01.09.2009

 

 

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან.

“ზესტაფონის” მთავარი ხელშემშლელი “ზესტაფონი”.

 

 

ეროვნული ჩემპიონატის V ტურში, ზესტაფონმა ბოლო წლებში კლასიკურ დაპირისპირებად ქცეულ ”ზესტაფონი”-”დინამოს” ორთაბრძოლას უმასპინძლა. შუაიმერულ კლუბს ქვეყნის 13-გზის ჩემპიონი თბილისის ”დინამო” ეწვია. სწორედ დინამოელთა ყოფილი თავკაცი გია გეგუჩაძე ხელმძღვანელობს ”ზესტაფონს” შარშან ნოემბრიდან. მას შემდეგ, გასულ შაბათამდე ამ გუნდებს ერთმანეთში სამჯერ ეთამაშათ, მაგრამ იმერლებმა ყველა წააგეს - თან ისე, გოლიც არ ჰქონდათ გატანილი. ”ზესტაფონმა” ამდენი ხნის დაგროვილი წყენისთვის, მრისხანე მეტოქეზე ჯავრი ერთბაშად იყარა და იგი 4:1 დაამარცხა.

ქართული ფეხბურთის ლიდერთა ბოლოდროინდელი შეხვედრებისგან განსხვავებით, ”ზესტაფონი”-”დინამო” საოცრად გახსნილი და სანახაობრივად თვალსასეირო საცქერი გამოდგა. როგორც ანგარიშიდან ჩანს, იმერლებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. თუმცა, მისი გუნდის გამარჯვებას, იმერელთა თავკაცი გია გეგუჩაძე სხვა ახსნასაც უძებნის. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე იგი ”მსოფლიო სპორტს” დინამოელთა შთამბეჭდავი ძლევის შემდეგ ესაუბრა.

- ბატონო გია, ცოტა არ იყოს იშვიათობაა, რომ ლიდერებმა ერთმანეთში ასეთი ”ღია” ფეხბურთი ითამაშონ. ჩვენი აზრით, ”დინამოსთან” თქვენი დაპირისპირება უდავოდ წლის საუკეთესო მატჩია.

- რადგან ამ მატჩს ასე აფასებთ, ე.ი. მართლაც კარგი თამაში იყო. მეც კმაყოფილი ვარ შედეგით, თამაშის ხარისხიც ამ ეტაპზე ჩვენი გუნდისთვის მისაღები გახლდათ. ვიცი, რომ ”ზესტაფონს” კიდევ უკეთესი თამაშის ჩვენება შეუძლია და ამაში მაყურებელი მომავალში აუცილებლად დარწმუნდება.

- ”დინამოსთან” ასეთი დამაჯერებელი მოგების ფონზე, ის წარუმატებელი ნულოვანი ფრეები, განსაკუთრებით ”ლოკომოტივთან” ჩავარდნას ვგულისხმობთ, ალბათ, მოულოდნელობად იქნება მიჩნეული.

- არა მგონია, ამ მატჩების ჩავარდნად მონათვლა სამართლიანი იყოს - თამაში ხომ არ წაგვიგია. ჩვენ ყოველთვის მოსაგებად გავდივართ მოედანზე, სხვა საკითხია, რომ ძალიან ბევრი საგოლე მომენტის რეალიზაცია არ ხდებოდა. ამის მიზეზებიც არსებობს, თუმცა არ ვიტყვი, რომ ყველაფერი ფეხბურთელების ბრალია. აქ გარკვეულწილად მოედნის ხარისხის ”დამსახურებაც” იყო. ალბათ, ევროპის სუპერთასზე ”ბარსელონა”-”შახტარის” თამაშს უყურებთ და ნახავდით, მონაკოში მინდვრის საფარი რა მდგომარეობაში იყო. სწორედ ამის გამო, ესპანელებს, რომლებსაც მეტოქის კარში მანამდე თავისუფლად გაჰქონდათ 3-4 გოლი, გაუჭირდათ (ძირითადი დრო 0:0 დამთავრდა - ფ.კ.). ვიმედოვნებ, რომ საქართველოში მოედნების ხარისხი გაუმჯობესდება და უკეთესი შედეგის მიღწევა გაცილებით იოლი იქნება.

- როგორ თვლით, ”დინამოს” 4:1 ძლევა, ”ზესტაფონის” დამსახურება უფრო იყო, თუ მეტოქის დაცვის ცუდი თამაშის?

- ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება. მაგალითისთვის, შარშან იგივე ”დინამოსთან” ზესტაფონში 0:4 დავმარცხდით. მთავარია, მოგებულზეც და წაგებულზეც, ყოველთვის სწორი დასკვნები გამოვიტანოთ - როცა გავიმარჯვებთ, ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. ეს მოგება არ ნიშნავს ”ავტომატურად” გაჩემპიონებას. სეზონი ახლა დაიწყო და მთელი სამუშაო კიდევ წინ გვაქვს. ”დინამო” ნამდვილად არ არის ისე იოლად დასამარცხებელი გუნდი, რომ ადგე და თავისუფლად მოუგო 4:1 - სადღაც გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ არც ბიჭებს მინდა დავუკარგო გარჯა და მონდომება.

