ინტერვიუ თამაზ ბოკერიასთან.
არაა გამორიცხული, ზესტაფონმა ახალგაზრდული ნაკრების სხვა შეხვედრებსაც უმასპინძლოს.
ნაკრები გუნდების მენეჯერი თამაზ ბოკერიას თქმით, სავსებით რეალურია, რომ ეროვნული ნაკრების ნაცვლად, ლევან ყენია, ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე და მათე ვაწაძე ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახონ. ირლანდიასთან მატჩი 9 ოქტომბერს გაიმართება.
აქამდე პრიორიტეტი ცნობილი გახლდათ - ყველა საუკეთესოს ეროვნულ ნაკრებში უნდა ეთამაშა, რაც ლოგიკურიც გახლდათ. თუმცა, თურქეთის ნაკრებთან მშვენიერი მოგების შემდეგ, ქართველმა ახალგაზრდებმა დაამტკიცეს, რომ მეტ ყურადღებასა და დაფასებას იმსახურებდნენ.
” ჩვენი ნაკრების თამაშით თურქების მენეჯერი გაოცებული დარჩა. მათი ახალგაზრდული ნაკრების ეს თაობა ევროპის 17-წლამდელთა ასაკის ჩემპიონი და მსოფლიო პირველობის მესამეადგილოსანია. ასეთი ანგარიშით საერთოდ არასდროს წაგვიგია, ეტყობა, თქვენ გეზრდებათ ძლიერი თაობაო.
ეროვნულიდან ყენიას, ანანიძის, სანაიას და ვაწაძის დამატებამ ამ თაობის რეალური ძალა გამოაჩინა. სამწუხაროდ, ეროვნულმა მსოფლიო ჩემპიონატრზე მოხვედრის ყველანაირი შანსი დაკარგა, ახალგაზრდულს კი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის იემდი გაუჩნდა.
აქედან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცის აზრია, რომ ეს ოთხეული, პლუს ლევან მჭედლიძე უახლოეს პერიოდში ეროვნულ ნაკრებში გამოვიძახოთ. გამონაკლისი ამირან სანაია იქნება, რომელმაც თურქებთან წითელი ბარათი მიიღო. ალბათ, ეს ფეხბურთელები 9 ოქტომბერს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ.
თუმცა, ყველაფერი ექტორ რაულ კუპერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული - ის 21 სექტემბერს ჩამოვა და საკითხიც გაირკვევა”, - გვითხრა ბოკერიამ.
არაა გამორიცხული, ზესტაფონმა ახალგაზრდული ნაკრების სხვა შეხვედრებსაც უმასპინძლოს.
”ზესტაფონელ გულშემატკივარს გულიანი თანადგომისთვის ჩვენგან მადლობა ეკუთვნის. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონიც” ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარა, სტუმართა მიღება-დაბინავებაში და ა.შ. რეგიონებში საერთაშორისო შეხვედრები ფეხბურთის პოპულარიზაციასაც ხელს უწყობს. მთავარია იყოს ინფრასტრუქტურა და ეროვნული ნაკრების შეხვედრების გამართვაც სასურველი იქნებოდა. სამწუხაროდ, ამ კუთხით პრობლემებია. მაგალითად, ბათუმში მშვენიერი სასტუმროები და აეროპორტია, მაგრამ სტადიონი არაა, ზუგდიდსა და სამტრედიაში კი სასტუმროების პრობლემაა. ახალგაზრდული ნაკრების თამაშებისთვის კი ზესტაფონი იდეალური ქალაქია, რადგან სტადიონი უეფამ მიიღო, აეროპორტიც არაა შორს, 30 კილომეტრში, ქუთაისში კი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა. ჩარტერული რეისით შესასრულებლად, კოპიტნარის აეროპორტიც ახლოსაა” ...
|