29.07.2009

 

 

კორღალიძე ”ზესტაფონში” ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

 

 

 

ლევან კორღალიძეს რამდენიმე უცხოურ კლუბში აქვს ნათამაშები, სადაც ყოფილა, ყოველთვის ლიდერის ფუნქციებს ასრულებდა. ერთი პერიოდი საქართველოშიც განაგრძო თამაში, როდესაც ”სიონის” ღირსებას იცავდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ უცხოეთს მიაშურა. ბოლოს მოლდოვური დაჩიას შემადგენლობაში ასპარეზობდა და საკმაო წვლილი მიუძღვის იმაში, რომ გუნდი ვერცხლის სინჯის მედლებს დასჯერდა.
ამპლუით ნახევარმცველი საქართველოში კვლავ დაბრუნდა, ოღონდ ახლა ”ზესტაფონის” შემადგენლობაში - წლეულს იმერლებს საჩემპიონო ამბიციები აქვთ და ფეხბურთელმაც ამიტომ გადაწყვიტა იმერულ კლუბთან თანამშრომლობა.
გუშინ ფეხბურთელს იმ დროს დავუკავშირდით, როდესაც ზესტაფონში მიდიოდა. ლევანს რამდენიმე კითხვით გავესაუბრეთ:


- ”დაჩიადან” გათავისუფლების ფურცელს დღე_დღეზე ველოდებოდი, ცოტა ხნის წინ მოლდოვური კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრე, ყველაფერზე შევთანხმდით, მითხრა, რომ გათავისუფლების ფურცელთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არაა. დოკუმენტი უკვე მივიდოდა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში”, იმერლები სავარაუდოდ დღესვე შემიყვანენ საჩემპიონატო განაცხადში.
- ”ზესტაფონის” ხელმძღვანელებთან საუბარიც გექნებოდათ...
- ვიდრე ფორმალური საკითხები მოგვარდებოდა, იმერულ კლუბში რამდენიმე ვარჯიში გავმართე, დაველაპარაკე კლუბის ხელმძღვანელობასაც. წინასწარი შეთანხმებით, გუნდთან ორწლიან კონტრაქტს მოვაწერ ხელს, მაგრამ ჯერჯერობით არანირი ხელშეკრულებისთვის ხელი არ მომიწერია.
- გუნდზე როგორი წარმოდგენა შეგექმნათ?
- ”ზესტაფონი” ძლიერი კლუბია, მწვრთნელებიც სერიოზული ჰყავთ - გია გეგუჩაძე, გია ჭიაბრიშვილი, დავით ჯანელიძე. კლუბის პრეზიდენტი ბატონი ილია კოკაია ყველაფერს აკეთებს, რომ ”ზესტაფონი” მაღალი დონის გუნდი იყოს. მოხარული ვარ, რომ ასეთ კლუბში მომიწევს თამაში, ”ზესტაფონი” საკმაოდ ამბიციური გუნდია, იმედია იმერულ კლუბთან ბევრ ტიტულს მოვიგებ. ”ჰელსინგბორგთან” პირველ მატჩს ვერ დავესწარი, არადა ძალიან მინდოდა თამაშის ნახვა. როგორც მითხრეს, გუნდს კარგი ფეხბურთი უთამაშია, სამწუხაროდ ბოლო წუთებზე გაუშვეს გოლი.
- საქართველოში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?
- მართალია სამშობლოში დავბრუნდი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ევროპაში აღარ ვითამაშებ. შესაძლოა დადგეს დრო, როდესაც კვლავ უცხოეთში წავიდე კარიერის გასაგრძელებლად, უბრალოდ ახლა ასე ჩავთვალე საჭიროდ, საქართველოში ოჯახური პრობლემების გამო ჩამოვედი.
- ისე გამოდის, რომ მომავალ ჩემპიონატში მამა-შვილი ერთმანეთის წინააღმდეგ იქნებიან - თქვენ ”ზესტაფონისთვის” ეცდებით წარმატების მიღწევას, ბატონი ოთარი კი მწვრთნელის რანგში `ოლიმპისთვის~ ეცდება ანალოგიურის გაკეთებას. არ იყო ”ოლიმპიდან” შეთავაზება?
- მამას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეს ფეხბურთია, სპორტში ასეთები ხშირად ხდება. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად იყო ”ოლიმპიდან” შეთავაზება, მაგრამ იმ პერიოდში უკვე ”ზესტაფონთან” ვაწარმოებდი მოლაპარაკებას და სიტყვას ვერ გავტეხდი. სადაც მამაჩემი იქნება მწვრთნელი, ისეთ გუნდში ერთი მიზეზის გამო ვერ მივალ _ თუ იმ დონეზე დავედი, სადაც მხოლოდ მამაჩემის გუნდში ვითამაშებ და სხვა ჩემს სამსახურზე უარს იტყვის, მაშინ საერთოდ დავანებებ ფეხბურთის თამაშს თავს. დღესდღეობით ასე მოხდა, რომ მომავალში იმერული კლუბის ღირსებას დავიცავ.
- წლეულს ”ზესტაფონმა” სერიოზულ კონტიგენტს მოუყარა თავი. ამბიციები გექნებათ...
- გუნდი აუცილებლად ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მხოლოდ მაგ პირობით მოვედი კლუბში. ყოველთვის ისეთ გუნდში ვიყავი-ხოლმე, სადაც გუნდს ამბიცია აქვს და მოწინავე პოზიციებისთვის ბრძოლობს. იყო გამონაკლისი, როდესაც ”სიონის” ღირსებას ვიცავდი, მაგრამ იმ დროს მასე იყო საჭიროდ. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ჟინი გუნდს წაადგება და ერთობლივად იმ მიზნის მიღწევას შევძლებთ, რაც ”ზესტაფონს” აქვს დასახული.

კახა მგელაძე , გაზეთი ”ოლიმპი

 

   
FC ZESTAFONI © 2005