ინტერვიუ დავით აბაშიძესთან.
ზესტაფონური იდეები
"ზესტაფონის" დირექტორი დავით აბაშიძე (ბატონ დავითს რამდენიმე დღის წინ 60 წელი შეუსრულდა - ს. კ. ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური) კლუბის სამომავლო გეგმების თაობაზე გველაპარაკება. ის კლუბში პრეზიდენტ ილია კოკაიასთან წლების მეგობრობამ მიიყვანა, ბიზნესსა და ფეხბურთში დიდი ხანი საქმიანობდა, მაგრამ "ზესტაფონში" ბიზნესისთვის დრო აღარ დარჩა, როგორც თავად ამბობს, საყვარელ სფეროშია და ბიზნესისკენ გახედვა არც სურს.
35-ე საფეხბურთო სკოლის გაზრდილს დიდი ფეხბურთი არც უთამაშია, მხოლოდ ზესტაფონის "მეტალურგში", ახალციხის "მესხეთსა" და "გარდაბანში" უთამაშია, ფუნქციონერის რანგში კი გაცილებით მეტს მიაღწია. 90-იან წლებში თბილისის "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლის ჯერ მწვრთნელი, შემდეგ კი დირექტორი გახდა, 2004 წლიდან კი "ზესტაფონშიც" დირექტორობა შესთავაზეს.
- ბატონო დავით, "ზესტაფონი" ლიდერებში გაერია. თუმცა, რაიონში ყოველთვის პრობლემატურია გრანდის ჩამოყალიბება - ფეხბურთელები თბილისურ კლუბებს უფრო ეტანებიან.
- "ზესტაფონი" უკვე კლუბია, სადაც თამაში ფეხბურთელებს უხარიათ. ესაა ილია კოკიას ყველაზე დიდი მიღწევა. მესმის რასაც გულისხმობთ, საქართველოში და მით უფრო რეგიონში თამაში ბევრს არ სურს, მაგრამ იმედია, მალე "ზესტაფონის" ბაზას ავაშენებთ და ზესტაფონში გადმოსვლა ყველა მოისურვებს. გეთანხმებით, რაიონში ფეხბურთელის ჩაყვანა პრობლემატურია. შესაძლოა, ჩვენ უკეთესი პირობები შევთავაზოთ, მაგრამ უარესი პირობებით, თბილისურმა კლუბმა გადაიბიროს. ეს უმნიშვნელო ფაქტორი არაა, ფეხბურთელს კეთილმოწყობილ ქალაქში ცხოვრება სურს, სადაც საღამოს კარგად დაისვენებს და გაერთობა. ზესტაფონში ამ კუთხით პრობლემებია, რასაც ილია კოკაია ითვალისწინებს და ბაღებისა და სკვერების მოწყობა გადაყვიტა.
- ეს ხომ ქალაქის პრეროგატივაა?
- დიახ, მაგრამ ქალაქს ჩვენ ხომ გვერდში უნდა დავუდგეთ, რადგან ზესტაფონის კეთილმოწყობა ჩვენს ინტერესშია. ასე ორი კურდღლის დაჭერა შეიძლება - ახალი სკვერები და პარკები ფეხბურთსაც წაადგება და ზესტაფონსაც.
- საკლუბო ბაზისთვის ტერიტორიის გადაცემას საშველი რატომ ვერ დაადგა?
- როგორც ვიცი, ტერიტორიის თაობაზე ტენდერი მალე ტარდება და იმედია, გავიმარჯვებთ. კოკაიამ მე ბაზის მშენებლობაში ჩამრთო და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, შვილს ველოდები. ქალაქში, სადაც კარგად მოწყობილი გასართობი და დასასვენებელი ცენტრების ნაკლებობაა, "მილანელო" სამაგალითო ადგილი გახდება. თუკი ბაზა აშენდება, მერე ვიტყვი, რომ ცხოვრებაში რაღაც გამიკეთებია. პატარა საქმე არაა, გაჭირვებაში კლუბი თანამედროვე ბაზას რომ ააშენებს. ხუთი ნორმალური მოედანი ხომ მთელ საქართველოში არაა.
- ბაზის მშენებლობა რა თანხა დაჯდება?
- გარკვეული მონახაზი არსებობს, მაგრამ წინასწარ ამის დათვლა შეუძლებელია. ხომ იცით, მშენებლობას დაიწყებ და თავს ახალ-ახალი ხარჯი იჩენს. თუმცა, კოკაია უკან დახევას არ აპირებს. ეს საშვილიშვილო საქმე იქნება არა მხოლოს ზესტაფონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ყველა რეგიონში ისურვებენ, მათი ბაზით ნაკრებებმა ისარგებლონ. დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ ასეც მოხდება. "ზესტაფონის" პრეზიდენტს რომ არ მოენდომებინა, დღეს ჩვენი სტადიონიც ისეთივე ჩაოხრებული იქნებოდა, როგორც ბევრ დიდ ქალაქში.
