22.06.2009

 

 

ინტერვიუ გიორგი გეგუჩაძესთან.

 

 

 

 

ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრამ, ს.კ. "ზესტაფონის" პირველ მეტოქედ ჩრდილოეთ ირლანდიის მეოთხეადგილოსანი "ლისბურნი" დაამტკიცა. ნიონში გაირკვა იმერული კლუბის შემდეგი სავარაუდო მეტოქე. თუ ქართველებმა ბრიტანული ბარიერი გადალახეს, ისინი სომხურ "მიკასა: და შვედურ "ჰელსინგბორგს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. "მსოფლიო სპორტი" ევროლიგის საწყისი საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრის თაობაზე, "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს სლოვენიაში დაუკავშირდა, სადაც იმერული კლუბი შეკრებას გადის.

- ბატონო გია, კენჭისყრის შედეგებს როგორ შეაფასებდით?

- რაც ჯერ გავარკვიეთ, ისაა, რომ ჩვენი მომავალი მეტოქე ძალისმიერი, ტრადიციულად ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელიც შეტევაში 2 თავდამსხმელით თამაშობს (4-4-2 სისტემით). საკმაოდ მარტივი ტაქტიკით ირჯებიან - საჯარიმოში მაღალი ბურთის ჩაგდებაზე, უკნიდან მაღალ ბურთზე ბრძოლაზე, ფლანგებიდან ჩაწოდებაზე, "სტანდარტულებზე" აქვთ აგებული თამაში - საერთოდ ბრიტანული ფეხბურთი ასეთია (ინგლისს არ ვგულისხმობ) და დიდი საიდუმლო არაფერია.

- "ლისბურნი" "ზესტაფონისთვის" გაუვალი მეტოქე არ უნდა იყოს?

- მეც ვთვლი, რომ არ უნდა იყოს.

- კენჭისყრით გაირკვა, რომ "ლისბურნის" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, თქვენი სავარაუდო მეტოქე სომხეთის "მიკასა" და შვედეთის "ჰელსინგბორგს" შორის გამარჯვებული იქნება.

- ჯერ პირველი მეტოქე უნდა გავიაროთ და მომავალზე საუბარი მერე შეგვიძლია. "მიკა" ალბათ, ქართული საფეხბურთო ფლაგმანების დონის გუნდი იქნება. რაც შეეხება "ჰელსინგბორგს", იგი საკმაოდ ცნობილი და დიდი ტრადიციების კლუბია - შვედეთის ძლიერი წარმომადგენელი. საინტერესოც იქნება მათთან დაპირისპირება თუ მოგვიწევს - საკუთარი ძალების შესაფასებლად მშვენიერი საშუალებაა.

- "ჰელსინგბორგი" ისეთი მეტოქეა, ალბათ, მასთან დამარცხებაც არ იქნება სირცხვილი?

- მე ცოტა სხვაგვარად ვუყურებ მაგ საკითხს. მოგების დიდი სურვილი გვექნება შვედებთანაც. თუ ისე ვიფიქრებთ, რომ ნაკლებად სამარცხვინოდ წავაგოთ, ეს უკვე არასწორი მიდგომაა. ამით მე ჯგუფურ ეტაპზე გასვლის პროგნოზს კი არ ვიძლევი, მაგრამ ჩვენი მხრიდან ასეთი მიდგომაა გამართლებული.

- ცნობილი გახდა "ვიტ ჯორჯიას" მეტოქეც ჩემპიონთა ლიგაზე. ესაა სლოვენიის "მარიბორი", რომელსაც ხვალ "ზესტაფონი" საკონტროლო შეხვედრას ეთამაშება... ხომ შესაძლებელია, მეტოქემ ხვალ თქვენთან თამაში აღარ ისურვოს?

- არა მგონი ასე მოხდეს, სერიოზულ კლუბთან გვაქვს საქმე - შეთანხმება დიდი ხნის წინ მოხდა და ჩაშლის მიზეზი არ არსებობს.

- უბრალოდ, სლოვენიაში თქვენ უკვე ამის პრეცენდენტი გქონდათ, როცა "პოლონიამ" "ზესტაფონთან" თამაში მიატოვა.

- იქ სხვა პრობლემა იყო - სეტყვა წამოვიდა და მეტოქემ თამაშის გაგრძელება აღარ ისურვა. თან ახლა ისეთი დროა, მოწინააღმდეგეზე ინფორმაციის მოპოვება, დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მიღებულია, რომ ინფორმაციას არავინ მალავს და "მარიბორმა" იმის გამო არ ითამაშოს "ზესტაფონთან", რომ "ვიტ ჯორჯია" ქართული გუნდია, ნაკლებად მოსალოდნელია.

- დღესდღეობით, "ზესტაფონის" მზადყოფნით კმაყოფილი ხართ?

- ამ ეტაპისთვის კმაყოფილი ვარ. ის, რომ მზადების ასპროცენტიანი ზღვრისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, აშკარაა. ეს ზღვარი დაახლოებით 50-70%-ის ფარგლებში მერყეობს. ჩვენ აქცენტი არც გადაგვიტანია იმაზე, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვყოფილიყავით სრულ მზადყოფნაში. აი, მეორე მეტოქესთან შეხვედრისას ნამდვილად მაქსიმუმს "ავკრეფთ".

 

ფრიდონ კერვალიშვილი,www.worldsport.ge

 

   
FC ZESTAFONI © 2005