საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში თურქეთის ნაკრები დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
მატჩი, რომელსაც ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა (შეხვედრას 3000 გულშემატკივარზე მეტი დაესწრო), ქართველთა უპირატესობით წარიმართა. ოთარ გაბელიას გუნდმა ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტთან სოლიდური ფორა პირველივე ტაიმში შეიქმნა - შეხვედრის მეორე წუთზე ანგარიში ირაკლი კლიმიაშვილის გადაცემის შემდეგ გიორგი ივანიშვილმა გახსნა. 35-ე წუთზე კი კუთხურიდან ლევან ყენიას ჩაწოდებული ბურთი თავით გიორგი ხიდეშელმა გაიტანა - 2:0.
56-ე წუთიდან ქართველები მოედანზე უმცირესობაში დარჩნენ - გუნდის განაპირა მცველმა ამირან სანაიამ ოპონენტთან ორთაბრძოლისას იუხეშა და მსაჯმა მოედნიდან გააძევა. ამის მიუხედავად, გაბელიას შეგირდებმა მატჩის დასრულებამდე კიდევ ორი გოლის გატანა შესძლეს. 81-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ლაშა თოთაძემ საჯარიმო დარტყმიდან ანგარიში 3:0 გახადა, ხოლო 88-ე წუთზე, ასევე შეცვლაზე მოთამაშე გიორგი გუგავამ საქართველოს ნაკრების ჩინებული კომბინაცია თავით დააბოლოვა - 4:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.