ინტერვიუ გიორგი გეგუჩაძესთან.
ჩრდილოეთ ირლანდიაში მოსაგებად მივდივართ!
სულ რამდენიმე დღეც და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ევროპის ლიგის გათამაშებაში ჩაებმება. იმერელთა პირველი მეტოქე ჩრდილოირლანდიური ”ლისბურნია”. ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში კი გია გეგუჩაძის გუნდი ალბათ შვედურ ”ჰელსინბორგს” დაუპირისპირდება.
”ზესტაფონმა” ნაყოფიერი შეკრება გაიარა სლოვენიაში, ახლა კი მზადებას თბილისში განაგრძობს. 1 ივლისს გუნდი ბელფასტში გაფრინდება, მეორე დღესვე ძალას მასპინძლებთან მოსინჯავს. გუნდში არსებული ვითარების შესახებ გვესაუბრება ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე.
- როგორც იცით, სულ ახლახან დავბრუნდით სლოვენიური შეკრებიდან. ფეხბურთელები ორი დღით დავითხოვეთ, შემდეგ კი მზადება გავაგრძელეთ. შევიკრიბეთ სასტუმრო ”ბატესტაში”, დილით ”მიხეილ მესხზე” ვივარჯიშეთ. საღამოს 18:00 საათზე ისევ ვგეგმავთ ვარჯიშს.
- როგორ აფასებთ სლოვენიურ შეკრებას?
- ნაყოფიერი შეკრება იყო. რაც მთავარია, ძლიერი სპარინგ-პარტნიორები გვყავდა. სამწუხაროდ, ცოტა არ იყოს, შემჭიდროებულ გრაფიკში გვიწევდა მომზადება. უკეთესი იქნებოდა, მეტი სათამაშო პრაქტიკა გვქონოდა ამ დროისათვის, მაგრამ რა გაეწყობა, ნაკლის აღმოფხვრა უკვე სეზონის მიმდინარეობისას მოგვიწევს.
- ”ზესტაფონში” ახალწვეულები გამოჩნდნენ: ზაალ ელიავა, თორნიკე აფციაური, ჯაბა დვალი... კმაყოფილი ხართ მათი დღევანდელი კონდიციებით?
- დიახ, კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ეს ფეხბურთელები რეალურად გააძლიერებენ ”ზესტაფონს”. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ფეხბურთელებს გუნდში ნამდვილად არ ავიყვანდით.
- სლოვენიაში გუნდმა რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართა. მათგან რომელს გამოარჩევდით?
- ჩვენთვის საკონტროლო მატჩები იყო არა მხოლოდ შედეგის ჩვენების, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ახალი სეზონისთვის კარგად მომზადების საშუალება. ფეხბურთელების სათამაშო კონდიციები გაუმჯობესდა, ასევე დაიხვეწა რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი, რომლებსაც აუახლოეს მატჩებში გამოვიყენებთ. ვნახეთ ყველა ფეხბურთელი - გამოცდილი, ახალგაზრდა, ახალწვეული. ასე რომ, ამ მატჩს ერთიან მთლიანობაში განვიხილავ და თქვენი ნებართვით, განსაკუთრებით არც ერთს არ გამოვარჩევ.
- რატომ არ გამოჩნდნენ ”ზესტაფონში” ლეგიონერები? როგორც ვიცით, რამდენიმე უცხოელზე იყო საუბარი...
- ლეგიონერების საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ ჩემი და კლუბის ხელმძღვანელების პოზიცია ასეთია - ლეგიონერი რომ გუნდში დამკვიდრდეს, ერთი თავით მაინც უნდა სჯაბნიდეს ადგილობრივ მოთამაშეს. მეორე მიზეზი ის არის, რომ ლეგიონერების შესამოწმებლად საკმარისი დრო არ გვქონია. იმ ფეხბურთელებს ვენდეთ, რომელთა შესაძლებლობებიც კარგად ვიცოდით. არის მესამე მომენტიც: გვყავს კვალიფიციური ქართველი ფეხბურთელები და გვირჩევნია, მათ ვენდოთ. მიხარია, რომ ასეთ კონტინგენტთან მიწევს მუშაობა.
- საინტერესოა, თუ მოიპოვეთ რაიმე ინფორმაცია ”ლისბურნის” შესახებ. ეს არ იქნებოდა ადვილი...
- ამ გუნდის შესახებ რთულია ინფორმაციის მოპოვება. სპეციფიკური, პატარა კლუბია. ამის მიუხედავად, ინტერნეტის
საშუალებით მაინც მოვიპოვეთ მეტოქის თამაშისამსახველი ფირი. სულ რამდენიმე წუთში მას ფეხბურთელებთან ერთად განვიხილავ. ასეა თუ ისე, თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა განვაცხადო, რომ ირლანდიაში ”ზესტაფონი” მხოლოდ და მხოლოდ გამარჯხვებისთვის გაემგზავრება.
- ”ლისბურნი” ევროთასებზე პირველ ეტაპს არასდროს გასცდენია. ეს ”ზესტაფონს” წყვილის ფავორიტად ხდის?
- მოდით, ასე ვთქვათ: სანამ პირველი მატჩი არ შედგება, შანსები 50/50-ზეა, თუმცა ჩვენი მიზანი ერთმნიშვნელოვნად შემდეგ ეტაპზე გასვლაა.
- რას ფიქრობთ ”ჰელსინგბორგზე” - ის ალბათ დაამარცხებს სომხურ ”მიკას”?
- ”ჰელსინბორგი” ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჯერ მხოლოდ ”ლისბურნზე” ვართ კონცენტრირებულნი. სანამ მას არ გავივლით, ”ჰელსინბორგი” ჩვენთვის მეორეხარისხოვანია.
|