04.07.2009

 

 

”ჰელსინგბორგსაც” არ შევუშინდებითო!

 

 

 

მაშ ასე, ”ზესტაფონმა” ახალი ტურნირი, ევროპის ლიგა ომახიანად დაიწყო. იმერლებმა ჩრდილოეთ ირლანდიის ”ლისბერნი” ლურგანში 5:1 გააცამტვერეს და მომდევნო ეტაპზე გასვლა პირველივე მატჩში გაინაღდეს. საგულისხმოა ისიც, რომ 5 გოლიდან ზესტაფონელთაგან ორმა დუბლი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ თორნიკე აფციაურის ბოლო გოლამდე, ნიკა გელაშვილმა და შოთა გრიგალაშვილმა ორ-ორი ბურთი გაიტანეს. ეს მასალაც ამას ეხმიანება...

 

ნიკა გელაშვილი: გოლებს ზესტაფონშიც გავიტანთ

- საუბარი ლურგანის მატჩით დავიწყოთ. დღეს როგორ იხსენებთ ამ თამაშს?

- მატჩზე რა უნდა ვთქვა, ანგარიში ალბათ ყველაფერზე მეტყველებს. მართალია დიდი ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ უფრო ბედნიერი ვიქნებოდი გოლი რომ არ გაგვეშვა... ერთი სიტყვით, მშრალად მოგება გვქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ...

- ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად ”ლისბერნთან” ერთი შანსი კიდევ გაქვთ...

- (იცინის)... კი, ეგ მართალია. 6-6 საათი აქეთ-იქით ვიფრინეთ, ისეთი დაღლილი ვარ, ეგ მართლა აღარ მახსოვდა. ჩრდილოირლანდიელებს ზესტაფონში მაინც უნდა ავუსრულოთ ჩვენი ჩაფიქრებული და შინ მაინც უნდა მოვუგოთ მშრალად.

- თავდასხმაში თქვენ და ჯაბა დვალი ტანდემში იყავით... ჯაბა ”ზესტაფონში” რომ ჩაირიცხა ბევრმა მაშინვე ითქვა - ეგ და გელაშვილი მრისხანე დუეტს შექმნიანო. სლოვენიურ შეკრებაზე დახვეწეთ ტანდემში თამაში?

- ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ, მაგრამ ჩვენი ტანდემი მალე უფრო მრისხანე იქნება. ერთმანეთთან ურთიერთგაგება არ გვიჭირს, მაგრამ მატჩიდან მატჩამდე კიდევ უკეთ შევთამაშდებით. ჩვენც და საერთოდ მთელი გუნდიც... რაც შეეხება სლოვენიურ შეკრებას, ბალკანეთზე მწვრთნელებმა სხვადასხვა ვარიანტი მოსინჯეს. მე და ჯაბამ ორ მატჩში, ”პოლონიასთან” და ”მარიბორთან” ვითამაშეთ ტანდემში. მოსამზადებლად მეტი დრო რომ გვქონოდა, მეტ საკონტროლო მატჩს ჩავატარებდით და უკეთ შევთამაშდებოდით მთელი გუნდი... ჩემს ამ ნათქვამს წუწუნში ნუ ჩამომართმევთ. შეთამაშება ამ ეტაპისთვის ნორმალური გვაქვს, მაგრამ კიდევ შეგვიძლია მოვუმატოთ და მჯერა, ასეც იქნება.

- ისევ ლურგანის მატჩს დავუბრუნდეთ. მაინც რა დაგავალათ მწვრთნელმა?

- დავალება ასეთი იყო, ბურთზე რაც შეიძლება მეტი კონტროლი გვქონოდა და მეტოქის დარად, ბურთის უმისამართოდ მოგერიება არ დაგვეწყო. ამასთან, გოლი არ უნდა გაგვეშვა. ამ დავალებას ასე თუ ისე გავართვით თავი. ჩვენთან შედარებით, ჩრდილო ირლანდიაში სიგრილე იყო, ნაწვიმარი იყო, მაგრამ მოედანი იდეალურ მდგომარეობაში დაგვხვდა. ერთი სიტყვით, ფეხბურთისთვის ჩინებული ატმოსფერო იყო და ჩვენც, რომ იტყვიან შევუბერეთ... აი, გოლი არ უნდა გაგვეშვა, მაგრამ მატჩის ბოლოს მასპინძლებმა პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანეს...

