30.06.2009

 

 

ინტერვიუ თორნიკე აფციაურთან.

ცოტა მეტი შეთამაშება, საკუთარი თავის რწმენა და წარმატებებიც იქნება.

 

 

 

ევროპის ლიგასა და ახალ სეზონში საასპარეზოდ ”ზესტაფონი” მნიშვნელოვნად გაძლიერდა. იმერულმა კლუბმა 5 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ამ კვინტეტში კი ერთ-ერთი გამორჩეული თორნიკე აფციაური გახლავთ. ზესტაფონელებმა ეს ნახევარმცველი, რომელიც ალენ ჟირესის მწვრთნელობისას ეროვნულ ნაკრებშიც იყო მიწვეული, აზერბაიჯანული ”გაბალადან” ჩამოიყვანეს.

 

სლოვენიურ შეკრებაზე იმერლებმა რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართეს. ამ საკონტროლო შეხვედრებში აფციაური ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ვნახოთ, რა აზრისაა ახალ გუნდზე ზესტაფონელთა ახალწვეული, რას ფიქრობს ევროტურნირებზე, ახალ სეზონზე... ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გუშინ თორნიკე აფციაურს დავუკავშირდით.

- ”ზესტაფონთან” ერთად სლოვენიური შეკრება უკვე დაამთავრეთ. იოლად შეეგუეთ ახალ გუნდს?

- ადაპტაციის მხრივ პრობლემა არ მქონია. ”ზესტაფონი” ერთ მუშტად შეკრული, მეგობრული კოლექტივია. გუნდში ჩინებული ატმოსფეროა, ფეხბურთელები ძმებივით ვართ. შესაბამისად, ადაპტაციის პროცესი არ გამჭირვებია.

- მზადების პროცესზე რა აზრის ხართ?

- კარგ პირობებში ვემზადებით. თავდაპირველად ფიზიკურ კონდიციებსა და გამძლეობაზე გავაკეთეთ აქცენტი, მერე კი ტაქტიკა-სტრატეგია, შეთამაშება, ახალი სათამაშო სქემების დახვეწა... ამ კომპონენტებზე ვვარჯიშობდით. მართალია, დატვირთვების გამო თავიდან გამიჭირდა, მაგრამ, უკვე კარგა ხანია ეს ჩემთვის პრობლემა აღარ არის. მიმაჩნია, რომ ფიზიკურად კარგად ვართ, მეც და ჩემი თანაგუნდელებიც.

- გუნდს 5 ახალი ფეხბურთელი დაემატეთ. შეთამაშება მოასწარით?

- ფიზიკურ კონდიციებთან და გამძლეობასთან ერთად შეთამაშება ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. ამაზეც ბევრი ვიმუშავეთ და ამ ეტაპისთვის ცუდად არ გამოვიყურებით. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შეთამაშებაზე კიდევ გვჭირდება მუშაობა.

- ახალ გუნდზე როგორი წარმოდგენა შეგექმნათ?

- ”ზესტაფონი” ჩინებული გუნდია, საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული შემადგენლობა გვყავს. კონტინგენტის გარდა, პირობებიც კარგი გვაქვს, როგორც სავარჯიშო, ისე ფინანსური. აშკარად ჩანს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ფეხბურთელს თამაშის გარდა სხვა საფიქრალი არ ჰქონდეს. ეს კი საქმისადმი პროფესიული მიდგომაა, რაც მოთამაშისთვის უმთავრესია.

- სლოვენიაში რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართეთ. რომელ შეხვედრაში წარმოჩნდა ”ზესტაფონი” ყველაზე უკეთ?

- სამივე მეტოქე ძლიერი გვყავდა. ”პოლონია”, ”მარიბორი” და ”გორიცა” - შემადგენლობით ჩვენზე ძლიერი იყო, მაგრამ ტოლი არ დავუდეთ. მეტიც, მთელ რიგ ეპიზოდებში დავჯაბნეთ კიდეც მეტოქე... რაც შეეხება კითხვას, ვერც ერთ მატჩს ვერ გამოვყოფ. ყველა ამ შეხვედრაში იყო დადებითი მომენტები. ამასთან ისიც წარმოჩნდა, თუ რა მიმართულებით და რა დოზით გვაქვს სამუშაო.

