ჰეთ-თრიკმა რა ჰქმნა?
ევროპის ლიგის გათამაშება წელს პირველად ტარდება. ისე გამოვიდა, რომ 2 ივლისს ტურნირმა სტარტი რუსთავში, ადგილობრივ "ოლიმპსა" და ფარერების "ბ 36 ტორსჰავნს" შორის დაპირისპირებით აიღო. ამ გათამაშების პირველი გოლი რუსთაველთა ფორვარდმა გია მეგრელაძემ მიითვალა. მეგრელაძე იმითიც შევიდა ისტორიაში, რომ ამ გათამაშების პირველი დუბლი შეასრულა. საგულისხმოა ისიც, რომ ქართველებმა იმ დღეს კიდევ ორი დუბლი შეასრულეს - "ზესტაფონის" თავდამსხმელმა ნიკოლოზ გელაშვილმა და ნახევარმცველმა შოთა გრიგალაშვილმა ჩრდილოირლანდიურ "ლისბერნს" სტუმრად ორ-ორი გოლი მიართვეს.
ახალი გათამაშების ისტორიაში კიდევ ერთი ქართული გვარი - ევროპის ლიგის პირველი ჰეთ-თრიკის ავტორი ჯაბა დვალი, რომელმაც საპასუხო შეხვედრაში იმავე "ლისბერნის" კარი სამჯერ დალაშქრა. ევროპული ფეხბურთის ისტორიაში დვალის შესვლა უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმაც გვამცნო. აი, რა წერია იქ "ზესტაფონი"-"ლისბერნის" მატჩზე:
"ევროპის ლიგის ეს თამაში გათამაშების ისტორიაში გამორჩეულად ჩაიწერა, რადგან სწორედ ამ შეხვედრაში შესრულდა ამ ტურნირის პირველი ჰეთ-თრიკი. 3 ათასი გულშემატკივრის თვალწინ "ზესტაფონმა" "ლისბერნი" 6:0 გააცამტვერა. გატანილი გოლების ნახევარი - მასპინძელთა ფორვარდ ჯაბა დვალის ანგარიშზეა".
ხსენებულ ვებგვერდზე დვალის პატარა კომენტარიცაა: "ბედნიერი ვარ, რომ სწორედ მე მერგო ამ ისტორიული ჰეთ-თრიკის შესრულება, თანაც ახალ გუნდში ეს ჩემი მეორე თამაში იყო. გახარებული ვარ, რომ გულშემატკივარს ვასიამოვნეთ. ძალიან გვინდოდა, საშინაო შეხვედრაში "ლისბერნისთვის" უფრო მეტი გოლი რომ გაგვეტანა, ვიდრე ეს სტუმრად გავაკეთეთ. ახლა დროა, "ჰელსინგბორგთან" მატჩისთვის მოვემზადოთ. იმედია, ორი თამაშის ჯამში შვედების დამარცხებასაც შევძლებთ".
|