- დაიწყო ჩემპიონატი და ყველაზე მეტად რომელ მეტოქეს მიიჩნევთ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ძირითად კონკურენტად?

- კონკურენტები არ გვაკლია. ”დინამოსთან” მოგებით, ამ ეტაპზე ჩვენი სიძლიერეც დავამტკიცეთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, გარკვეულწილად გაგვიმართლა კიდეც. ”ოლიმპიც” ძალიან კარგი გუნდია - ტელევიზორით ვუყურე მის თამაშს, ახალი გუნდია და ვთვლი, რომ შეთამაშება სჭირდება. ”ვიტ ჯორჯია” აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას, ”სპარტაკიც” საგრძნობლად გაძლიერდა. კულუარულად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ჩემი აზრით, თუკი ჩვენს გუნდს გაჩემპიონებაში ხელს რამე შეუშლის, ისევ ”ზესტაფონი” იქნება.

- გრძელი სათადარიგოთა სკამი გაქვთ, რომელზეც ისეთ ფეხბურთელებს უწევთ ყოფნა, სხვა გუნდი აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში რომ დააყენებდა. ვიცით, სასელექციო მუშაობა ”ზესტაფონში” უწყვეტად მიმდინარეობს - კიდევ ვინმეს დამატებას ხომ არ გეგმავთ?

- ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ადრეა, თუმცა ჩვენთან ახლა გიორგი მანწკავა ისინჯება. ვაკვირდებით ამ ფეხბურთელს და დაახლოებით 2 კვირაში მისი გუნდში დამატება-არდამატების საკითხი საბოლოოდ გადაწყდება.

- სატრანსფერო ფანჯარა ხომ 31 აგვისტოს იხურება?

- იგი ბოლოს ირანში თამაშობდა. უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელის დამატების პრობლემა კი ჩვენთან არ არსებობს. თქვენს წინა კითხვას მივუბრუნდები. ლევან კორღალიძე ”დინამოსთან” თამაშისას იჯდა თავიდან სკამზე, თორემ წინა თამაშებში მან ძირითადში დაიწყო. გიორგი ცხადაიასაც აქამდე ”ზესტაფონის” შემადგენლობაში ოფიციალურ თამაშში არ მიუღია მონაწილეობა და მანაც ახლა ითამაშა. სრულად რომ გახურდება ჩემპიონატი, თამაშის საშუალება ნელ-ნელა ყველას მიეცემა - არის დუბლების პირველობაც, იქ ბევრი იმ ფეხბურთელის გამოცდა შეგვიძლია, ვისაც პირველ გუნდში ნაკლები სათამაშო პრაქტიკა აქვს.

- როინ კვასხვაძე ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეკარე იყო. მას შარშან ტურმონაცვლეობით მაინც ეძლეოდა თქვენი ხელმძღვანელობით თამაშის შანსი, ახლა კი, მხოლოდ სკამზე ჯდომა უწევს. არ არის სათანადო ფორმაში, თუ კიდევ სხვა პრობლემა აქვს?

- როინი ძალიან მონდომებით ვარჯიშობს, მუდმივად ხვდება ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ჩვენი დუბლების თამაში ”ბაიასთან” გადაიდო, თორემ მას კიდევ მიეცემოდა სათამაშო პრაქტიკის მიღების საშუალება. მას არავითარი პრობლემა არ გააჩნია, უბრალოდ, როცა გუნდი იგებს და თან მეკარე გოლს არ უშვებს, მისი შეცვლა გაუმართლებლად მიმაჩნია.

- უდიდესი გამოცდილების მქონე იონანიძეს ახალ სეზონში იშვიათად ეძლევა თავის გამოჩენის შანსი. ვეტერანი ფეხბურთელი ამის გამო განაწყენებული ხომ არ არის?

- იონანიძე სამტრედიაში გასვლითი მატჩისას შეცვლაზე შევიყვანეთ და იგი თამაშში არცთუ ურიგოდ ჩაერთო. იშვიათია ფეხბურთელი, რომელსაც თანაგუნდელების მისებრ გამხნევება და აყოლიება შეუძლია - მნიშვნელობა არა აქვს, მოედანზეა თუ მის გარეთ. იონანიძე ”ზესტაფონისთვის” მეტად საჭირო ფეხბურთელია და ჩვენ ყოველთვის მისი დიდი იმედი გვაქვს

ბადრი კეთილაძის ფოტო

ფრიდონ კერვალიშვილი, www.worldsport.ge
   
FC ZESTAFONI © 2005