სიურპრიზებით სავსე დღე.
დღეს საღამოს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გამართავს 2009-2010 წლების ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრას შვედეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, ”ჰელსინგბორგის” წინააღმდეგ ...
დღევანდელი დღე უსიამოვნო სიურპრიზებით დაიწყო - ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დანიშნულ ზესტაფონელთა ვარჯიშს ჩაშლის საფრთხე დაემუქრა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მასპინძელთა მხარემ არ უზრუნველჰყო სტუმართა ტრანსპორტირება სტადიონამდე. იმერლებს ტაქსებით მოუწიათ ვარჯიშზე წასვლა ... მეორე ”სიურპრიზი” გახლდათ ის, რომ ქართველთა სასტუმრო ”კლარიონ გრანდ ოტელის” წინ ჯერ კიდევ გუშინ საგანგებოდ გაიშალა უშველებელი კარავი, რომელშიც დღეს დილიდან მიმდინარეობს მუსიკალური ღონისძიება, რომელზეც ”მძიმე როკისა” და სხვა მუსიკალური მიმდინარეობების მიმდევრები მთელი შვედეთიდან არიან თავმოყრილნი. მთელი ამ ღონისძიების მომხიბვლელობის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელების დასვენების საქმეს ”მეტალისტთა” ზეიმი ხელს არ უწყობს .
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” აპირებს უეფას დელეგატის, ინგლისელი ადრიან ტიტკომბის ინფორმირებას შექმნილი ვითარების შესახებ ...
სასიამოვნო სიურპრიზთა რიცხვს კი განეკუთვნება ის გარემოება, რომ ზესტაფონელთა დელეგაციასა და გულშემატკივრებს შეუერთდნენ სტოკჰოლმიდან და შვედეთის სხვა ქალაქებიდან ჩამოსული ქართველებიც. გულშემატკივრები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, ჰელსინგბორგის ქუჩებში ისინი საქართველოსა და ”ზესტაფონის” დროშებით ”შეიარაღებულნი” დასეირნობენ.
ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი დღე კიდევ ერთი დიდი სასიამოვნო სიურპრიზით დასრულდება ...
|