კიდევ ერთი გამარჯვება დიდი ანგარიშით.
2009 წლის 19 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩები. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს”.
მატჩი მასპინძელთა დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის წარიმართა, თუმცა ამ უპირატესობის გატანილ გოლებში გარდასახვა ზესტაფონელებმა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს შეძლეს. 34-ე წუთზე ულამამაზესი და უზუსტესი დარტმით შოთა გრიგალაშვილმა მარგველები დააწინაურა, ხოლო 45-ეზე, უჩა ლობჟანიძის ფენომენალური გადაცემის შემდეგ, ნიკა გელაშვილი მეკარე ბექა შეყრილაძესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა. 74-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილის დროული გადაცემის შემდეგ თორნიკე აფციაურმა მესამედ აიღო ცხინვალელთა კარი . ხუთიოდე წუთში სპარტაკელმა გიორგი კბილცეცხლაშვილმა მოახერხა ”პრესტიჟის გოლის გატანა”, თუმც, 90-ე წუთზე ლევან კორღალიძის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად ნიკა გელაშვილმა აქცია და ზესტაფონელებს ზედიზედ მეორე შთამბეჭდავი საშინაო გამარჯვებაც მოაპოვებინა - 4-1.
მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):
ვლადიმერ ხაჩიძე ("სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი): "შედეგიდან გამომდინარე, ცუდად ვითამაშეთ. კი, ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ თუ რაღაცას გინდა მიაღწიო, უკეთ უნდა ითამაშო. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, საკადრო პოლიტიკაში რაღაცეები გადასახედია და ყველაფერს დროს სჭირდება".
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "მთლიანობაში, სრული პირველი ტაიმი და მეორე ტაიმის ნახევარი კარგად ვითამაშეთ. როცა 3:0 წავიყვანეთ, მერე ბიჭებმა ჩათვალეს, რომ ყველაფერი მორჩა და თამაშიც გაკეთებული იყო. ამით, მოწინააღმდეგემ ისარგებლა და ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო. ეს პირველი შემთხვევა არაა და ვთვლი, რომ ასეთი "მოშვება" დაუშვებელია. სწორედ ამ კომპონენტზე მოგვიწევს დიდი სამუშაო და იმედია, შევძლებთ ამ ნაკლის გამოსწორებას".
|
19/09/2009 - - ”ზესტაფონი” - ”სპარტაკი” (ცხინვალი) |
დაწვრილებით:
|
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 25 სექტემბერს ისევ მშობლიურ არენაზე გამართავს. ამჯერად იმერელთა მეტოქე ქვეყნის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი, რუსთავის საფეხბურთო კლუბი ”ოლიმპი” იქნება ...
|