ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.
მემკვიდრეობა, რომელიც აუცილებლად დარჩება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” შეფობამ ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა, როცა მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაძე მოიწვია. არის გუნდები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ საფირმო სტილის შექმნას, იმერლებმა კი ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობის ეს უკვე შეძლეს. ”ზესტაფონი” ჩემპიონობისთვის იბრძვის. თუმცა, გეგუჩაძესთან მხოლოდ ამ საკითხზე როდი ვილაპარაკეთ...
- ”ზესტაფონი” ბოლო დროს სანახაობრივ და შედეგიან ფეხბურთს აჩვენებს. როგორ ფიქრობთ, ეს მაქსიმუმია?
- არა, ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის. ყველანი ვატყობთ პროგრესს, გუნდი უმატებს, მაგრამ კიდევ მეტი შეგვიძლია. საერთოდ, არ არსებობს სრულყოფილი გუნდი და სრულყოფილი თამაში. მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა მუდამ უკეთესობისკენ უნდა ისწრაფონ.
- შოთა გრიგალაშვილმა, ლევან კორღალიძემ და კიდევ რამდენიმე ახალწვეულმა შესანიშნავად წარმოაჩინეს თავისი შესაძლებლობები. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ბოლომდე შეეწყვნენ გუნდს?
- შეიძლება ითქვას, რომ ასეა. გრიგალაშვილი გასულ სეზონშიც იყო ჩვენთან, მაგრამ გეთანხმებით, ისიც შედარებით ახალწვეულია. უპირველეს ყოვლისა, კმაყოფილი ვარ მათი პროფესიონალიზმით.
- ”ზესტაფონში” როგორ დგას საკითხი, მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებთ თუ ევროსაგზურის მოპოვებაც მისაღები შედეგი იქნება?
- ჩვენ მხოლოდ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ, ასევე თასის მოსაპოვებლად.
- როგორ ფიქრობთ, შეუძლია ”ზესტაფონს” მოხვდეს ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე?
- დიახ, ეს სავსებით შესაძლებელია. რეალურად მიმაჩნია ის, რომ ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვნახო. საერთოდ ქართულ გუნდებს ევროთასებზე კარგი შედეგების ჩვენება შეუძლია.
- გუნდის პროგრესი უდავოა, მაგრამ შედარებით ცუდ მინდვრებზე ”ზესტაფონი” თითქოს ბოლომდე ვერ იხსნება და გუნდს რაღაც აკლდება.
- დიახ, მინდვრების პრობლემა მართლაც მწვავედ დგას საქართველოში. ჩვენი თამაში დაფუძნებულია ბურთის კონტროლზე, პასის კულტურაზე. აქედან გამომდინარე, შედარებით ცუდ მინდვრებზე მართლაც გვიჭირს.
- თქვენი გუნდის უმთავრეს კონკურენტებად ვინ მიგაჩნიათ?
- ”დინამო”, ”ოლიმპი”, ”ვიტ ჯორჯია” - აქედან არც ერთის ჩამოწერა არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატში ბოლომდე დიდი ბრძოლა იქნება.
- ”ზესტაფონმა” თქვენი ხელმძღვანელობით საფირმო სტილი შექმნა. კარგი იქნება, თუ ერთ დღეს, როცა გია გეგუჩაძე აღარ იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელი, ეს სტილი მაინც დარჩება...
- დიახ, გეთანხმებით ამ შეფასებაში და მიმაჩნია, რომ გუნდს აქვს თვითმყოფადი სათამაშო სტილი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის არ გაქრეს და მომავალშიც შენარჩუნდეს. მემკვიდრეობა უნდა დავტოვოთ და ამისთვის მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ. ეს ვლინდება როგორც აკადემიაში, ისე საერთოდ კადრების შერჩევისას.
- ახლო მომავალში თქვენ მასტერ-კლასს ჩაატარებთ...
- ეს არის საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ერთიანი იდეა. როგორც სპეციალისტებს, ისე მოზარდებს შეუძლიათ დაესწრონ ამ მასტერ-კლასს და სასარგებლო ცოდნა შეიძინონ. არ მინდა ეს წამოწყება მხოლოდ და მხოლოდ ჩემს სახელთან ასოცირდებოდეს.
|