაძაბულობამ მოედნიდან უეცრად ტრიბუნებზე გადაინაცვლა - ზესტაფონურ მატჩზე სტუმრად მყოფმა ბოლნისის ”სიონის” მეკარეთა მწვრთნელმა დავით ასლანაძემ, რომელიც საპატიო სტუმრებისათვის განკუთვნილ სექტორში იმყოფებოდა, მასპინძელთა გულშემატკივრებს სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა, რასაც გულშემატკივართა მხიდან შესაბამისი რეაქციაც მოჰყვა. ამის შემდეგ ზედმეტად აქტიური ”მოღვაწის” სტადიონიდან ”სამმშვიდობოს” გაყვანა პოლიციელებს მოუხდათ. რაც შეეხება მინდორზე განვითარებულ მოვლენებს, გამარჯვების მოპოვება ორივე მხარეს შეეძლო, თუმცა საბოლოოდ საბრძოლო ფრე - 2-2 დაფიქსირდა.
მატჩის შემდეგ ( გაზეთი "ლელო"):
ოთარ კორღალიძე ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): "რაც ახალი სეზონი დაიწყო, პირადად მე ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ვიხილე. ვიცოდი, რომ სანახაობრივი თამაში იქნებოდა, რადგან ”ოლიმპიცა” და ”ზესტაფონიც” ძლიერი და შემტევი გუნდები არიან. მსაჯები რომ არ გვიშლიდნენ ხელს, ჩვენ ფეხბურთის თამაში კარგად შეგვიძლია. მიმაჩნია, რომ ”ზესტაფონის” მეორე გოლისას ჯარიმა არ იყო დასანიშნი... რაც შეეხება საკამათო ეპიზოდს, არ დამინახავს, გოლი იყო თუ - არა, მწვრთნელის სკამიდან ეს ეპიზოდი კარგად არ ჩანდა... საერთო ჯამში, სამართლიანი ფრე დაფიქსირდა და გუნდის გარჯით უკმაყოფილო არა ვარ, თანაც ლიდერობა შევინარჩუნეთ (?! - რედ.)".
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "საინტერესო და ლამაზი თამაში გამოვიდა, ხისტი ბრძოლებით, რაც ჩვენი პირველობისთვის დამახასიათებელი არ არის. მთავარია, ეს სიხისტე უხეშობაში არ გადაზრდილა, ამან თამაშს მეტი ხიბლიც კი შესძინა. მატჩამდე 3 ქულას ვგეგმავდით, მაგრამ ორჯერ მდევრის როლში აღმოვჩნდით და აქედან გამომდინარე, ფრე დადებით შედეგად უნდა მივიჩნიოთ. მეორე გოლის შემდეგ ფეხბურთელებს შევამჩნიე, რომ იმის ძალა შესწევდათ, გამარჯვებისთვის ებრძოლათ და ეს ძალიან მახარებს. საბოლოოდ, სამართლიანი ფრე დაფიქსირდა. თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, შედეგით კი რა თქმა უნდა, არა".
|
25/09/2009 - - ”ზესტაფონი” - ”ოლიმპი” (რუსთავი) 2-2 |
დაწვრილებით:
|
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 29 სექტემბერს ზუგდიდში გამართავს. იმერელთა მეტოქე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ”ბაია” იქნება ...
|