- ევროპის ლიგაზე პირველი, ისტორიული დუბლის ავტორი გია მეგრელაძეა, თქვენ და შოთა გრიგალაშვილის დუბლებიც უკვე ისტორიის კუთვნილებაა. რა გრძნობა გეუფლებათ?

- გია მეგრელაძესა და მთლიანად ”ოლიმპს” ჩრდილოირლანდიიდან ავუბით მხარი. აქაურ ერთს, იქაური ორი დუბლი დავამატეთ და ქართული ფეხბურთის ღირსება დავიცავით. ევროტურნირებზე კიდევ ჩვენი ორი გუნდი, ”დინამო” და ”ვიტ- ჯორჯია” ჩაერთვება და მათაც წარმატებას ვუსურვებ... ერთსაც დავამატებდი, გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდი, მაგრამ ევროტურნირებზე გატანილ გოლს მაინც სხვა ხიბლი, სხვა გემო აქვს და უფრო დიდი სტიმულია.

- სიტყვამ მოიტანა და ბარემ აქვე გკითხავთ. გასულ სეზონში ბომბარდირი გახდით, ”დია 2009”-ზე კი ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელად დაგასახელეს...

- დიახ, ძალიან გამეხარდა და მადლობელი ვარ აღიარებისთვის. თანაგუნდელები რომ არ დამხმარებოდნენ, ისე გამიჭირდებოდა. მომავალში შევეცდები, უკეთ წარმოვჩნდე და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე... მაშინ სლოვენიაში ვიყავით მოსამზადებელ შეკრებაზე და პრიზი კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიასა და ჩემს უფროს ვაჟს, კობას გადასცეს... საქართველოში რომ დავბრუნდი, ეს ამბავი 4 წლის კობამ მახარა, თან დაამატა, ეს ჩემი პრიზია, მე მომცეს და ვერ დაგითმობო. შინ მითხრეს, უკვე დღეებია ამ პრიზთან ერთად იძინებსო... კობა და 1 წლის ლუკაც ფეხბურთელებად უნდა გავზარდო... სახლში ფეხბურთის იმდენი ბურთი აქვთ, სხვანაირი ბურთი მინდაო და ჩრდილოირლანდიიდან რაგბის ბურთი ჩამოვუტანე... მომიტევეთ თუ თავი მოგაწყინეთ ჩემი შვილებით, ლურგანში გატანილ გოლებს შვილებს, თანაგუნდელებს და ”ზესტაფონის” ყველა გულშემატკივარს ვუძღვნი.

- დაბოლოს, ”ლისბერნს” შინაც 2-3 გოლი რომ გაუტანო, ევროპის ლიგის პირველ ეტაპზე ბომბარდირობაზეც შეგიძლია იფიქრო...

- რატომაც არა, მეტოქეს გოლებით ზესტაფონშიც დავამახსოვრებ თავს. ამას რა აჯობებს, თუ მეც და შოთა გრიგალაშვილიც მეგოლეებში პირველები ვიქნებით. ამაზე ვიფიქრებ...

შოთა გრიგალაშვილი : აბა, ამხელა გზაზე რისთვის წავიდოდით?

- ამდენი ვიმგზავრეთ, 6-6 საათი წინ და უკან ვიფრინეთ და აბა ისე ხომ არ წავიდოდით, რომ დიდი ანგარიშით არ მოგვეგო. დროში სხვაობის გამო, ჩვენი დროით, ლამის შუაღამის 1 საათზე მოვრჩით თამაშს. ჩვენი მიზანი იყო, პირველივე თამაშში მოგვემთავრებინა ყველაფერი, მომდევნო ეტაპზე გასვლა გაგვენაღდებინა და ეს შევძელით კიდეც... აბა ამხელა გზაზე პატარა ანგარიშისთვის ხომ არ წავიდოდით?

- მატჩამდე რომ ვინმეს ეთქვა, ამ შეხვედრას 4 ბურთის სხვაობით მოიგებთო, დაიჯერებდით?

