|      შეკრების დასკვნითი შეხვედრა.       25 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”  გამართა სლოვენიური შეკრების ბოლო ამხანაგური მატჩი.     ზესტაფონელთა მეტოქე  ამჯერადაც სლოვენიის ჩემპიონატის წარმომადგენელი, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ქალაქ ნოვა გორიცას საფეხბურთო კლუბი ”გორიცა” გახლდათ...
   შეხვედრა, რომელიც ზესტაფონელთა ადგილსამყოფელიდან 70 კილომეტრის მოშორებით მდებარე  ქალაქ კრიჟევცის სტადიონზე გაიმართა,  17:30 (თბილისის დროით - 19:30) საათზე დაიწყო. შეხვედრის დაწყებისთანავე  ტერიტორიულ უპირატესობას ქართველები დაეუფლნენ და ასე გაგრძელდა მატჩის ოთხმოცდაათივე წუთის მანძილზე. გოლის გატანა გიორგი ხიდეშელს და თორნიკე აფციაურს შეეძლოთ, ხოლო  შოთა გრიგალაშვილმა , რომელიც მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, ბურთი კარს ზემოდან ააცილა. პირველი ტაიმის ბოლოს, მატჩის მიმდინარეობის საწინააღმდეგოდ, 2-ჯერ ხიფათი ზესტაფონელთა კართანაც შეიქმნა, თუმცა ზურაბ მამალაძე ორივე ეპიზოდში საიმედო იყო.  მეორე ტაიმი ისეთივე სცენარით წარიმართა, როგორც პირველი - ზესტაფონელთათვის გამარჯვების მოტანა ზურაბ იონანიძესა და ორჯერ ჯაბა დვალს შეეძლოთ, თუმცა შეტევათა დამაგვირგვინებელ ფაზაში ქართველები დღეს ვერ იყვნენ სათანადო სიმაღლეზე.  ზესტაფონელებმა შემდეგი   შემადგენლობით  იასპარეზეს:   მამალაძე,  თოდუა, ხიდეშელი (მაკარიანი, 81), ლობჟანიძე, ელიავა, გორგიაშვილი (დაუშვილი, 46), გრიგალაშვილი (ჭანკოტაძე, 63), აფციაური, ნ.კვასხვაძე   (დვალი, 46),  ბენაშვილი, გელაშვილი (იონანიძე, 69).  ხვალ ”ზესტაფონი” სამშობლოში ბრუნდება, ხოლო 1 ივლისს ჩარტერული რეისით გუნდი ბელფასტში მიფრინავს, იქიდან კი ქალაქ ლურგანისაკენ (”ლისბერნისა” და  ”ზესტაფონის” მატჩი   სწორედ ამ ქალაქში, საფეხბურთო კლუბ ”გლენავონის” საშინაო არენა ”მურნევიუ პარკზე” გაიმართება ) აიღებს გეზს  ...     
            
              |  | 25/06/2009 - ”ზესტაფონი” - ”ჰიტ გორიცა” (ნოვა გორიცა, სლოვენია) 0-0  |  
              | 
 |      |