1 ივლისს ჩარტერული რეისით საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბრიტანეთში გაემგზავრა. ზესტაფონელთა გასახარად, გარკვეულწილად შეიცვალა მგზავრობის მარშრუტი და გუნდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 5,5 საათში პირდაპირ ბელფასტის აეროპორტში ჩაფრინდა.
ბელფასტის ”რედისონ-ოტელში” დაბინავების და 2-საათიანი დასვენების შემდეგ, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გაემგზავრა ქალაქ ლურგანის ”მურნევიუ პარკზე”, სადაც ხვალ ჩრდილოირლანდიურ ”ლისბურნ დისტილერის” წინააღმდეგ უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა უნდა გაიმართოს.
ვარჯიში ძალიან ხალისიან ატმოსფეროში წარიმართა, გუნდის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ხვალინდელ მატჩს დადებითი ემოციებით ხვდება. შეგახსენებთ, რომ ”ლისბერნ” - ”ზესტაფონის” შეხვედრა გრინვიჩის დროით 19:45, ხოლო თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება .