იმერული დერბი ორწლიანი პაუზის შემდეგ.
2009 წლის 8 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები. სამტრედიაში გამართულ იმერულ დერბიში ”ზესტაფონი” უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს დაუპირისპირდა.
დღევანდელი შეხვედრა იმითაც იყო განსაკუთრებით საინტერესო, რომ ეს გახლდათ უმაღლეს ლიგაში ორი იმერული გუნდის პირველი დაპირისპირება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. დღევანდელ მატჩამდე უკანასკნელი ”დერბი” 2007 წლის 5 მაისს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში შედგა . მაშინ ერთმანეთს სწორედ ზესტაფონელები და იმ პერიოდში ჯერ კიდევ უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ქუთაისის ”ტორპედო” დაუპირისპირდნენ.
მატჩის დაწყებამდე ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელიც სამტრედიელთა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას მიეძღვნა, ხოლო გუნდების კაპიტნებმა ზურაბ მამალაძემ და სპარტაკ გოგიამ ეროვნული ჰიმნის თანხლებით ხუთჯვრიანი დროშა აღმართეს და სამტრედიაში საფეხბურთო სეზონიც გახსნილად გამოცხადდა. უშუალოდ მატჩის მსვლელობა კი პირველივე წუთებიდან ზესტაფონელთა კარნახით წარიმართა. თუმცა ანგარიშის გახსნა მათ მხოლოდ ტაიმის მიწურულს მოახერხეს - XXI-ე ეროვნულ ჩემპიონატში ზესტაფონელთა პირველი გოლის ავტორი გიორგი ხიდეშელი გახდა- მან 34-ე წუთზე თავური დარტყმით ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში გადაგზავნა. მეორე გოლი კი 40-ე წუთზე ჯაბა დვალმა ლამაზი კომბინაციის შედეგად გაიტანა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა სცადეს მატჩის გადარჩენა, ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა მარგველებსაც შეეძლოთ, თუმცა პირველი ტაიმის ანგარიში აღარ შეცვლილა - ზესტაფონელთა პირველი გამარჯვება სეზონში - 2-0 .
მატჩის შემდეგ ( გაზეთი "მსოფლიო სპორტი", www.worldsport.ge):
გია გეგუჩაძე ("ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი): "უპირველესად მინდა ავღნიშნო, რომ სამტრედიაში სუფთა საფეხბურთო ატმოსფერო დაგვხვდა. ხალხი გახარებულია იმით, რომ როგორც იქნა, ამ ქალაქს ფეხბურთი დაუბრუნდა. თამაში ორგანიზებულად ჩატარდა. ერთადერთი ისაა, რომ მინდვრის საფარი ვერ იყო მთლად კარგ დონეზე. მადლობა ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, რომლებიც სამტრედიაში გამოგვყვნენ. მართალია, სამტრედიელები უფრო ბევრი იყვნენ, მაგრამ თამაშის დროს ჩვენი გუნდის ქომაგების შეძახილებიც ისმოდა. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და სრულ უპირატესობას ვფლობდით, რაც ანგარიშშიც აისახა, მეორე ნახევარში კი საქმე ჩვენვე გავირთულეთ, მოვდუნდით და მეტოქემაც შემოგვიტია. "სამტრედიამ" რამდენიმე კარგი იერიში განახორციელა, მაგრამ ბოლოსკენ თამაში გამოვასწორეთ და რამდენჯერმე კარში დარტყმაც მოვახერხეთ. პრინციპში, საქმის შუა გზაში მიტოვება ჩვენი სენია. კონცენტრაცია და მოპოვებული უპირატესობის დაბრუნება თავიდან გვიწევს, რაც ამ ჯერზე გამოგვივიდა, თუმცა, ეს ნაკლი აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ".
საქართველოს XXI-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 15 აგვისტოს შინ გამართავს. იმერელთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ”გაგრა” იქნება ...
|