- მართალი გითხრათ, ”ლისბერნი” უფრო უკეთესი გუნდი მეგონა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კარად აგვეწყო მატჩი მსვლელობა. არის თამაშები, როცა მეტოქეს აშკარად ჯობიხარ, მაგრამ არაფრით გოლი არ გადის და ამის გამო ნერვიულობ, თამაშს სათანადო ორგანიზებას ვეღარ უკეთებ და ეს მეტოქის წისქვილზე ასხამს წყალს... ლურგანში სწრაფი გოლით დავწინაურდით, მეორეც მალევე გავიტანეთ და მეე მესამეც მივაყოლეთ. სამი ბურთის შემდეგ ძალზედ შეფუცხუნდნენ მასპინძლები, უნდოდათ შესვენებამდე ერთი ბურთი მაინც გაექვითათ, მაგრამ... ისიც უნდა ითქვას, რომ პირველი ტაიმის დასრულებამდე ზურაბ მამალაძემ გვიხსნა. მეტოქის თავურისას ”მკვდარი ბურთი” მოიგერია. ისიც უნდა ითქვას, რომ ”ლისბერნი” ხისტად გვეთამაშებოდა.

- კლასით მაინც და მაინც არ გამოირჩეოდა?

- არა, მთლად ეგრეც არაა. 2-3 კარგი ფეხბურთელიც ჰყავდათ. უკლასო გუნდი ნამდვილად არაა. თუმცა კლასში აშკარად დავჯაბნეთ და მერე ხისტ თამაშზე გადავიდნენ.

- შესვენებაზე რა გითხრათ გუნდის თავკაცმა გია გეგუჩაძემ?

- არ გაჩერდეთ, ბარემ დიდი ანგარიშით მოვიგოთ, ბურთი ვაკონტროლოთ, კარი მშრალად შევინახოთ და საგოლე მომენტები გამოვიყენოთო. მწვრთნელის ეს დავალება შევასრულეთ კიდეც.

- ზოგი იმასაც კი ხუმრობს საპასუხო მატჩისთვის ”ლისბერნი” ზესტაფონში აღარ ჩავაო...

- (იცინის)... ხუმრობა იქით იყოს და მართლა ბევრია სამგზავრო. უეფა დასჯის რომ არ ჩამოვიდნენ, თორემ მართლა სერიოზულად დაფიქრდებოდნენ საქართველოში ჩავფრინდეთ თუ არაო...

- საპასუხო მატჩსაც დიდი ანგარიშით მოვიგებთო, ნია გელაშვილმა გვითხრა. თან დააამატა მე და გრიგალაშილმა კიდევ უნდა გავიტანოთ გოლებიო...

- დაცვაში ჩაჯდომას ნამდვილად არ ვაპირებთ. საკუთარი გულშემატკივარი გვინდა გოლებით გავახაროთ. ვნახოთ, გოლების გატანის პატივიც თუ ჩვენ გვერგება, ურიგო ნამდვილად არ იქნება.

- დუბლი და საგოლე პასი, ასეთია თქვენი მონაგარი. რა პოზიციაზე თამაშობდით?

- ნახევარდაცვაში მარჯვნივ ვიყავი გამწესებული, მარცხნივ კი თორნიკე აფციაური იყო. რაც შემეძლო გავაკეთე, მეც და ჩემმა თანაგუნდელებმაც ცდა არ დავაკელით, რომ სოლიდური ანგარიშით მოგვეგო.

- ბევრი აღნიშნავს ”ზესტაფონი” უკვე ”ჰელსინგბორგზე” ფიქრობსო. ჰენრიკ ლარსონის გუნდზე რა წარმოდგენა გაქვთ?

- ლარსონი მართლაც დიდი ფიგურაა და "ჰელსინგბორგიც" "ლისბერნზე" საგრძნობად ძლიერი გუნდი იქნება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შვედების წინააღმდეგ უშანსოდ ვართ. ჩვენ სკანდილავიელების წინააღმდეგაც ბოლომდე ვიბრძოლებთ. ძალიან მინდა მესამე ეტაპზე გავიდეთ და სულაც არ ვთვლი, რომ ამ ჩანაფიქრის განხორციელება ჩვენს ძალებს აღემატება. შვედებთან მატჩამდე კი ჩვენი გუნდის გულშემატკივარი, "ლისბერნთან" კარგი თამაშითა და გოლებით უნდა გავახაროთ.

 

გაზეთი ”ლელო”

 

   
FC ZESTAFONI © 2005