21 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩარტერული რეისით სკანდინავიაში გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 4 საათსა და 20 წუთში იმერელთა საჰაერო ხომალდი ანგელჰოლმის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდა.
ანგელჰოლმიდან-ხელსინგბორგამდე ნახევარსაათიანი მგზავრობის, სასტუმრო ”კლარიონ გრანდ ოტელში” დაბინავებისა და 4-საათიანი დასვენების შემდეგ, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გაემგზავრება სავარჯიშოდ ქალაქ ჰელსინგბორგის სტადიონ ”ოლიმპიაზე”, სადაც ზეგ უნდა გაიმართოს უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ .
დღევანდელის მსგავსად, ვარჯიში დაგეგმილია ხვალ საღამოსაც. გუნდის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მოახლოებულ მატჩს საბრძოლო შემართებით ხვდება. შეგახსენებთ, რომ ”ჰელსინგბორგ” - ”ზესტაფონის” შეხვედრა შვედური დროით 20:45, ხოლო თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება .