ინტერვიუ გიორგი გეგუჩაძესთან.
ზესტაფონმა ათლეთური შვედების დამარცხება დაგეგმა.
"ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელისთვის ევროტურნირებზე წარმატებული გამოსვლა უცხო არაა. სწორედ გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მიაღწია ქართულმა გუნდმა (თბილისის "დინამო") უეფას ახალი პროექტში ერთადერთ მიღწევას და უეფას თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე შეაღწია - ეს ზუსტად 5 წლის წინ მოხდა.
ახლა კი, გეგუჩაძის გაწვრთნილ იმერულ გუნდს შანსი ეძლევა ახალდაარსებული ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიც წარმატებით დაძლიოს. თუმცა, ზესტაფონელების მეტოქე პირველზე გაცილებით ცნობადი და ძლიერია - შვედეთის "ჰელსინგბორგი" იმერელთა თავკაცს "სპორტული ამბები" გუშინ, ორჯერადი ვარჯიშების შუალედში დაუკავშირდა და თავდაპირველად გუნდში არსებული სიტუაციით დაინტერესდა.
- ბატონო გია, ბრიტანელებთან საპასუხო მატჩის შემდეგ, არსებობდა საშიშროება, რომ ზაალ ელიავა ნეკნების დაზიანების გამო მორიგ შეხვედრას გამოტოვებდა. ტრავმები მიიღეს ძარიამ და დაუშვილმაც, რომლებიც სწორედ ამის გამო შეცვალეთ. ახლა როგორაა მათი მდგომარეობა?
- ამ ეტაპზე ყველაფერი ნორმალურადაა - ტრავმები არავის აწუხებს. გუნდი სრულ მზადყოფნაშია და ხუთშაბათის მატჩისთვის ემზადება.
- ჩრდილოირლანდიელების ძლევის შემდეგ, გუნდში "გაგრას" ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ცხადაია დაიმატეთ. იგი უკვე შეიყვანეთ ევროტურნირების განაცხადში, თუ ეროვნულ ჩემპიონატამდე გუნდთან შეთამაშების პროცესი ექნება გასავლელი?
- ცხადაია ევროპის ლიგაზე "ზესტაფონის" განაცხადში უკვე შეყვანილია.
- "ჰელსინგბორგში" თამაშობს 37 წლის შვედი ვარსკვლავი ჰენრიკ ლარსონი. იგივე ასაკის ფეხბურთელი გყავთ თქვენც - ზურაბ იონანიძე. არის იმის შანსი, რომ გამოცდილ ქართველ ფეხბურთელს, გაცილებით უფრო სახელიან ევროპელ თანატოლთან თამაშის საშუალება მიეცეს?
- კმაყოფილი ვარ, რომ "ჰელსინგბორგთან" შეხვედრისთვის მთელი გუნდი ერთნაირი მონდომებით ემზადება. ზურაბ იონანიძე ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე ფეხბურთელია. მან კარგად იცის, როგორ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე შესაბამისი განწყობის შესაქმნელად და მის მდიდარ გამოცდილებას არაერთი საფეხბურთო ნიუანსის შესახებ, ახალგაზრდა თანაგუნდელებსაც უზიარებს. ვინ მოიპოვებს შვედებთან თამაშის უფლებას, ხუთშაბათს საღამოს 6 საათიდან გამოჩნდება.
- გუნდმა კაპიტანი აირჩია. ღია კენჭისყრით მოხდა ყველაფერი, თუ ფარულით?
- მგონი ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, გუნდს ჰყავს არჩეული კაპიტანი ზურაბ მამალაძე, ვიცე-კაპიტნები თორნიკე აფციაური და გიორგი ონიანი და საპატიო კაპიტანი ზურაბ იონანიძე.
- მეტოქეზე, ალბათ იმაზე გაცილებით მეტი იცით, რაც ევროთასების წლევანდელი სეზონის კენჭისყრის მომენტში.
- თქმა არ უნდა, "ჰელსინგბორგი" ძლიერი გუნდია. მან ეს ევროპაში ნაჩვენებ ბევრ ოფიციალურ შეხვედრაში დაამტკიცა. ვიცით, რომ საკმაოდ ათლეტური გუნდია, რომლის მნიშვნელოვანი კოზირია მეორე სართულზე კარგი თამაში. თუმცა, არც ჩვენ ვაპირებთ დაცვაში ჩაჯდომას. ყველა შემთხვევაში, შვედებთან თამაში შეიძლება და მთელი გუნდი ყველაფერს გააკეთებს დასახული ამოცანის შესასრულებლად
- და რა მიზანი გაქვთ დასახული?
- ორი შეხვედრის ჯამში "ჰელსინგბორგის" დამარცხება და ევროლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა.
გუშინდლამდე, ზესტაფონში საკმაოდ ცხელოდა. როგორც ს/კ "ზესტაფონის" პრეს-ატაშე სერგო ფუტკარაძემ "სპორტულ ამბებს" განუცხადა, ორშაბათს შუადღით თერმომეტრი 44 გრადუს სიცხეს უჩვენებდა. გუშინ კი, ამინდმა "ცოტათი მოიხედა" და შუა იმერეთში წამოუწვიმია კიდეც. დადგენილია, რომ "ჰელსინგბორგთან" ხუთშაბათის შეხვედრა 18:00-ზე დაიწყება და მასზე უეფას დელეგატის რანგში სომეხი არნი სარგსიანი იქნება. ეს ის სპეციალისტია, რომელმაც შარშან ზესტაფონის საფეხბურთო არენის ინსპექტირება გააკეთა და შვეიცარიაში "კარგი ამბავი ჩაიტანა". რაც შეეხება, ზესტაფონელთა მეტოქეს, იგი დღეს ჩარტერული რეისით თბილისში, 50-კაციანი დელეგაციით ჩამოფრინდება. სტუმრები "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდებიან და ზესტაფონში მატჩის დღეს ავტობუსით გაემგზავრებიან.
|