ინტერვიუ გიორგი გეგუჩაძესთან.
მოკლე პერიოდით გადადებული ევროასპარეზზე შედეგიანი გამოსვლა.
ქართული გუნდებიდან, მიმდინარე ევროტურნირებზე ს.კ. ”ზესტაფონმა” ჯერჯერობით საუკეთესო თამაში აჩვენა. იმერულ გუნდს აშკარად დაეტყო მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ხელი, რომელიც ახალი სეზონიდან შეგირდებს მხოლოდ ჩემპიონობას უსახავს მიზნად. შვედურ ”ჰელსინგბორგთან” თითქმის გარანტირებული ჯამური გამარჯვების ხელიდან გაშვების მიუხედავად (1:2, 2:2 დ.დ.), ზემოიმერული კლუბის თავკაცი ოპტიმისტურადაა განწყობილი. იგი რეალისტურად აფასებს მისი გუნდის შესაძლებლობებს და ჰენრიკ ლარსონის გუნდთან ”ფეხის დაცდენაშიც” ვერ ხედავს გამოუსწორებელ ტრაგედიას. ”მსოფლიო სპორტი” საკუთარი გუნდის 21-ე ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადების ეტაპების დასახასიათებლად, ”ზესტაფონის” მთავარ მწვრთნელს ესაუბრა.
- ახალი სეზონისთვის მზადებას 2 ივნისიდან შევუდექით. ჩვენ უპირატესად ევროლიგაზე სათამაშოდ ვემზადებოდით. კი იცით, როგორც დასრულდა ეს ყველაფერი - ახლა კი უშუალოდ ჩემპიონატისთვის მზადებაზე გადავერთვეთ. თუმცა, ამისთვის დიდი დრო არც დაგვრჩა, მაგრამ მიმაჩნია, გუნდი უკვე არის იმ კონდიციაში, რომ 1 აგვისტოდან ჩვეული შემართებით შეუდგეს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას.
- თვლით თუ არა, რომ შვედებთან საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ გუნდი ცოტათი გადაიღალა კიდეც.
- ისინი პროფესიონალები არიან და სეზონის დასაწყისში გადაღლა პრაქტიკულად გამორიცხულია. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც მივეცით ფეხბურთელებს ”ჰელსინგბორგთან” საპასუხო მატჩის შემდეგ ხუთდღიანი დასვენება და 28 ივლისიდან უკვე უშუალოდ ჩემპიონატისთვის მზადებას შევუდექით.
- საყოველთაო შეფასებით, თქვენი გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია. რა შეიცვალა ”ზესტაფონში” წინა სეზონთან შედარებით?
- შეცვლილი ალბათ ბევრი რამ არის - გუნდი გადასხვაფერდა, რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ, ბევრი წავიდა. ჩვენ ისევ გუნდის შენების პროცესში ვართ და ამასთან ერთად, ვთვლი, რომ საკმაოდ ძლიერმა კონტინგენტმა მოიყარა ”ზესტაფონში” თავი. ამდენად, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ამ სელექციის მხრივ.
- უმთავრეს კონკურენტად ვის დაასახელებდით საჩემპიონო პაექრობაში?
- ალბათ არ იქნება სწორი მხოლოდ ერთი გუნდის გამოყოფა. ”დინამო”, ”ვიტ ჯორჯია”, ”ოლიმპი” - ეს ის გუნდებია, ვისთანაც ძირითადი ბრძოლა მოგვიწევს. ჩემპიონატი ჯერ დაწყებული არ არის და სხვა გუნდების სიძლიერეზე გამიჭირდება ლაპარაკი - ბევრი ახალი გუნდია, ბევრი შემადგენლობით გადახალისდა. აი, როცა საქმეში ვნახავთ ყველას, მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება რაღაც დასკვნების გაკეთება.
- ”ზესტაფონი” ჩემპიონობისთვის ბრძოლის სასარგებლოდ, თასზე სრული დატვირთვით ბრძოლაზე უარს ხომ არ იტყვის?
- მიმაჩნია, რომ გუნდმა უარი არცერთ გათამაშებაზე არ უნდა თქვას. თავისთავად ცხადია, თასისთვისაც ისეთი შემართებით ვიბრძოლებთ, როგორც ჩემპიონობისთვის.
- არის სათამაშო რგოლი, სადაც თქვენი გუნდი კიდევ საჭიროებს ახალი ფეხბურთელის დამატებას?
- გუნდის კომპლექტაცია მუდმივი პროცესია. თუ გინდა, რომ გაძლიერდეს გუნდი, სელექცია-დაკვირვება სასურველ ფეხბურთელებზე სულ უნდა გააგრძელო. შეიძლება ამ ეტაპზე ითქვას, რომ სელექცია შეჩერდა, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, ჩემპიონატის დაწყებამდე ვინმე კიდევ დავიმატოთ (28 ივლისის საღამოს, ”ზესტაფონმა” ორწლიანი კონტრაქტი ლევან კორღალიძესთან გააფორმა - ფ.კ.).
- დროგამოშვებით, ისეთ ფეხბურთელებს შეელევით ხოლმე, რომლებიც სხვა გუნდებისთვის ძირითადი შემადგენლობაში სანატრელად ითვლებიან?
- მიმაჩნია, რომ გუნდის ყველა წევრის ინტერესი და მათ შორის ფეხბურთელისაც, კლუბის ინტერესებს უნდა დაემორჩილოს - გამონაკლისი ამაში არც მე ვარ. ამდენად, ამ პრინციპს ვერავის დავარღვევინებ. ეს თქვენ ახარისხებთ, ძირითადის და თადარიგის ფეხბურთელს, თორემ ჩემთვის ყველა ერთნაირად მნიშვნელოვანია. კონკრეტულ თამაშზე ირჩევა შესაბამისი ტაქტიკა და ამის მიხედვით ირჩევა ის 11 ფეხბურთელი, ვინც თავიდან გადის დავალების შესასრულებლად.
- ბოლოს, ”ჰელსინგბორგთან” საპასუხო შეხვედრაში, ხელიდან დასანანად გაშვებულ საბოლოო გამარჯვებაზეც ვთქვათ.
- აქ იყო გარკვეულწილად იღბალი, გარკვეულწილად გამოუცდელობა. ალბათ, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. კიდევ ვიმეორებ, ბევრ რამეს ახლა ვსწავლობთ, ვიძენთ გამოცდილებას და იმიტომ ვაკეთებთ ამას, რომ მომავალში გაცილებით უფრო ღირსეულად წარვსდგეთ. მიმაჩნია, რომ მოკლე პერიოდით გადავდეთ ევროასპარეზზე შედეგიანი გამოსვლა.
|