ინტერვიუ ირაკლი ძარიასთან.
ნახავთ, კიდევ ბევრს გავიტან .
კვირას ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა "ზესტაფონმა" მორიგი ქულები დაკარგა - ბოლნისში უგოლო თამაშის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი გორში "ვიტ ჯორჯიას" დაუზავდა (1:1). არადა, ზესტაფონელები მასპინძლებს სჯობდნენ, თუმც გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ზესტაფონელთაგან გოლი ირაკლი ძარიამ გაიტანა. დღეს ის "ლელოს" რესპონდენტია. საინტერესოა, რა მოხდა გორში, რატომ იყვნენ უკმაყოფილონი "ზესტაფონის" გულშემატკივრები? ძარიას სწორედ ამ და სხვა თემებზე ვესაუბრებით...
- საუბარი "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩით დავიწყოთ. როგორ შეიძლება შევაჯამოთ ეს თამაში?
- საინტერესო და დაძაბული მატჩი იყო. მოქმედ ჩემპიონთან, თანაც სტუმრად, თამაში იოლი ნამდვილად არ არის. თუმცა მეტოქე კარგად გვყავდა შესწავლილი და ყველანაირად ვეცადეთ, ბურთზე კონტროლი დაგვემყარებინა. ეს შევძელით კიდეც, ბურთს მეტწილად სწორედ ჩვენ ვაკონტროლებდით და საგოლე მომენტებიც არაერთი გვქონდა, სხვათა შორის, ანგარიშის გახსნამდეც. მაგალითად, გელაშვილს შეეძლო პირველი გოლის გატანა, კარგი შანსი ჰქონდა დვალსაც, მაგრამ ვერ შევაგდეთ და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, დავისაჯეთ - აქეთ მივიღეთ გოლი. საბედნიეროდ, 10 წუთში გავათანაბრეთ ანგარიში, თუმცა მეტი ვეღარ შევძელით. არ ვიცი, ვინ როგორც შეაფასებს თამაშს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მეტოქეს ვაჯობეთ.
- "ზესტაფონის" გულშემატკივრები მსაჯობით უკმაყოფილონი იყვნენ. იქნებ, თქვენ აგვიხსნათ მიზეზი?
- მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს და ამ თემას ყოველთვის თავს ვარიდებ. ფანები ფიქრობენ, რომ არბიტრმა ორ-სამ ეპიზოდში ჩვენი მეტოქე დაინდო - არ დაგვინიშნა ჯარიმები, რომელსაც შეიძლებოდა, ხიფათი მოჰყოლოდა. ყველაზე მეტი უკმაყოფილება კი გამოიწვია იმან, რომ თამაშს მხოლოდ 2 წუთი დაამატეს, მაშინ, როცა შეხვედრის მსვლელობის დროს ჩვეულებრივ 6 ცვლილება გაკეთდა, იყო სხვა მცირე პაუზებიც... თანაც, შეტევაში ვიყავით, როცა არბიტრმა თამაში დაამთავრა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პროტესტს გამოიწვევდა გულშემატკივარებში.
- რამდენად ლოგიკურია მატჩის ანგარიში?
- იმიტომ კი არ ვამბობ, რომ "ზესტაფონში" ვთამაშობ, მაგრამ ერთი წუთით რომ წარმოვიდგინო თავი გუნდის ქომაგად, აუცილებლად ვიტყოდი, რომ შედეგი ლოგიკური არ იყო - გამარჯვებას "ზესტაფონი" იმსახურებდა.
- არადა, გორში რომ მოგეგოთ, "ოლიმპი" მხოლოდ ქულით იქნებოდა წინ. რუსთაველები ხომ ”დინამოსთან” დამარცხდნენ...
- სამწუხაროდ, ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ. მაგრამ არაფერია - რუსთაველებს ერთი ტურის შემდეგ ვუმასპინძლებთ, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მანამდე კი "სპარტაკი" უნდა დავამარცხოთ და ასეთ შემთხვევაში "ოლიმპს" ქულებით გავუტოლდებით... რა, გამოვრიცხავთ, რომ რუსთაველებმა "ვიტ ჯორჯიასთან" ქულები დაკარგონ? რა ვიცი, ვნახოთ, რა მოხდება. ისე არ გამოგვივიდეს, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო.
- გოლი რა ვითარებაში გაიტანეთ?
- აფციაურმა საჯარიმოში ჩააწოდა, კარიდან გამოსულმა მეკარემ კი ბურთი პირდაპირ ჩემკენ მოიგერია, ჰოდა, მეც აღარ დავახანე - საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი კარში დავარტყი, გზად მცველს მოხვდა და კარში შეგორდა.
- მეტოქეზე რას იტყოდით? მოგეწონათ "ვიტ ჯორჯია"?
