03.09.2009

 

 

ტურის მწვრთნელი - გია გეგუჩაძე.

"დინამოს" ძლევამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს.

 

 

მართალია, ახლა სანაკრებო პაუზაა, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატის ამასწინანდელ ტურს აქტუალობა არ დაუკარგავს, მით უფრო ერთი მატჩის გამო - ზესტაფონში ადგილობრივმა გუნდმა ტიტულოვან ”დინამოს” 4:1 მოუგო. შესაბამისად, განვლილი უქმეების საუკეთესო მწვრთნელად ”ზესტაფონის” დამრიგებელი გია გეგუჩაძე დავასახელეთ. მას გუშინ დავუკავშირდით და განვლილ მატჩთან ერთად სხვა საინტერესო თემებზეც გავესაუბრეთ ...

- პირველ რიგში, გილოცავთ - ”ლელომ” ტურის მწვრთნელად დაგასახელათ. საუბარიც სწორედ ”დინამოსთან” მატჩით უნდა დავიწყოთ. დღეს როგორ იხსენებთ ამ თამაშს?

- მადლობას მოგახსენებთ დაფასებისთვის. რაც შეეხება თამაშს, მიუხედავად ანგარიშისა, დაძაბული, ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იყო. ვფიქრობ, გულშემატკივარი საინტერესო სანახაობის მომსწრე გახდა. გავედით მოედანზე, ბოლომდე ვიბრძოლეთ და მოვიგეთ.

- მაინც რა ფაქტორები დაგეხმარათ ესოდენ შთამბეჭდავი გამარჯვების მოპოვებაში?

- ”დინამოს” სახით ძლიერი მეტოქე გვყავდა. თუმცა მონდომებისა და მობილიზების ხარჯზე წარმატებას მივაღწიეთ. ფეხბურთელებმა ჩემს დავალებებს კარგად გაართვეს თავი. ასეთ მატჩებში გამართლებასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ვფიქრობ, გაგვიმართლა კიდეც.

- გამართლებაში რას გულისხმობთ?

- შესვენების შემდეგ, მეორე ტაიმის სადღაც შუაში მოვლენები დრამატულად წარიმართა. 2:0-ის შემდეგ სტუმრებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. ჩვენ მაშინვე გავიტანეთ გოლი და ორბურთიანი უპირატესობა აღვადგინეთ. მიმაჩნია, რომ სწორედ ამ ეპიზოდში გაგვიღიმა ბედმა - მესამე ბურთი ძალიან მალე გავიტანეთ, თორემ სხვა შემთხვევაში რა მოხდებოდა, არავინ იცის... მაგრამ ეს ფეხბურთია და იღბალიც მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. შეიძლება უტევდე, სჯობდე მეტოქეს, მაგრამ ბურთი ვერა და ვერ გაიტანო.

- ფეხბურთელებმა მართლაც კარგად გაართვეს თავი თქვენს დავალებებს. მეორე ნახევარში ”დინამო” აშკარად სუსტი იყო...

- არა, ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენს გუნდში ყველაფერი იდეალურად იყო და ფეხბურთელებს შეცდომები არ ჰქონიათ. შეცდომებიც იყო, მაგრამ ასეთი დონის მატჩს კაზუსი ყოველთვის ახლავს. საერთო ჯამში მეტოქე დავჯაბნეთ და დამსახურებულად მოვუგეთ.

- ფავორიტი გუნდების წინააღმდეგ თავს არიდებენ ხოლმე ღია თამაშს და უფრო ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობენ. თქვენ კი პირიქით, გახსნილი ფეხბურთი ითამაშეთ და ამით რისკზეც წახვედით. ეს რითი ავხსნათ?

- ვინც ჩვენი გუნდის მატჩებს სტაბილურად ადევნებს თვალს, დამეთანხმება, რომ ”ზესტაფონი” ყოველთვის შემტევ სტილში თამაშობს. ასე იყო ამჯერადაც, ახალი არაფერი მოგვიგონია - ”დინამოსაც” ის ფეხბურთი შევთავაზეთ, რასაც სხვა დრო ვთამაშობთ ხოლმე.

- ”დინამო”-”ზესტაფონის” დაპირისპირებები უკვე წლებია დიდ ინტერესს იწვევს. ამ შეხვედრაში არ ათამაშეთ ზურაბ იონანიძე, რომელსაც ხშირად უდიდესი წვლილი შეუტანია ”დინამოს” ძლევაში. ესეც არ იყოს, მას ისედაც იშვიათად უწევს თამაში...

- იონანიძე გამოცდილი, წონიანი ფიგურაა, გუნდში ამინდს ქმნის, მისი ვარჯიშები ახალგაზრდებისთვის მაგალითის მიმცემია. მას გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროს შექმნა შეუძლია, ეს კი ყველასათვის სასიამოვნო და სასარგებლოა. ასე რომ, ის ჩვენთვის ძალზე საჭირო ფეხბურთელია, ხოლო რაც შეეხება მის თამაშს, ამ სეზონში ”სამტრედიასთან” მოედანზე იყო და კიდევ ბევრჯერ იქნება...

- ამ სეზონში ”ზესტაფონი” ჩემპიონობისთვის იბრძვის. ოქროს მედლებისთვის კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?

- ცხადია, პირველ რიგში რუსთავის ”ოლიმპს”. ეს გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა და აკი ლიდერიცაა. რუსთაველთა გარდა, ჩვენი კონკურენტები ტრადიციულად ”დინამო” და ”ვიტ ჯორჯია” იქნებიან. ცხინვალის ”სპარტაკსაც” კარგი შემადგენლობა ჰყავს და ამბიციებიც, რა თქმა უნდა, შესაბამისი აქვს... ”დინამოსთან” მოგებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს. მოგებული მატჩიდანაც კი სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ, რადგან წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ბრძოლა გველის, მოდუნება გამორიცხულია. ყველა მატჩში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში შედეგიც იქნება.

- მომდევნო ტურშიც რთული მატჩი გელით - სტუმრად ”ვიტ ჯორჯიას” ეთამაშებით...

- ...და კვლავაც მოსაგებად ვიბრძოლებთ. ჩვენი მთავარი მიზანი 3 ქულაა!

- ვიტ-ჯორჯიელთა ბოლო მატჩებიდან რომელიმე თუ ნახეთ?

- კი, ”დინამოსთან” მატჩი ვნახე. საინტერესო თამაში იყო...

- ”ვიტ ჯორჯიას” ახალი მწვრთნელი ჰყავს. როგორ ფიქრობთ, შეიცვალა ეს გუნდი?

- დიდი ხანი არ არის, რაც ეს ცვლილება მოხდა და გუნდზე ეს ჯერ ვერ აისახებოდა. იგივე გუნდია, სხვაობას ვერ ვამჩნევ.

- რამდენადაც ვიცით, ”ზესტაფონში” კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა - გიორგი მანწკავა...

- ზუსტად გცოდნიათ. მანწკავა ისრაელის ერთ-ერთ გუნდში თამაშობდა. ახლა ჩვენთან არის სინჯებზე და ვნახოთ, დავტოვებთ თუ არა, ცოტა ხანში გამოჩნდება.

- ზოგადი შთაბეჭდილება როგორია? შეიძლება, მოერგოს ”ზესტაფონს”?

- მას ერთ-ერთ ამხანაგურ შეხვედრაში გამოვცდით და უკეთ დავაკვირდებით. მისი საკითხი, ალბათ, სექტემბრის პირველ ნახევარში გადაწყდება.

 

დავით ცაბაძე, გაზეთი "ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005