ინტერვიუ ოთარ გაბელიასთან.
ზესტაფონელ გულშემატკივრებს მადლობა მინდა გადავუხადო ...
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თურქეთთან გამარჯვებით, არ გვინდა მორიგ ქართულ ლეგენდებს დავუდოთ სათავე. თუმცა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ ახალგაზრდული ნაკრების დამარცხება უდავოდ დასაფასებელია. 4:0 ეს ისეთი შედეგია, რომლითაც ქართველები არა ფავორიტებს, აუტსაიდერებსაც ვერ ვუგებთ.
ზესტაფონში ხალხი ხუმრობდა, ამიერიდან ყველა ნაკრები კონსტიტუციით ვაიძულოთ, ჩვენთან რომ ითამაშონ, თბილისში ყველაფერს ვაგებთო. ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, სიმართლე რომ არ ურევია - ოთარ გაბელიასთან ინტერვიუ ამ დეტალით დავიწყეთ ...
- ბატონო ოთარ, მცირე სივრცით შემოფარგლულ სტადიონზე თამაში რატომ მოითხოვეთ?
- ფეხბურთში დეტალებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ზესტაფონში ფეხბურთი უყვართ, სტადიონი სულ სავსეა და თურქეთთან მაგარი მხარდაჭერა ვიგრძენით. გაზონიც მშვენიერ მდგომარეობაში იყო და რაც მთავარია - შეზღუდული სივრცითა და მოედანთან ახლოს მყოფი ტრიბუნებით სტუმრებზე ზეწოლაც შევძელით.
ზესტაფონელ გულშემატკივრებს მადლობა მინდა გადავუხადო. მათ ამ ლამაზ გამარჯვებაში მართლა დიდი როლი შეასრულეს. ხომ ნახეთ, სტუმრები როგორ დაიბნენ.
- თქვენი აზრით, თბილისში ასეთი ეფექტური გულშემატკივრობა არ გექნებოდათ?
- ზესტაფონში 5 ათასამდე მაყურებელი მოვიდა. დიდი ტრიბუნების გამო, ეროვნულ ან ”ლოკომოტივის” სტადიონზე ორი ამდენი ხალხიც ვერ გამოჩნდებოდა და თამაშიც უფრო გაგვირთულდებოდა. ზეტაფონში კი გულშემატკივრებმა მეთორმეტე ფეხბურთელის როლის შესრულება მშვენივრად მოახერხეს.
რამდენჯერმე თურქებმა იუხეშეს და მაყურებლის ზეწოლის გამო, შემდეგ უფრო თავშეკავებულად თამაშობდნენ. ეს იმიტომ, რომ ტრიბუნა მოედანთან ახლოს იყო.
- შევაფასოთ თამაში. თქვენი აზრით, რა იყო გამარჯვების მთავარი მიზეზი?
- ის, რომ მეტოქე ფსიქოლოგიურად გავტეხეთ და ეროვნულიდან ოთხეული დავიმატეთ.
- თურქები ასეთ აგრესიულ საქართველოს არ ელოდნენ. ვერ შეგაფასეს?
- არა მგონია, შეუფასებლობის გამო მოგვეგოს. ჩვენდა გასაკვირად, მათ პრეტენზიები ჯერ კიდევ მატჩამდე წამოაყენეს, როდესაც ქუთაისში სასტუმრო არ მოეწონათ. ისე წუწუნებდნენ, მივხვდი, ეშინოდათ. ეს არის ჯგუფში ყველაზე ძლიერი ნაკრები. შეუფასებლობას გამოვრიცხავ, რადგან პროფესიონალები არიან და ქულები ასე თუ გაფლანგეს, შვეიცარიასთან დაპირისპირება გაუჭირდებათ. ეროვნული ნაკრებიდან იმ ოთხეულის დამატება ვახსენე: მათე ვაწაძემ, ლევან ყენიამ, ჯანო ანანიძემ და ამირან სანაიამ გუნდს ძალა და თავდაჯერებულობა შემატეს. თუმცა, კატასტროფულად ესტონეთშიც არ გვითამაშია, იქაც უნდა მოგვეგო, მაგრამ ბავშვური შეცდომების გამო დავმარცხდით. სხვათა შორის, ზესტაფონში თამაშამდე გარკვეული პრობლემები ჩვენც შეგვექმნა და სავარჯიშო გრაფიკი შეგვეცვალა. თავიდანვე ვიცოდით, რომ ზესტაფონში უნდა გავჩერებულიყავით, მაგრამ სასტუმრომ ვერ მიგვიღო, ქუთაისში წავედით და ”ტორპედოს” სტადიონზე ვივარჯიშეთ.
- როგორც შევიტყვეთ, ჯერ კიდევ მატჩამდე თურქებთან პატარა კონფლიქტი მოგივიდათ - მატ საფარის მორწყვაზე უარი უთხარით. ”საფარის ომი” რამ გამოიწვია?
- დასაწყისშივე ვთქვი, რომ ფეხბურთში ყველა წვრილმანს მნიშვნელობა აქვს. თურქები ბალახის მატჩამდე 15 წუთით ადრე მორწყვას ითხოდნენ. ისინი ამას თურქეთში მიჩვეულები არიან, მაგრამ ჩვენები - მიუჩვევლები და კატეგორიულად შევეწინააღმდეგე. ასეთ შემთხვევაში, გრუნტი დამძიმდებოდა.