- ეს მატჩი მათთვისაც რთული იყო. "ვიტ ჯორჯია" მოქმედი ჩემპიონია, კარგი შემადგენლობაც ჰყავს... გორშიც კარგად ითამაშეს, მაგრამ... რაღა დაგიმალოთ და, მათგან მეტს ველოდი.
- "ზესტაფონი" ჩემპიონობისთვის იბრძვის და "ვიტ ჯორჯიას" დარ მეტოქეებთან დაპირისპირებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ ტიპის შეხვედრებია გადამწყვეტი სატურნირო ცხრილში ადგილების გადანაწილებაში...
- ახლა "ვიტ ჯორჯიას" ორჯერ შინ უნდა ვეთამაშოთ. რთული იქნება, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ამ გუნდს საკუთარ მოედანზე ორივეჯერ დავამარცხებთ... და არა მარტო "ვიტ ჯორჯიას", სხვა კონკურენტებსაც უნდა ვძლიოთ.
- სიტყვამ მოიტანა და, კონკურენტებად კიდევ რომელ გუნდებს მიიჩნევთ?
- "ოლიმპს", "დინამოს"...
- თქვენ და "სპარტაკს" 12-12 ქულა გაქვთ და მეორე-მესამე ადგილებს იყოფთ. ეს გუნდი არ არის "ზესტაფონის" კონკურენტი?
- არა მგონია, "სპარტაკის" მიზანი ჩემპიონობა იყოს. თუმცა ამ გუნდის იგნორირება არ შეიძლება, ისინი კიდევ ბევრს გაამწარებენ... კიდევ ერთი გუნდია, რომელიც ცხრილში ჯერ ზემოთ არ ჩანს, მაგრამ ისიც ბევრს დააკარგვინებს ქულებს...
- რომელ გუნდს გულისხმობთ?
- "სიონს". აგერ ნახეთ, ბოლნისში ბევრი დატოვებს ქულებს.
- ამ გუნდს "ზესტაფონის" ყოფილი თავკაცი თემურ მახარაძე წვრთნის. ამიტომ გაამახვილეთ ყურადღება "სიონზე" თუ უბრალოდ, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობთ? ბოლნისში ხომ 0:0 ითამაშეთ...
- ასე იყო, ბოლნისში ქულები დავკარგეთ... "სიონი" მაგრად დაგვხვდა... რაც შეეხება კითხვას, მახარაძე გამოცდილი მწვრთნელია და იცის, რომელ გუნდს როგორ ეთამაშოს. გარდა ამისა, ბოლნისელებს ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ - ეს არის გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავი და კიდევ ერთხელ ვამბობ - ბევრს გაამწარებენ.
- რა შეცვალა გია გეგუჩაძემ "ზესტაფონში"?
- ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი გუნდის მწვრთნელია - მართლა ბევრი რამ შეცვალა. ბურთზე მეტ კონტროლს გვთხოვს და უმისამართოდ მოგერიებას გვიკრძალავს... ითხოვს ფლანგებზე აქტიურობასაც... მოკლედ, ცდილობს, თანამედროვე ფეხბურთის პრინციპები დანერგოს.
- უკვე წლებია "ზესტაფონში" ხართ. გუნდის შეცვლაზე არ გიფიქრიათ?
- ჯერ ერთი, კლუბთან კიდევ 2 წლით მაკავშირებს კონტრაქტი, და მეორეც - მინდა, ეროვნულ ჩემპიონატში კიდევ ორი სეზონი გავატარო. ამის მერე ვეცდები, უკეთეს ლიგაში გადავიდე. საქართველოში კი სხვაგან სად უნდა ვითამაშო? ხომ ხედავთ, უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული დვალი, აფციაური და კორღალიძე სწორედ "ზესტაფონში" მოვიდნენ.
- ექსპერტთა აზრით, "ზესტაფონი" ახლა უკეთესი გუნდია, ვიდრე წინა სეზონში იყო. ირაკლი ძარიას რამდენად შეეხო ეს პროგრესი?
- (იცინის) გასულ სეზონში ბევრ საგოლე მომენტს ვაფუჭებდი. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მხოლოდ ერთი გოლი გავიტანე. ამ კომპონენტში ახლა აშკარად უკეთ ვარ, უფრო ხშირად ვურტყამ ბურთს კარში... ადრე თუ გვიან, ეს შედეგებშიც აისახება. ჯერ მხოლოდ 6 ტური გავიდა და ერთი გოლი უკვე გავიტანე, კიდევ ბევრს შევაგდებ. მით უმეტეს, ამ ჩემპიონატში უფრო მეტი ტურია, ვიდრე წინა სეზონში იყო.
ბადრი კეთილაძის ფოტო |