23.06.2009

 

 

სპარინგ-მატჩი სლოვენიის ჩემპიონთან.

 

 

2009 წლის 23 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა სლოვენიური შეკრების მორიგი ამხანაგური მატჩი. ამჯერად ზემოიმერელთა მეტოქე სლოვენიის მოქმედი ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი ”მარიბორი” გახლდათ.

 

შეხვედრა, რომელიც ზესტაფონელთა ადგილსამყოფელიდან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ სლოვენსკე კონიიცეს სტადიონზე გაიმართა, 17:00 (თბილისის დროით - 19:00) საათზე დაიწყო. შეხვედრის დაწყებისთანავე მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და მალევე იხეირეს კიდეც - მიმდინარეობდა 10-ე წუთი, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს მაღალ ნახტომში სლოვენიელი ჯინიჩი შესწვდა და ბურთს ადგილი ზურაბ მამალაძის კარის ბადეში მიუჩინა. ამის შემდეგ, მასპინძელთა გასაკვირად, სრულ სათამაშო უპირატესობას უკვე ქართველები დაეუფლნენ, ზესტაფონელები ბურთს უფრო ხშირად აკონტროლებდნენ და მოწინააღმდეგე გუნდის კართან ხიფათსაც მეტად ჰქმნიდნენ. ანგარიში 21-ე წუთზე გათანაბრდა - თორნიკე აფციაურმა დროული გადაცემით მოძებნა მასპინძელთა საჯარიმოში ”გაჩენილი” ჯაბა დვალი და ამ უკანასკნელმა გამოზომილი დარტყმით ბურთი მეკარე პრიდიგარს თავზე გადაუგდო.

მეორე ტაიმში ორივე გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მთლიანად მეორე ნახევარი, სტუმართა კიდევ უფრო გამოკვეთილი უპირატესობით წარიმართა, ამის აღნიშვნა არც მატჩზე მყოფ სლოვენიური მედიის წარმომადგენლებს გამორჩენიათ. ზესტაფონელებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გაანიავეს - შოტა გრიგალაშვილის დარტყმული ძელს მოხვდა, გიორგი ხიდეშელის თავით დარტყმულმა კარს სანტიმეტრებში ჩაუქროლა, გატანა ალექს ბენაშვილსაც შეეძლო. მასპინძელთა კარის აღების ყველაზე რეალური შესაძლებლობა კი ნიკა გელაშვილმა დაკარგა, მაშინ, როდესაც მისივე წაქცევისათვის სლოვენიელი არბიტრის მიერ დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა კარს ააცილა... დასანანი ფრე - 1-1.

ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: მამალაძე (მეშველიანი, 73), თოდუა (გურაბანიძე, 73), ხიდეშელი, ონიანი (ლობჟანიძე, 46), ელიავა (მაკარიანი, 73), ძარია (გორგიაშვილი, 46), გრიგალაშვილი (ნ.კვასხვაძე, 63), ბენაშვილი, აფციაური (ჭანკოტაძე, 73), დვალი (იონანიძე, 63), გელაშვილი (ჩიხლაძე, 73).

ბალკანური შეკრების უკანასკნელ შეხვედრას ”ზესტაფონი” სლოვენიის ვიცე-ჩემპიონ ”ჰიტ გორიცასთან” ქალაქ კრიჟევციში 25 ივნისს გამართავს, 26 ივნისს კი გუნდი სამშობლოში ბრუნდება ...

 

23/06/2009 - ”ზესტაფონი” - ”მარიბორი” (მარიბორი, სლოვენია) 1-1


 

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005