23.07.2009

 

 

 

ზესტაფონი ძალიან გაბრაზებულია!

 

 

 

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რიხით გამოსვლის შემდეგ მომდევნო რაუნდში "ზესტაფონი" "ლისბერნზე" გაცილებით ძლიერ "ჰელსინგბორგთან" შინ 1:2 დამარცხდა. იმერელთაგან ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა ალექსი ბენაშვილმა გაიტანა (ცვლილებიდან ორ წუთში).

დღეს გია გეგუჩაძის გუნდს შვედებთან საპასუხო მატჩი აქვს ჩასატარებელი. საინტერესოა, როგორ ხვდება "ზესტაფონი" "ჰელსინგბორგთან" შეხვედრას. ინტერვიუსთვის პირველი მატჩის ერთ-ერთი გმირი ბენაშვილი შევარჩიეთ.

- რა დასკვნები გააკეთეთ შვედებთან პირველი მატჩის შემდეგ?

- ალბათ, უმთავრესი ის არის, რომ საპასუხო შეხვედრაში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და არ მოვდუნდეთ. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ გვწამდეს ჩვენი შესაძლებლობების. გუა გეგუჩაძე ამას ხშირად გვიმეორებს. ის გვარწმუნებს, რომ უკეთაც შეგვიძლია თამაში. ეს შინ თუ ვერ შევძელით, სტუმრად მაინც უნდა მოვახერხოთო, გვეუბნება მთავარი მწვრთნელი...

- როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოგივათ ეს "უკეთ თამაში"?

- მართალია, მეტოქეს მეტი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენ აბსოლუტურად თავისუფალი ვიქნებით წნეხისგან და შეგვეძლება, მოწინააღმდეგეს კონტრშეტევებით შევუქმნათ პრობლემები. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს.

- შვედეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ჰელსინგბორგს" ჰენრიკ ლარსონი და მარკუს ლანცი აკლდნენ. ეს გარკვეული უპირატესობა იქნება "ზესტაფონისთვის"...

- არ ვიცი, ითამაშებენ თუ არა ლარსონი და ლანცი. ამით ჩვენი მიზნები არ იცვლება. როგორმე, უნდა შევძლოთ და ეს ბარიერი გადავლახოთ.

- ზესტაფონური მატჩის შემდეგ გია გეგუჩაძემ თქვა - ფეხბურთელებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დარჩათო. როგორ ახსნიდით მწვრთნელის სიტყვებს? მართლა ასე იყო?

- ასე იყო. საკუთარ თავზე ვბრაზობდით. მატჩის დასაწყისშივე რაღაცნაირად შებოჭილები ვიყავით და ამით მეტოქემ ისარგებლა - თამაშის სადავეები ხელთ იგდო. ჩვენ თითქოს რიდი გვქონდა შვედების, განსაკუთრებით ლარსონის, იმავე ლანცის... რაც არ უნდა იყოს, "ჰელსინგბორგში" გაცილებით გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ. ამიტომაც ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც შეგვეძლო. ახლა ეს კომპლექსი აღარ გვაქვს და ყოველგვარი რიდი გამორიცხულია.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ზესტაფონი" გაბრაზებულია?

- ...თან ძალიან გაბრაზებულია. შინ არ უნდა წაგვეგო და ახლა უკეთეს სიტუაციაში ვიქნებოდით. ეს გაბრაზება "ჰელსინგბორგთან" საბოლოო შედეგში უნდა ავსახოთ. იმედია, მოვახერხებთ შემდგომ ეტაპზე გასვლას.

- "ჰელსინგბორგი" დაცვაში არ ჩაჯდება იმ იმედით, რომ ზესტაფონური 2:1 შეინარჩუნოს. ალბათ, შემოტევისთვის ემზადებით...

- რა თქმა უნდა, ძნელი დასაჯერებელია, რომ შვედები დაცვაში ჩაჯდნენ. ველოდებით, რომ თავიდანვე შემოგვიტევენ. მათ ხელს აძლევთ სწრაფი გოლი, რათა ამით "ზესტაფონის" შანსები საბოლოოდ დაასამარონ. ამაშია საქმე და სწორედ ეს არ უნდა დავუშვათ. მეორე მხრივ, გოლები ჩვენც გვაქვს გასატანი და რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ვიზრუნოთ, პლუს ამას, პარალელურად დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ საკუთარი კარის უსაფრთხოებასაც.

- სწრაფი გოლი "ზესტაფონსაც" გაუადვილებს საქმეს. ისე, როგორი დაცვა ჰყავს "ჰელსინგბორგს"?

- ვერ ვიტყვი, რომ შვედებს სუსტი დაცვა ჰყავთ, მაგრამ აქვთ ბზარებიც და მჯერა, გოლის გატანის არაერთი შანსი გვექნება. ზესტაფონშიც შეგვეძლო გოლების გატანა, მაგრამ გამოუცდელობის გამო ბევრი წუნი გვქონდა მომენტების რეალიზებისას. ისე, სწრაფი გოლი ჩვენც დაგვამშვენებდა და კარგი იქნება, თუ ამას შევძლებთ.

 

დავით ცაბაძე, გაზეთი ”ლელო
   
FC ZESTAFONI © 2005