- ცოტა უცნაური იყო, რომ გაჭირვების დროს, "ზესტაფონმა" საკმაოდ ძვირადღირებული ტრანსფერები განახორციელა. გამოდის, ეკონომიკური კრიზისი არ შეგეხოთ?
- კრიზისი ყველას შეეხო, მაგრამ კოკაიას ევროპული დონის კლუბის ჩამოყალიბება სურს და არა ისეთის, რომელიც სამეულში მსაჯების დახმარებით მოხვდება, მაგრამ ევროპაში სან-მარინოს გუნდთან სამარცხვინოდ წააგებს. საამისოდ თანხებსაც არ იშურებს. ვფიქრობ, წლევანდელმა ევროთასებმა საინტერესო გუნდის კონტურები გამოაჩინა. მთავარია, რომ კლუბი სტაბილურად არსებობს და ფინანსური რყევები არ შეგვხებია. სტაბილური ფინანსური გარემო, შეთამაშებული შემადგენლობა, ძლიერი მწვრთნელები და მენეჯმენტი დამაიმედებელია.
- ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ გუნდს მომავალი თაობები სჭირდება. ზესტაფონს გააჩნია ამის რესურსი?
- ჩვენ ბავშვები რაიონებიდანაც მოგვყავს და თბილისიდანაც. ალბათ, საქართველოში ამით უნიკალურები ვართ. ბავშვები რაიონებიდან თბილისში მიჰყავდათ და ჩვენ საპირისპირო მოძრაობა დავიწყეთ და ბავშვებს ტრანსპორტითა და კვებით ვუზრუნველყობთ. ბაზაზე კი ინტერნატი გაიხსნება.
- მართალია, თითქოს წელს გიორგი დემეტრაძის გადაბირება გსურდათ?
- ტრანსფერები მე არ მეხება და სიმართლე გითხრა, ეს ამბავი გაზეთებიდან შევიტყვე. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ტყუილია. წელს ისეთი ფეხბურთელების ჩამოყვანაზე იყო ლაპარაკი, დემეტრაძესთან მოლაპარაკება არ გამიკვირდებოდა.
- საკმაოდ უცნაური ამბავი გვითხრეს - "ზესტაფონი" ბილეთების გაყიდვიდან შემოსავალს იღებს?! არ ვიცი, საქართველოში მსგავსი მეორე გუნდი კიდევ თუ არსებობს.
- ეს საქართველოსთვის უნიკალური მოვლენაა. თუმცა, ბოლო წლებში, მაყურებლის სიმცირე შეინიშნება. ეს მარტო ზესტაფონში არ ხდება, საერთო ტენდენციაა. ისე, პარადოქსია - როდესაც პრეზიდენტი კოკაია გახდა, უამბიციო და სუსტი გუნდი გვყავდა, მაგრამ უცებ მოფერიანდა და სტადიონი მუდამ ივსებოდა. ბოლო წლებში კი, რამდენჯერმე თასის ფინალში გავედით, თასიც მოვიპოვეთ, სულ ლიდერებში ვტრიალებთ და ამის მიუხედავად, შედარებით ნაკლები ხალხი დადის.
- ყველაფრის ახსნა შეიძლება.
- რა თქმა უნდა. ეტყობა, ქართული ფეხბურთის კრიზისი დიდ გავლენას ახდენს. ჩვენ კიდევ არ გვიჭირს, ორლარიან ბილეთებს საკმაოდ ბევრი ადამიანი ყიდულობს, სხვაგან კი 2-3 ათასი მაყურებელიც სანატრელია. შესაძლოა, მაყურებლის მოთხოვნები გაიზარდა და ჩემპიონობას და ევროთასებზე გაცილებით უკეთეს გამოსვლას გვთხოვს და ჩვენც ამას ვესწრაფით. თუმცა, "ზესტაფონში" არიან ფეხბურთელები, რომლებიც ხალხის გემოვნებას ესადაგება. ცარიელ სტადიონზე თამაში საშინელებაა. მაყურებლის მოზიდვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ამიტომაც გახდა. ფეხბურთი ერთგვარი შოუაა, რომელსაც ეფექტური ფეხბურთელები ქმნიან და ამ შოუს დადგმას ხელი უნდა შევუწყოთ.
- მართალია, თითქოს კორეაში მოთამაშე ჟილვან ვიეირას "ზესტაფონში" დაბრუნება სურს? შოუს ეს კაცი მართლა დგამდა.
- (იცინის) დასამალი რა არის, ვიეირა კორეაში თავს კარგად ვერ გრძნობს და დაბრუნება შემოგვთავაზა. მთავარია, რა პოზიციას დაიკავებს გია გეგუჩაძე და პირობებზე თუ შევთანხმდებით. ისე, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, ვიეირა ზესტაფონელი გულშემატკივრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი იყო და მის სანახავად დადიოდნენ.
|