”ჰელსინგბორგთან” მატჩის წინ.
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ზესტაფონმა“ შინ ჰენრიკ ლარსონის „ჰელსინბორგს“ უმასპინძლა და სამწუხაროდ, 1:2 წააგო. გუნდი შესანიშნავ ფორმაში გახლდათ, მათ შვედებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და დაამტკიცეს, რომ კარგი თამაში შეუძლიათ.
იმერლები განმეორებითი მატჩისთვის ემზადებიან, რომელიც 23 ივლისს შვედეთში გაიმართება. Geosports.ge „ზესტაფონს“ წინასამატჩო განწყობის გასარკვევად დაუკავშირდა.
გია გეგუჩაძე - „ზესტაფონის“ მთავარი მწვრთნელი
- ბატონო გია, პირველ რიგში თქვენი გუნდის საკუთარ მოედანზე თამაში შეაფასეთ. თქვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა შედეგი მეტოქის სასარგებლოდ მეტყველებს.
- ამ თამაშში ვიმსახურებდით გამარჯვებას, თუმცა ისევ ჩვენი შეცდომების გამო დავმარცხდით, რის გამოსწორებასაც სტუმრად ვგეგმავთ. ეს იყო გუნდური შეცდომები, მე კონკრეტულად არცერთ ფეხბურთელს არ ვადანაშაულებ. ალბათ ეს მეტწილად გამოუცდელობის ბრალია, ჩვენ წინააღმდეგ კარგად ორგანიზებული, დისციპლინირებული გუნდი თამაშობდა. რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიც ჰყავთ, რომლებსაც თამაშების დიდი გამოცდილება აქვთ.
- თქვენ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადეთ, რომ იქ სასეირნოდ არ ჩახვალთ...
- ჩვენ იქ სასეირნოდ წასვლა არ გვინდა, იქ ფეხბურთის თამაშს და გამარჯვებას ვაპირებთ. ბევრს ვშრომობთ ამისთვის და იქაც სასურველი შედეგისთვის მივდივართ. ძალიან რთული თამაში გველის. ერთი რამ არის კიდევ მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ასეთი რანგის თამაშები კარგად უნდა გამოვიყენოთ, რომ ის გამოცდილება შევიძინოთ, რაც ამ თამაშის მოსაგებად დაგვაკლდა.
- ბიჭები უკმაყოფილების გრძნობით იყვნენ აღსავსენი, ამაზე თქვენც ისაუბრეთ, ახლა რა განწყობა აქვთ?
- ჩემი ფეხბურთელები ამბობენ, რომ პირველი ნახევარი ვაჩუქეთო მეტოქეს. ფსიქოლოგიურად არ იყვნენ მომზადებულნი ასეთი თამაშისთვის. მეორე ნახევარში უფრო გაიხსნენ. ამბობენ, რომ დაკარგეს პირველი 45 წუთი. შეეძლოთ მნიშვნელოვანი შედეგის მოპოვება.
- შვედეთში იგივე შემადგენლობას დააყენებთ, თუ განახორციელებთ ცვლილებებს?
- ყველამ კარგად იცის, რომ არავის აქვს გარანტირებული ძირითადში ადგილი. იმ მომენტისთვის როგორც ჩავთვლით საჭიროდ, ისე დავაყენებთ ძირითად შემადგენლობას.
ზურაბ მამალაძე - „ზესტაფონის“ კაპიტანი.
- როგორ შეაფასებ თქვენ თამაშს „ჰელსინბორგთან“?
- ჩვენ უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო. ვფიქრობ, იქაც შეიძლება მოგება. ამ განწყობით მივდივართ და ვეცდებით ჩვენთვის სასარგებლო შედეგით დავასრულოთ მატჩი.
- მეტოქის შესაძლებლობებზე რას ფიქრობ?
- მეტოქე საკმაოდ კარგი, ევროპული გუნდია და მაღალ დონეზე თამაშობს ფეხბურთს. რაც აქვთ დასახული მიზნად იმას აკეთებენ, ამის გამო გაგვიტანეს ბოლო გოლიც. ბოლო წუთს მოვადუნეთ ყურადღება და... „ჰელსინბორგი“ ყურადღებით თამაშობდა მთელი შეხვედრის მანძილზე. მეტოქის ამ ხასიათს ყველაზე მეტად გამოვარჩევდი. კარგი გუდია, მაგრამ არც ისეთი, რომ არ შეგვეძლოს მასთან მოგება.
- „ჰელსინბორგში“ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც თამაშობს, რომელსაც მაღალ დონეზე აქვს შეხვედრები ჩატარებული.იქ გამარჯვების შანსი გაქვთ?
- რა თქმა უნდა, რთულია გასვლაზე თამაში, მაგრამ ჩვენ ვეცდებით მოვიგოთ. ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებით ვართ დაკომპლექტებულნი, საერთაშორისო თამაშებზეც ქართულ გუნდებს იშვიათად უწევს თამაში. ისეთი გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს, როგორიც ამ გუნდს, მაგრამ, ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ დანებებას.
|