04.08.2009

 

 

”ზესტაფონი” კაცების გუნდია!

 

 

 

გასულ უქმეებზე ”ზესტაფონში” დებიუტი ჰქონდა ნახევარმცველ ლევან კორღალიძეს, რომელიც ორწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში პირველად გამოჩნდა. როგორ მოხვდა კორღალიძე ”ზესტაფონში”, რა აზრისაა ახალ გუნდზე, რით ახსნის საშინაო ფრეს გადახალისებულ ”ლოკომოტივთან”, როგორია საქართველოს ჩემპიონატის დონე და რას ელის ოჯახური დერბისგან - ლევანს სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ შევეხმიანეთ...

- მაშინ, როცა ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ დააღწიონ თავი აქაურობას და რომელიმე უცხოურ კლუბში მოეწყონ, თქვენ მოლდოვიდან სამშობლოში დაბრუნდით. ეს რითი შეიძლება აიხსნას?

- სამშობლოში ოჯახური სიტუაციის გამო დავბრუნდი. სხვათა შორის, უცხოური წინადადებებიც მქონდა, მაგრამ...

- ”ზესტაფონმა” უკეთესი პირობები შემოგთავაზათ?

- აგენტმა, რომელიც ჩემს ტრანსფერზე მუშაობდა, უნგრული და კვიპროსული ვარიანტები შემომთავაზა. ყველაფერი უცებ მოხდა, არც ვიცოდი, კონკრეტულად რომელ კლუბებზე იყო ლაპარაკი. სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა ”ზესტაფონში” გადასვლის შანსიც. არადა, ”დაჩიასთან” კონტრაქტი მაკავშირებდა და, შესაბამისად, საბოლოო სიტყვა კიშინიოველებზე იყო. უნგრულ-კვიპროსული ვარიანტების გარკვევას კი დრო სჭირდებოდა. ამ დროს, ”ზესტაფონი” ეგრევე კონტრაქტს მთავაზობდა, თანაც, მისაღები პირობებით. ჰოდა, ბევრი არც მიფიქრია და თანხმობა ვუთხარი. ”დაჩიას” პრეზიდენტს არ უნდოდა ჩემი გაშვება, მაგრამ რამდენიმე დღეში ისიც დავითანხმე და ”ზესტაფონთან” 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე...

- რა წარმოდგენა შეგექმნათ ამ გუნდზე?

- მშვენიერი გუნდია. იონანიძე, აფციაური... გამოცდილი ფეხბურთელებიც არიან და ახალგაზრდებიც... ”ზესტაფონი” მებრძოლი, დისციპლინირებული, ორგანიზებული... რომ იტყვიან, კაცების გუნდია! აქ ყველა პირობაა საიმისოდ, რომ მოთამაშემ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს, საამისოდ განეწყოს და მოემზადოს. მალე გუნდს თანამედროვე ბაზაც ექნება და არ შეიძლება, ეს შედეგში არ აისახოს. ხომ ნახეთ, მხოლოდ წამები დაგვაკლდა, რომ ძლიერი შვედური გუნდის ”ჰელსინგბორგის” ბარიერი რომ დაგვეძლია. მჯერა, გაისად ამ დონის გუნდთან პრობლემა აღარ გვექნება.

- ახალ გუნდში დებიუტი უკვე გქონდათ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ საგრძნობლად გადახალისებულ- გაახალგაზრდავებული ”ლოკომოტივის” წინააღმდეგ საშინაო ფრე სასიამოვნო ყოფილიყო...

- ჩვეულებრივი სიტუაცია იყო - მეტოქეს აშკარად ვაჯობეთ, მაგრამ გოლი ვერაფრით გავიტანეთ. გელაშვილს, დვალსა და სხვებსაც ჩინებული საგოლე მომენტები ჰქონდათ, მაგრამ რად გინდა... დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე გვაკლდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ”ლოკომოტივის” მეკარემ 2-3 რთული ბურთი აიღო... ერთი სიტყვით, იღბალმა ზურგი გვაქცია, ეგ იყო და ეგ.

- გია გეგუჩაძემ რა დავალება მოგცათ?

- მომცა თავისუფლება, რაც ფეხბურთელისთვის მართლაც ბევრს ნიშნავს... რაც შეეხება დავალებას, მწვრთნელებმა თამაშის გამწვავება დამავალეს და ეს შევძელი კიდეც, მაგრამ დასანანია, რომ ამას გოლი არ მოჰყვა.

- ”ზესტაფონში” დიდი კონკურენციაა. ამიტომ ვერ მოხვდით სასტარტოში?

- კონკურენციის არ მეშინია და არც არასდროს მშინებია. ამის გარეშე ძლიერი გუნდი ვერ ჩამოყალიბდება. შეცვლაზე კი იმიტომ ვითამაშე, რომ ახლა ფორმაში არ ვარ. ვფიქრობ, აგვისტოს ბოლოსთვის ჩვეულ კონდიციებს მივაღწევ და სასტარტო შემადგენლობაში ადგილსაც დავიმსახურებ.

- ”ზესტაფონში” თქვენს დებიუტს მამათქვენი, ოთარ კორღალიძეც დაესწრო. საინტერესოა, კმაყოფილი დარჩა?

- მატჩის შემდეგ ვკითხე, აქ საიდან აღმოჩნდი-მეთქი. მალე ”ოლიმპს” ”ლოკომოტივთან” აქვს თამაში და მომავალი მეტოქე დავზვერეო, მითხრა. ჩაეცინა. ცხადია, მარტო ეს არ აინტერესებდა. ისე, კმაყოფილი უნდა ყოფილიყო ჩემით თამაშით - როგორც გითხარით, თამაშის გამწვავება შევძელი.

- კორღალიძეები აქამდე მხოლოდ ერთ გუნდში იყავით. ამჟამად კი დაპირისპირებაც მოგიწევთ. შესაძლოა, ამ სეზონში ოთხი ოჯახური დერბი ვიხილოთ...

- ალბათ, და მოუთმენლად ველი ამ თამაშებს. მინდა, მამაჩემის გუნდიც დავამარცხო და ვნახოთ, რა გამოვა... მაგრამ პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ექტორ კუპერის ყურადღება მივიქციო. სიმართლე გითხრათ, საქართველოში რომ დავბრუნდი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო. დღემდე, ეროვნულ გუნდში სამჯერ მაქვს ნათამაშები - რუმინეთთან, კვიპროსსა და სომხეთთან. ამას დამსახურება უნდა და ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ კუპერს თავი მოვაწონო.

- და ბოლო კითხვა: საქართველოში 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდით. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა პროგრესი საქართველოს ჩემპიონატში?

- პროგრესზე მსჯელობა ჩვენი გუნდების საევროპო მატჩებით შეიძლება. ვნახე ”დინამოს”, ”ვიტ ჯორჯიასა” და ”ზესტაფონის” თამაშები და ოპტიმისტურად განვეწყვე. ჩემი აზრით, რეგრესი შეჩერდა. შესაძლოა, წინსვლა ჯერ ისე არ იგრძნობა, მაგრამ მთავარია, უკან აღარ მივდივართ...



დავით ცაბაძე, გაზეთი ”ლელო

 

   
FC ZESTAFONI © 2005