25.07.2009

 

 

გია გეგუჩაძე: მე მომავალზე გავაკეთე გათვლა.

 

 

 

როგორც იქნა, ევროტურნირებზე კვლავ ვიხილეთ ქართული გუნდი, რომელმაც შემტევი და კარგად ორგანიზებული თამაში აჩვენა. "ზესტაფონმა" "ჰელსინგბორგთან" დაპირისპირებაში დასანანი მარცხი იწვნია, არადა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპამდე სულ რამდენიმე წამი რჩებოდა...

საინტერესოა, თუ რას ფიქრობს ?ოლიმპიას? მატჩზე ზესტაფონელთა თავკაცი გია გეგუჩაძე. მას გუშინ დავუკავშირდით...

- ცივი გონებით რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ "ჰელსინგბორგთან" მატჩის შემდეგ?

- სამწუხაროა, რომ მომდევნო რაუნდში ვერ გავედით, არადა, ჩემი აზრით, ჩვენი გუნდი ამას ნამდვილად იმსახურებდა. თუმცა რა გაეწყობა, წარსულს ვეღარ შევცვლით და სჯობს, შევაფასოთ ის, თუ რა მოგვცა ევროტურნირებზე წლევანდელმა ასპარეზობამ. რა თქმა უნდა, უმთავრესად ეს არის გამოცდილება, რომელიც ასე საჭიროა ქართველი ფეხბურთელებისთვის... გარდა ამისა, მათ ირწმუნეს, რომ ნებისმიერ გუნდთან შეუძლიათ ტოლსწორი თამაში. ბუნებრივია, "ნებისმიერ გუნდში" არ ვგულისხმობ "ბარსელონას", "მანჩესტერს იუნაიტედსა" და ასეთი რანგის კლუბებს, საშუალოევროპულ გუნდებზე ვლაპარაკობ.

- საინტერესოა, რა უთხარით მატჩამდე ფეხბურთელებს? როცა შინ 2:1 გაქვს წაგებული, არ არის ადვილი საპასუხო თამაშზე გასვლა ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე... თუმცა, მეორე მხრივ, შეიძლება გაჩნდეს დამატებით მოტივაციაც...

- ფსიქოლოგიურად გუნდის განწყობა არანაკლებ მიშვნელოვანი იყო. ბიჭებს ვუთხარი, რომ მეტოქეზე არანაკლებ კარგად შეეძლოთ თამაში. "ჰელსინგბორგს" თავისი დადებითი მხარეები აქვს, ჩვენ - ჩვენი. ფეხბურთში მხოლოდ სახელი და გვარი არაფერს ნიშნავს, თუ მოედანზე სათანადოდ არ გაისარჯე. ამიტომაც მივუთითე ბიჭებს, რომ მოწინააღმდეგის ცნობილ ფიგურებს არ უნდა მორიდებოდნენ. მივიჩნიე, რომ მთავარი იყო, სწორედ ეს ფაქტორი მომეხსნა. ამან შებოჭა ჩვენი ფეხბურთელები პირველ მატჩში. თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ეს გარკვეულწილად შევძელი. საკუთარი ძალების რწმენა თანამედროვე ფეხბურთში ბევრს ნიშნავს.

- ეტყობა, ამიტომაც ითამაშა "ზესტაფონმა" შემტევი ფეხბურთი. თუმცა სხვა გზა არც გქონდათ...

- პირველი მატჩის შემდეგ ბიჭები საკუთარ თავზე გაბრაზებულები იყვნენ და ჰქონდათ კიდეც საამისო საბაბი... ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც გეტყვით - შვედებთან პირველი მატჩის ჩანაწერის ნახვისა და ანალიზის შემდეგ თავად ფეხბურთელებმა თქვეს, რომ სტუმრად შემტევი ტაქტიკა უნდა აგვერჩია. რა თქმა უნდა, მეც ამ აზრის ვიყავი და როგორც ნახეთ, ამან გაამართლა კიდეც, თუმცა ბოლო წუთზე გაშვებულმა გოლმა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა...

- პირველი ტაიმი 2:0 მოიგეთ. შესვენებისას რა დავალება მიეცით ფეხბურთელებს?

- არაფერი შეგვიცვლია. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ შემტევი თამაში უნდა გაგვეგრძელებინა, რათა ანგარიშის განმტკიცებაზე ზრუნვას ნიშნავდა, და ამავე დროს, არ უნდა დაგვეკარგა ბურთზე კონტროლი...

- მატჩის ბოლოს წამებზე, როცა შვედებმა გოლი გაიტანეს და თამაში დამატებით დროში გადავიდა, დაუშვილი, ძარია და გელაშვილი უკვე გაყვანილი გყავდათ მოედნიდან. შეცვლები იძულებით იყო?

