11.07.2009

 

 

შუშაკს ”ზესტაფონი” მოეწონა.

 

 

 

”ზესტაფონისა” და ”ლისბურნის” მატჩს დაესწრო ცნობილი ხორვატი მწვრთნელი ივო შუშაკი, რომელიც ამჟამად სომხურ ”მიკაში” კონსულტანტად მუშაობს. ბუნებრივია, საინტერესოა, რა შთაბეჭდილება დატოვა ხორვატ სპეციალისტზე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” თამაშმა.

ამასთან დაკავშირებით მატჩის დასრულების შემდეგ შუშაკის ნააზრევი სიამოვნებით მოვისმინეთ.
- ”ზესტაფონი” ძალიან ძლიერი გუნდია. მომეწონა გია გეგუჩაძის სათამაშო სტილი, რომელიც ქართველი ფეხბურთელების საუკეთესო მხარეებზეა დაფუძნებული.
- რომელ ქართველ ფეხბურთელს გამოარჩევთ?
- აუცილებლად უნდა გამოვყო ჰეთ-თრიქის ავტორ ჯაბა დვალის თამაში. ასევე მომეწონა ნიკოლოზ გელაშვილი და თორნიკე აფციაური, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს გუნდის წარმატებაში.
- როგორ ფიქრობთ, ჩვენს კლუბს აქვს ”ჰელსინგბორგის” ბარიერის დაძლევის შანსი?
- შანსი მართლაც არის და თანაც არცთუ მცირე. რა თქმა უნდა, ”ჰელსინგბორგი” ძლიერი გუნდია, მაგრამ თამაში მის წინააღმდეგაც შეიძლება. აი, მაგალითად, შვედეთში გამართულ შეხვედრაში ”მიკა” მატჩის 87-ე წუთამდე ტოლსწორად ეთამაშებოდა მეტოქეს. ჰენრიკ ლარსონის სათამაშო კლასმა მაინც თავისი გაიტანა.
- შვედეთს რა კომპონენტში შეუძლია ჩვენი გაკვირვება?
- ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფლანგურ ჩაწოდებებს, ჰყავთ რამდენიმე ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი.
- ისევ დღევანდელ შეხვედრას დავუბრუნდეთ. ”ლისბურნისგან” რას ელოდით?
- ფაქტი ერთია: დღეს ”ზესტაფონის” უპირატესობა იმდენად აშკარა იყო, რომ მეტოქის დადებითი მხარეები საერთოდ არ წარმოჩენილა, მხოლოდ საჰაერო ორთაბრძოლების მოგების ხარჯზე ცდილობდნენ ფონს გასვლას.
- გია გეგუჩაძის გარჯას როგორ შეფასებთ?
- დღეს დავრწმუნდი, რომ მან ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა. ”ზესტაფონს” მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ ევროასპარეზზე.

შეხვედრას დაესწრო ასევე ჩრდილოირლანდიელი საფეხბურთო ჩინოსანი ჯიმ მერფი, რომელსაც მაღალი პოსტი უჭირავს კლუბის იერარქიაში. ”ზესტაფონის” თამაში მანაც მაღალ დონეზე შეაფასა. ”მეტოქის თამაშს მაღალ შეფასებას მივცემ. ორმატჩიან დუელში მეტოქემ შანსი არ დაგვიტოვა. ”ჰელსინგბორგთან” კი გამარჯვებას გისურვებთ”, - გვითხრა ბრიტანელმა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯიმი ბრაუნმა კი ბოლოს გვითხრა, ძალიან კარგი იქნება, თუ მომდევნო ევროთასებზე ისევ შევხვდებით. მაშინ ნამდვილად ვეცდებით, ამხელა სხვაობით აღარ წავაგოთო.

 

ალეკო კაკაურიძე, გაზეთი ”ოლიმპი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005