- სლოვენიურ შეკრებაზე გამართულ ამხანაგურ მატჩებში ერთ პოზიციაზე თამაშობდით თუ სხვადასხვა ფუნქციის შესრულება გიწევდათ?

- ნახევარდაცვაში ვთამაშობდი, სხვადასხვა ტაქტიკური ვარიანტი მოვსინჯეთ და ბუნებრივია, დავალებაც სხვადასხვა მქონდა... მერწმუნეთ, მართლა კარგი შემადგენლობა გვყავს, ცოტა უკეთ უნდა შევთამაშდეთ, საკუთარი ძალების რწმენა უნდა შეგვემატოს და მართლა შეიძლება სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლა.

- სერიოზულ მიზნებად რას მიიჩნევთ?

- ევროპის ლიგაზე ეტაპების გავლას, ეროვნულ პირველობაზე კი ჩემპიონობისა და თასის მოპოვებას.

- მოდი, ჯერ ევროტურნირებზე ვთქვათ. თქვენი პირველი მეტოქე ჩრდილოირლანდიური ”ლისბერნია”. რა იცით ამ გუნდზე და მათთან თამაშზე რას ფიქრობთ?

- მართალი გითხრათ, ”ლისბერნზე” თითქმის არაფერი ვიცი. ჩემი წარმოდგენით ჩრდილოირლანდიელები ბრიტანულ სტილში უნდა თამაშობდნენ, ფლანგებზე აქტიურობით და იქიდან საჯარიმოში მაღალი ბურთების ჩაწოდება, ორი ტანმაღალი ფორვარდი, რომელიც ფიზიკური კონდიციებით გამოირჩევა... ჩემი აზრით, ასეთი უნდა იყოს ჩვენი მეტოქე... თუმცა როგორიც უნდა იყოს, ეს ბარიერი აუცილებლად უნდა გადავლახოთ. ”ლისბერნის” დაჯაბნა ჩვენს შესაძლებლობებს არ აღემატება.

- მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში საგრძნობლად უკეთეს გუნდთან, შვედურ ”ჰელსინგბორგთან” მოგიწევთ დაპირისპირება. როგორ ფიქრობთ, ამ მეტოქესთან რა შანსი აქვს ”ზესტაფონს”?

- ”ჰელსინგბორგი” ევროპაში ცნობილი სახელია. ამ გუნდს თავისი ისტორია აქვს, რომელიც წარმატებებს ეფუძნება. მართლაც ”ლისბერნზე” გაცილებით უკეთესი გუნდია, მაგრამ არც ”ჰელსინგბორგის” წინააღმდეგ უნდა ვიყოთ უშანსოდ, თუ მეტი არა, 20-პროცენტიანი შანსი მაინც გვექნება. თანამედროვე ფეხბურთი კი კუთვნილი შანსის გამოყენებაა. ვნახოთ, ვინ უფრო უკეთ გამოიყენებს შანსს.

- ისევ ”ლისბერნს” დავუბრუნდეთ. 2 ივლისს ამ გუნდს სტუმრად ეთამაშებით. ”ზესტაფონისგან” ჩრდილოეთ ირლანდიაში რა შედეგს უნდა ველოდოთ?

- ჩვენ ყველა მატჩში გამარჯვება უნდა დავგეგმოთ და მოგებისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. ”ლისბერნთანაც” მოსაგებად გავალთ მოედანზე. კარგი იქნება, თუ ამას შევძლებთ და სტუმრად მოვიგებთ. თუ არა, სასურველი შედეგით მაინც უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში.

- სასურველ შედეგად რას მიიჩნევთ?

- უპირველესად, მოგებას... ისე ფრეც არ იქნება ურიგო, მაგრამ უპირველესად მოგებაზე უნდა ვიზრუნოთ. მეტოქეს ვაფასებთ, მაგრამ ”ლისბერნის” სტუმრად დამარცხება გადაუჭრელი ამოცანა ნამდვილად არ უნდა იყოს.

 

დავით თავართქილაძე, გაზეთი ”ლელო”

 

   
FC ZESTAFONI © 2005