- დიახ, ძარია და დაუშვილი დაშავდნენ. გარდა ამისა, ცვლილებებს ტაქტიკური მოსაზრებითაც მივმართე.

- შვედების საგოლე შეტევამდე რამდენიმე წამით ადრე, ფრიად უცნაური ეპიზოდი ვიხილეთ. არბიტრმა ეგრეთ წოდებული სადავო ბურთი არა მეტოქეებს, არამედ შვედ ფეხბურთელებს შორის ჩააგდო. ეს წესების დარღევა არ იყო?

- არა, წესების დარღვევა არ ყოფილა. მასპინძლები ბოლო შეტევას ავითარებდნენ, მოულოდნელად, მოედანზე მეორე ბურთი გამოჩნდა და ბუნებრივია, არბიტრმა თამაში შეაჩერა. ბურთის სადავო გდებისას, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა, რომელიმე ჩვენი ფეხბურთელიც მისულიყო ახლოს და ბრძოლაში ჩართულიყო... დიახ, მართალია, ბურთი მეტოქეს ეკუთვნოდა, მაგრამ ამ დროს, იქვე მდგომ ჩვენს ნებისმიერ მოთამაშეს სრული უფლება ჰქონდა, ბურთისთვის ებრძოლა. სწორედ ასეთ სიტუაციებშია საჭირო გამოცდილება.

- თითქოსდა, 94-ე წუთზე ეკსტრანდმა ჩვენს კარში ბურთი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა...

- არა, არ ყოფილა თამაშგარე, თორემ ამას ნამდვილად არ დავმალავდი.

- ჩვენს კარში მეორე გოლი გიორგი ცხადაიას შეცდომას მოჰყვა. ალბათ, ეს ევროდებიუტითაც იყო გამოწვეული. საერთოდ, როგორ შეაფასებდით მის თამაშს?

- სხვათაშორის, არჩევანი მქონდა - ცხადაია დამეყენებინა თუ გორგიაშვილი. ცხადაიასგან განსხვავებით, გორგიაშვილს ევროთასებზე უკვე მოუწია თამაშმა... მე მომავალზე გავაკეთე გათვლა და ასეთ დროს წაგებული არასოდეს დარჩები. მიუხედავად ყველაფრისა, საერთო ჯამში ცხადაიათი უკმაყოფილო არ ვარ.

- სუნდინის გოლის შემდეგ კი ალბათ ვა-ბანკზე წახვედით...

- რა თქმა უნდა, როცა უპირატესობა მეტოქის მხარესაა, ძნელია თამაშში გარდატეხის შეტანა, მით უმეტეს, ჩვენნაირი გუნდისთვის, რომელსაც, თუნდაც "ჰელსინგბორგივით", ხშირად არ უწევს გამორჩეულ გუნდებთან თამაში. დასანანი შეცდომის გამო მივიღეთ მეორე გოლი... მიუხედავად ამისა, დამატებით დროში შეტევაზე გავაკეთეთ აქცენტი. გვინდოდა, კიდევ ერთი გოლი გაგვეტანა და მომდევნო ეტაპზე გავსულიყავით...

- ფაქტია, რომ "ზესტაფონმა" კარგად ორგანიზებული, შემტევი ფეხბურთი ითამაშა. ქართული გუნდისგან ასეთ თამაშს ნაჩვევი არ ვართ. მოკლე დროში ეს როგორ შეძელით?

- წმინდა საფეხბურთო გაგებით შეგნებულ ადამიანებთან მიწევს მუშაობა. ეს კი თანამედროვე ფეხბურთში ცოტას ნამდვილად არ ნიშნავს. ზესტაფონში მართლაც კარგი კონტინგენტი შევკრიბეთ. ბიჭებს კარგად ესმით თანამედროვე ფეხბურთი, ნიჭიერები არიან და იოლად ითვისებენ დავალებებს. ასე რომ, ეს მათი დამსახურებაა. ჩვენ ახლა ვაყალიბებთ გუნდს, კარგი თამაში კმაყოფილებას იწვევს, მაგრამ უკეთესი ნამდვილად სჯობს. ასე რომ, წინსვლა არ უნდა შევწყვიტოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ გუნდი.

- დაბოლოს, "ზესტაფონში" რამდენჯერმე ივარჯიშა ლევან კორღალიძემ. მისი აყვანის საკითხი ხომ არ გადაწყვეტილა?

- მისით ნამდვილად ვართ დაინტერესებულნი და ვნახოთ, ყველაფერი ამ დღეებში გადაწყდება.


დავით ცაბაძე, გაზეთი ”ლელო

 

   
FC ZESTAFONI © 2005