06.07.2009

 

 

გიორგი ხიდეშელი: "შევეცდებით იქ მოვიგოთ".

 

 

 

16 ივლისს ზესტაფონს შვედეთის „ჰელსინბორგი“ სტუმრობდა. ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში იმერლებმა სტუმარს შესაფერისი მასპინძლობა გაუწიეს, მაგრამ სამწუხაროდ, შეხვედრა დათმეს. ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ზესტაფონელები, ნაჩვენები თამაშის მიხედვით, ნამდვილად იმსახურებდნენ გამარჯვებას.

გუნდს კიდევ ერთი და საკმაოდ რეალური შანსი აქვს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, ამისთვის მათ სტუმრად უნდა იმარჯვონ.

ზესტაფონში გამართულ შეხვედრაში თითოეული ზესტაფონელი ბოლომდე იხარჯებოდა, განსაკუთრებული მისია გიორგი ხიდეშელს დაეკისრა, მას თვით ჰენრიკ ლარსონის მეთვალყურეობა უწევდა.

Geosports.ge გიორგი ხიდეშელს ესაუბრა.

- პირველ რიგში „ზესტაფონი“ „ჰელსინბორგის“ თამაში შეაფასე, როგორ გამოიყურებოდა გუნდი, რა დაგაკლდათ გამარჯვებისთვის? ფაქტია, მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეთ...

- თავიდან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ნელ-ნელა ჩვენ თამაშს შევუდექით. ლოგიკური იქნებოდა შედეგი ფრე დაფიქსირებულიყო. სამწუხაროდ, მათ მომენტში გაუმართლათ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ გამარჯვებისთვის გამოცდილება და თავდაჯერებულობა დაგვაკლდა. სხვა, თქვენც ხედავდით, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ.

- შენ მთელი მატჩის განმავლობაში, უხეშად რომ ვთქვათ, ლარსონს „არ ახარებდი“, ვხედავდით, როგორ არ აძლევდი გასაქანს, სამწუხაროდ, ერთხელ მოდუნდი და შვედმაც ეს შანსი გამოიყენა. ასეთი დიდი ფეხბურთელის გვერდით თამაში საპასუხისმგებლოცაა და რთულიც, ამაზე რას მეტყვი?

- ძალიან სასიხარულო ფაქტია, ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთლთან რომ მომიწია თამაში. სწორედ ამაშია ლარსონის ხიბლი, 90-ე წუთზე გადაწყვიტა თამაშის ბედი. ეჭვგარეშეა, უდიდესი ფეხბურთელია! საპასუხისმგებლოც იყო და სასიამოვნოც მასთან ერთად ასპარეზობა.

- გაგიჭირდა ლარსონთან თამაში?

- ის უკვე ასაკშია. კლასის ხარჯზე თამაშობს. ნამდვილად არ არის ასეთი დონის ფეხბურთელთან თამაში იოლი, თანაც უკვე 37 წლის არის და ერთი გრამიც არა აქვს ზედმეტი, კარგ ფორმაშია.

- იმედი მაქვს, მომავალშიც არაერთხელ მოგიწევს მაღალი კლასის ფეხბურთელებთან თამაში.

- განმეორებით მატჩი 23 ივლისს ჰელსინბორგში გაიმართება. როგორ ფიქრობ გაქვთ იქ მოგების შანსი? გია გეგუჩაძემ განაცხადა, შევედეთში სასეირნოდ ნამდვილად არ ჩავალთო.. რაც შეეხება განმეორებით შეხვედრას, უკვე დავიწყეთ მზადება. იქ, რა თქმა უნდა, არაფერს არ დავთმობთ, იმისთვის გავალთ მოედანზე, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. მწვრთნელის დავალებას თუ კარგად შევასრულებთ, უცილებლად მოვიგებთ მატჩს.

- დარწმუნებული ვარ, ცდას არ დააკლებთ. ამ თამაშზე გამოჩნდა თქვენი პოტენციალი. გეგუჩაძემ ჟურნალისტებს ისიც გვითხრა, რომ ბიჭებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დარჩათო, რატომ?

- იმიტომ, რომ ვერ მოვიგეთ თამაში!

- ალბათ, დაუკმაყოფილებლობის გრძნობას იქ შეივსებთ და გულშემატკივარსაც გაახარებთ!

- დიდი მადლობა, შევეცდებით მოვიგოთ!

მირანდა სურმანიძე, Geosports.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005