06.07.2009

 

 

ნიკა გელაშვილი: „ბიჭებმა ყველაფერი ჩავდეთ ამ თამაშში“

 

 

 

საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირმა „ლისბურნის“ წინააღმდეგ თამაშში ორი გოლი გაიტანა და თავისი დიდი წვლილიც შეიტანა გამარჯვებაში. ”Geosports.ge” „ზესტაფონის“ თავდამსხმელს ნიკა გელაშვილს ესაუბრა.

- ნიკა, ორი გოლი გაიტანე ჩრდილოირლანდიელებთან თამაშში, ძალიან კარგად იასპარეზე, რა განცდა დაგეუფლა მაშინ, როცა თამაშის ბედი გადაწყდა?

- ძალიან კარგი განცდა დამეუფლა, 2 გოლი გავიტანე. ევროპის ლიგის თამაშზე ჩემი პირველი გოლი იყო და ამ მხრივაც ძალიან გახარებული ვარ. კარგი თამაში გამოვიდა საბოლოო ჯამში.

- ალბათ დაძაბული იყო შეხვედრა, თან სტუმრად თამაშობდით...

- დასაწყისში, სანამ გუნდს გავიცნობდით, ფსიქოლოგიურად ვიყავით დაძაბულები, მაგრამ შემდეგ სწრაფი გოლი გავიტანეთ და თამაშის სადავეები ხელში მოვიგდეთ. ბიჭებმა ყველაფერი ჩავდეთ ამ თამაშში, მთელი სული და გული.

- მეტოქის ძალებს როგორ შეაფასებ?

- კარგი დონის გუნდია „ლისბურნი“, საქართველოს ჩემპიონატში რომ იღებდეს მონაწილეობას, საკმაოდ მძლავრ მეტოქეობას გაუწევდა ჩვენს გუნდებს და მაღალი ადგილებისთვისაც იბრძოლებდა.

- განმეორებითი შეხვედრა „ლისბურნთან“ 9 ივლისს შედგება, აქაც მოიგებთ იმედია...

- აუცილებლად მოვიგებთ, შევეცდებით უფრო მეტი გოლი გავიტანოთ და საკუთარში არცერთი არ გავუშვათ. ჩვენი გულშემატკივარი იქნება სტადიონზე მოსული, კარგ თამაშს და შედეგს ვაჩვენებთ მათ. სხვათაშორის, ირლანდიელები კარგი გულშემატკივრები არიან. ერთადერთი გოლი გაგვიტანეს, ისეთი ამბავი ატყდა სტადიონზე, ვიფიქრეთ, 6-5 გახდა ანგარიშიო. ჩვენი გუნდის გულშემატკივარიც ამ მხრივ ყოველთვის გამორჩეულია.

- „ზესტაფონში“ გია გეგუჩაძის მოსვლის შემდეგ შესამჩნევი, კარგი ცვლილებებია. რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც დაგემატათ, ამან განაპირობა ალბათ თქვენი შედეგიანი თამაში.

- ასეა, გუნდი კარგად არის მომზადებული, ეს მწვრთნელის დამსახურებაა. ახალ ფეხბურთელებთან შეთამაშება ჯერ კიდევ გვაკლია. როცა კარგად შევთამაშდებით, ვფიქრობ, საკმაოდ მაღალი დონის, კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით. მწვრთნელის დავალება ამ თამაშში 70-80 %-ით შევასრულეთ და სწორედ ამან განაპირობა კარგი შედეგი.

- გოლები კომბინირებული და ლამაზი გამოვიდა...

- გოლის გატანის მომენტში მთელი გუნდი უტევდა მეტოქეს. ყველა ფეხბურთელი იყო ჩართული ყველა გოლის გატანის მომენტში.

- შემდეგი თქვენი სავარაუდო მეტოქე „ჰელსინბორგია“, ცნობილი ჰენრიკ ლარსონით შემადგენლობაში.

- ჯერ კიდევ გასარკვევია მეტოქის ვინაობა, მაგრამ „ჰელსინბორგს“ ვვარაუდობთ.

- ლარსონი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. ამ ფეხბურთელს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი აქვს ნათამაშები, იშვიათია, ლარსონისთანა მოთამაშეები...

- ჩვენთისაც ძალიან დიდი სტიმულია, ასეთი დონის ფეხბურთელის წინააღმდეგ რომ ვითამაშებთ. გულშემატკივარიც განსაკუთრებით ემზადება ლარსონის ჩამოსვლისთვის, ერთის სული აქვთ როდის ნახავენ.

- ნიკა, წარმატებას გისურვებთ „ლისბურნთან“ განმეორებით თამაშში. ალბათ, გოლითაც გაგვახარებ...

- ვეცდები ყველანაირად! დიდი მადლობა!

 

მირანდა სურმანიძე, Geosports.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005