18.07.2009

 

 

გია გეგუჩაძე: ”გჯეროდეთ საკუთარი ძალების!"

 

 

 

"ჰელსინგბორგთან” ”ზესტაფონის” საშინაო მარცხმა ბევრს დასწყვიტა გული. ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ იმერლების ახალგაზრდულმა გუნდმა საშუალოევროპული დონის მეტოქესთან ჯიგრიანად ითამაშა. ვინც ეს თამაში ნახა, ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ფრე ალოგიკური შედეგი სულაც არ იქნებოდა. თუმცა კლასმა და გამოცდილებამ თავისი გაიტანა და ზესტაფონელებმა შინ 1:2 წააგეს. ამ მარცხის შემდეგ იმერელთა შანსები მკვეთრად შემცირდა, მაგრამ გია გეგუჩაძის გუნდი შვედებთან მთლად უშანსოდაც არ არის. სხვათა შორის, გუშინ გამართული წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ”ზესტაფონი”-”ჰელსინგბორგის” წყვილში გამარჯვებულს მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ”სარაევოსა” (ბოსნია) და ”ტრნავას” (სლოვაკეთი) შორის უძლიერესი ელოდება.

საინტერესოა, როგორ აფასებს შვედებთან პირველ მატჩს ”ზესტაფონის” თავკაცი, შეეცვალა თუ არა წარმოდგენა მეტოქეზე, რას ფიქრობს წაგების მიზეზებსა და საპასუხო შეხვედრაზე...

მოკლედ, ამ საკითხებზე სასაუბროდ გუშინ გეგუჩაძეს დავუკავშირდით...

- საუბარი ”ჰელსინგბორგთან” მატჩის შეფასებით დავიწყოთ. როგორ შეაფასებთ ამ შეხვედრას ცივი გონებით?

- მართალია, შვედების გუნდი ჩვენზე უფრო მაღალი დონისაა და გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ თამაშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. ჩემი აზრით, ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა... თუმცა ფაქტია, რომ დავმარცხდით. თუმცა ეს წაგებაც უნდ გამოვიყენოთ. ასეთ ძლიერ გუნდთან თამაშში ჩვენი გუნდის ხარვეზები უფრო კარგად გამოჩნდა, უფრო ნათლად დავინახეთ, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი... მით უმეტეს, მზარდი გუნდი გვყავს და ნამდვილად შეგვიძლია მომატება. ერთი სიტყვით, უკეთ მოვემზადებით, ჩავალთ შვედეთში და სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ.

- როგორ ფიქრობთ, მაინც რა იყო მარცხის მიზეზი?

- რამდენიმე ფაქტორის დასახელება შეიძლება... პრინციპში, საბოლოო ჯამში, მთავარი მიზეზი გამოუცდელობა იყო.

- კიდევ რა დააკლდა ”ზესტაფონს” სასურველი შედეგის მისაღწევად?

- დავიწყოთ იქიდან, რომ ამ დონის გუნდებთან მეტი თამაში ნამდვილად წაგვადგება. მართალია, სლოვენიაში ჩატარებულ მოსამზადებელ შეკრებაზე ძლიერ მეტოქეებს ვეთამაშეთ, მაგრამ სხვაა საკონტროლო თამაში და სულ სხვა ხასიათი და დატვირთვა აქვს ოფიციალურ მატჩს. აქედან გამომდინარე, ჩვენს ფეხბურთელებს პირველ ტაიმში შებოჭილობა ეტყობოდათ. საგოლე მომენტების გამოყენების ხარისხი უფრო მაღალი რომ ყოფილიყო, უკეთესი შედეგი გვექნებოდა... ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია რწმენის მომენტი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შვედებზე ნაკლები დონის ფეხბურთელები არ გვყავს. ჩვენს მოთამაშეები დღითიდღე უმატებენ. საჭიროა მათ საკუთარი ძალების ირწმუნონ. ესეც რომ მეტი გვქონოდა, უთუოდ დაგვეხმარებოდა საჩვენო შედეგის მიღწევაში.

- სლოვენიურ შეკრებაზე 1:1 ეთამაშეთ ”მარიბორს”, რომელსაც ”ვიტ ჯორჯია” თბილისში დაუზავდა (0:0). შედარებისთვის, სლოვენიის ჩემპიონი უკეთესი გუნდია თუ ”ჰელსინგბორგი”?

