04.07.2009

 

 

ინტერვიუ გიორგი გეგუჩაძესთან.

ზესტაფონშიც უნდა მოვიგოთ!

 

 

 

საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ყველანი ძალიან გაგვახარა. რა თქმა უნდა, გვჯეროდა, რომ იმერლები ჩრდილოირლანდიური "ლისბურნის" დამარცხებას შეძლებდნენ, მაგრამ სხვაობა თუ ამხელა იქნებოდა, ნამდვილად არ გვეგონა. "ლისბურნთან" ზესტაფონური კლუბის ყველა საუკეთესო თვისება წარმოჩნდა. გუშინაც დავწერეთ, რომ ეს არ არის ერთი კონკრეტული ადამიანის გამარჯვება, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის წვლილი, რომელსაც გუშინ ინტერვიუ ვთხოვეთ.

- ერთ რამეს ვიტყვი: მართალია, 5:1 გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს მთლიანად არ ასახავს მატჩის პერიპეტიებს. "ლისბურნი" არც ისეთი სუსტი გუნდი იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ირლანდიელებმა რამდენიმეჯერ ძალიან მწვავედ შემოგვიტიეს. მოკლედ, ფეხბურთის თამაში იციან და ბოლომდე არ უნდა მოვეშვათ. დაწყებული საქმე კარგად უნდა დავასრულოთ. რაც შეეხება ჩემი გუნდის თამაშს, ბიჭებს შევაქებ, ბოლომდე შეასრულეს ჩემი დავალება. იყო ძალიან დიდი მონდომება და ამასთან არ დარღვეულა თამაშის მონახაზი. როცა ეს ხდება, წარმატებით თამაში შესაძლებელია.
- ალბათ განმეორებით შეხვედრაშიც ბოლომდე ბრძოლაა საჭირო...
- დიახ, ფეხბურთელებს რომ შევხვდებით, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამას ვეტყვით. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და კიდევ ერთი გამარჯვებით გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი.
- ახლა "ზესტაფონს" ახალი ფეხბურთელების დამატება თავისუფლად შეუძლია. მეორე ეტაპისთვის ამ ფუფუნებით ხომ არ ისარგებლებთ?
- დიახ, გვაქვს ამის საშუალება, მაგრამ ამასთან გვაქვს ჩვენი კონკრეტული მონახაზიც. ამ წუთში არ არის ისეთი ფეხბურთელი, რომლის დამატებაც გვინდა. აქედან გამომდინარე, ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე გუნდი უცვლელი შემადგენლობით ითამაშებს.
- რომელიმე ფეხბურთელს ხომ არ გამოარჩევთ?
- არა, ვერავის გამოვარჩევ. მთლიანად გუნდმა ითამაშა ძალიან კარგად და მატჩის საბოლოო შედეგიც სწორედ ამის დასტურია. ყველა ფეხბურთელს თავიდან ბოლომდე ახსოვდა ჩემი მითითება.
- განმეორებით მატჩში რას უნდა ველოდეთ?
- ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.
- და ასეთ შედეგიან გარჯას თუ ელოდით ჩრდილოეთ ირლანდიაში?
- ჩემი გუნდისგან ყოველთვის შედეგიან თამაშს ველოდები, მით უმეტეს, შეკრებაზე შეტევის კუთხით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ამ მხრივ პროგრესი გვაქვს. ისე კი, ერთი მინდა აქვე ვთქვა: განმეორებითი მატჩისას არამც და არამც არ შეიძლება ყურადღების მოდუნება. ეს ფეხბურთია და სანამ მსაჯი არ დასტვენს, თამაში მანამდე გრძელდება.
- ევროპულ ტურნირებზე "ზესტაფონს" საშინაო ასპარეზზე არასოდეს გაუმარჯვია. ესეც დამატებითი მოტივაცია იქნება...
- დიახ, რა თქმა უნდა, დამატებითი მოტივაციაა. მინდა საგანგებო მადლობა გადავუხადო "ზესტაფონის" გულშემატკივარს. მატჩი დასრულდა თუ არა, კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელს სერგო ფუტკარაძეს ურეკავდნენ, მივიღეთ უამრავი მოლოცვა.
- შემთხვევით "მიკა" - "ჰელსინგბორგის" მატჩს ხომ არავინ დაესწრება?
- ეს საკითხი ამჟამად ღიაა. ისე კი ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ "ლისბურნზე" ვფიქრობთ.


ალეკო კაკაურიძე, გაზეთი ”ოლიმპი”

 

   
FC ZESTAFONI © 2005