- შეგეშინდათ, რომ ფიზიკურად უფრო უკეთ მომზადებული თურქები სველ მოედანზე უპირატესობას მიაღწევდნენ?
- ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. მოედანი დილით მოირწყა და მატჩამდე 15 წუთით ადრე ამის საჭიროება არ არსებობდა. საბედნიეროდ, ყველაფერი საჩვენოდ აეწყო, ეროვნულიდან დამატებულებმა გაგვაძლიერეს, მაგარი გულშემატკივრობა იყო და სტუმრები შეშინდნენ.
- ეროვნულის წევრებმა მთელი მონდომებით ითამაშეს. რა დასამალია და გვეშინოდა, ძალები არ დაეზოგათ.
- მატჩამდე ყველას ვუთხარი, უგულოდ თამაშს ”ბარსელონას” ფეხბურთელსაც არ ვაპატიებ-მეთქი. თუმცა კარგად ვგრნობდი, რომ ეს მშვენივრად ესმოდათ. მონდომებული ფეხბურთისთვის ყველას მადლობას ვუხდი.
- წარმატებაზე მნიშვნელოვანი ამ სულისკვეთების შენარჩუნებაა. ჩვენს ემოციურ ხალხში კი ეს ძნელი მისაღწევია. ქართველებს გამარჯვებით ტკობა გვახასიათებს.
- ვინც ჩვენს მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, ნაკრებში განწყობითა და მოტივაციით არ გამოცხადდება, არ ვათამაშებთ. ეს ეხება ნებისმიერ ფეხბურთელს. ჩემთვის მთავარი სულისკვეთების შენარჩუნებაა და არა გუშინდელით სიხარული. თურქეთთან მოგება კი უკვე გასული დღეა, რომელიც უნდა დავივიწყოთ. ვინც მხოლოდ ერთი გამარჯვებით კმაყოფილია, იმას ფეხბურთში არაფერი ესაქმება. ახლა ირლანდიასთან მატჩებზე უნდა ვიფიქროთ - 9 ოქტომბერს დუბლინში ვთამაშობთ, 6 ნოემბერს კი თბილისში.
- კაცნაკლულმა ახალგაზრდულმა ერთსულოვნება და საბრძოლო სულისკვეთება გამოაჩინა.
- ეს ჩვენი სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა. ზაურ სვანაძე, მურთაზ შელია, გელა ინალიშვილი, დათო გვარამაძე, ექიმები და მასაჟისტები ავტორიტეტული ხალხია, რომლებმაც ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა გადასდეს. ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია. ახალგაზრდული ნაკრები არის არა ჩემი, არამედ ჩვენი გუნდი. ამ ხალხის გარეშე ნაკრები თურქეთს ვერ მოუგებდა. მანქანას ერთი დეტალიც რომ დააკლდეს, მთლიანობაშიც აირევა. ამ ნაკრების მშენებლობა კი კახა ცხადაძესთან ერთად დავიწყეთ. ესეც უნდა გვახსოვდეს. სხვათა შორის, იყო კიდევ ერთი მომენტი, რომელმაც ბიჭებზე დადებითად იმოქმედა: ზესტაფონში საშა ჩივაძემ გაგვაცილა, აუცილებლად უნდა მოიგოთ, თქვენ ბევრი შეგიძლიათო. მერე ზესტაფონშიც დაგვირეკა. ასეთი დონის ფეხბურთელის გამხნევებამ ბიჭებზე კარგად იმოქმედა.
- ბრძანეთ, რომ თურქების ტაქტიკა კარგად შეიწავლეთ. რაზე გაამახვილეთ ყურადღება?
- თურქეთი ჯგუფში საუკეთესო ნაკრებია, სწრაფი, ტექნიკური და ფიზიკურად კარგად მომზადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ასეთი გუნდი უნდა შეაწუხო და თავისუფალი სივრცეები ჩაუკეტო, თორემ გადაგივლის.
- ალბათ, პარალელი უნებლიეთ, თქვენი დროის ”დინამოსთან” გაავლეთ - პრესინგით მოთამაშე გუნდის დამარცხება ნოდარ ახალკაცის ტექნიკურ გუნდსაც უჭირდა.
- დიახ, თურქებიც ჩვენი ”დინამოს” მსგავს ფეხბურთს აჩვენებენ. ეს იყო ჩვენი ტაქტიკის ერთი დეტალი, აგრესიულად, მჭიდროდ ვეთამაშეთ და გასაქანი არ მივეცით. ამას გარდა, თურქების გუნდში სისუსტეც შევნიშნე - ცენტრალური მცველები ტლანქები იყვნენ და ბიჭებს სწრაფი თამაში დავავალე. ამის გამო, 4-1-4-1 განლაგებით ვითამაშეთ. ეროვნულიდან ოთხეულის დამატებამ, შემადგენლობაში მეტი შემტევი სტილის ფეხბურთელის შეყვანის უფლემა მოგვცა და გავრისკეთ.
|