- ასე ძნელია მსჯელობა. ”მარიბორიც” მომეწონა და ”ჰელსინგბორგიც”, ორივე თავისი ხელწერა და პლუსები აქვს... საერთოდ, ჩვენი გუნდების ნაკლი ის არის, რომ ასეთი დონის გუნდებთან ნაკლებად გვიწევს თამაში. კარგი იქნებოდა, ოთხივე ქართული გუნდი გასულიყო მომდევნო ეტაპზე და უფრო ძლიერ მეტოქეებთან გვეთამაშა... ”დინამოს” მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს, უშანსოდ არც ”ვიტ ჯორჯიაა”, ჩვენც ბოლომდე ვიბრძოლებთ... ქართულმა გუნდებმა, ყველამ ერთად, რეიტინგისთვის ქულები უნდა მოვაგროვოთ, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოგვადგება

- მეტოქეს ახლა უკეთ იცნობთ. მაინც რაშია ამ გუნდის ძალა? მხოლოდ ჰენრიკ ლარსონში თუ...

- პირველ რიგში, ”ჰელსინგბორგი” ღირსებაა კლასი, რასაც გამოცდილება განაპირობებს. ლარსონი, რა თქმა უნდა, მაღალი კლასის ფეხბურთელია, თითქმის ყველა პასი მიიღო, მათ შორის, დაბალი გადაცემებიც... მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მთელი გუნდი ლარსონია ან სხვა რომელიმე ფეხბურთელი. ჩემი აზრით, ”ჰელსინგბორგის” წარმატებას ფეხბურთელების ის ჯგუფი უზრუნველყოფს, რომელიც გუნდის ბირთვს წარმოადგენს. ლარსონის გარდა, ესენი არიან ლანცი, იონსონი, ანდერსონი...

- ზემოთ საკუთარი ძალების რწმენა ახსენეთ,”ჰელსინგბორგთან” მატჩში იყო ეპიზოდები, როცა ”ზესტაფონმა” აშკარად დაჯაბნა შვედები. როგორ ფიქრობთ, თქვენს ფეხბურთელებს ამან რამე შემატა?

- პრესკონფერენციაზეც ვთქვი და ახლაც ამ აზრზე ვარ - ჩემს ფეხბურთელებს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დარჩათ.

- რატომ?

- იგრძნეს, რომ უკეთ შეეძლოთ, ეთამაშათ, მაგრამ ასე არ გამოვიდა. აი, ამიტომ მგონია, რომ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დარჩათ. ვფიქრობ, ეს თამაში ბიჭებს გამოცდილების გასამდიდრებლად, კლასის ასამაღლებლად და იმ რწმენისთვის გამოადგებათ, რომელიც ასეთ მატჩებში დიდ როლს თამაშობს... თუ შვედეთში სწორედ ამ რწმენით ვითამაშებთ, მაშინ იქ მოგებაც შეგვიძლია.

- ეს რამდენად რეალურია?

- ვფიქრობ, რეალურია. საგოლე მომენტების დროს უფრო შედეგიანნი უნდა ვიყოთ, დაცვაში უხეში შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ... რაც მთავარია, არ უნდა ვერიდებოდეთ ლარსონის დონის მოთამაშეებს...

- თქვენი კოზირი შეიძლება იყოს ის, რომ ფსიქოლოგიური წნეხი არ შეგაწუხებთ, ასე ვთქვათ, დასაკარგი არაფერი გაქვთ...

- სწორედ ამას ვეუბნებოდი ფეხბურთელებს ხუთშაბათის მატჩამდე. ჩვენ დასაკარგი აქაც არაფერი გვქონდა. არავინ დავობს იმაზე, რომ ”ჰელსინგბორგი” ჩვენზე ტიტულოვანი, სახელოვანი გუნდია, უფრო გამოცდილი ფეხბურთელებიც ჰყავს... აქედან გამომდინარე, ბიჭებს ვუთხარი - გადით და თავისუფლად, ყოველგვარი ფსიქოლოგიური ტვირთის გარეშე ითამაშეთ-მეთქი.

- კიდევ რა შეიძლება იყოს ”ზესტაფონის” კოზირი?

- ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ - ჩვენი კოზირი ჩვენი თამაში, ჩვენი სტილი უნდა იყოს...

- ანუ, ინდივიდუალური ოსტატობა?

- ჩვენს გუნდს თავისი ხელწერა აქვს და რაც გნებავთ, ის დაარქვით. დიახ, სწორედაც რომ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. ლაღად და ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე, მეტად უნდა სჯეროდეთ ფეხბურთელებს საკუთარი თავის, დაცვაში აბსოლუტური ყურადღებაა საჭირო, აღარაფერს ვამბობ საგოლე მომენტების რეალიზაციაზე...


დავით ცაბაძე, გაზეთი ”ლელო

 

   
FC ZESTAFONI © 2005