კიდევ ერთი ქართულ-პოლონური დაპირისპირება.
2009 წლის 21 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა სლოვენიური შეკრების მეორე ამხანაგური მატჩი. ზესტაფონელთა მეტოქე ამჯერადაც პოლონეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი, ქალაქ ვარშავას საფეხბურთო კლუბი ”პოლონია” გახლდათ.
შეხვედრა, რომელიც ზესტაფონელთა ადგილსამყოფელთან ახლოს, ქალაქ კიდრიჩევოს ”ალიუმინიის” სტადიონზე გაიმართა, 17:15 (თბილისის დროით - 19:15) საათზე დაიწყო. შეხვედრის პირველი ტაიმი ქართველთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა - გოლის გატანის კარგი შესაძლებლობები მიეცათ ჯაბა დვალს, ირაკლი ძარიას და ნიკა გელაშვილს, თუმცა, ქართველთათვის სამწუხაროდ, ანგარიში 0-0 რჩებოდა . 32-ე წუთზე კი შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში შოთა გრიგალაშვილი აღმოჩნდა და ულამაზესი დარტყმით სლავები დაამწუხრა. აღსანიშნავია, რომ შოთამ, რომელსაც დღეს 23 წელი შეუსრულდა, ერთგვარი საჩუქარი თავის თავსაც გაუკეთა. ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი ”ზესტაფონის” დაცვის წამიერი მოდუნებით პოლონელმა ადრიან მირჟიევსკიმ ისარგებლა და ანგარიში გააყაიმა.
მეორე ტაიმში ორივე გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. შეხვედრის ამ მონაკვეთში გამოიკვეთა პოლონელთა უპირატესობა ფიზიკურ მომზადებაში და ეს გარკვეულ ტერიტორიულ უპირატესობაშიც აისახა. 86-ე წუთზე მაკედონიის ნაკრების ფორვარდმა ფილიპ ივანოვსკიმ თავისიანები დააწინაურა, თუმცა მატჩის უკანასკნელ წუთზე მოედანზე შეცვლაზე შესულმა ახალგაზრდა ნიკოლოზ ჩიხლაძემ ლამაზი თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა - საბრძოლო ფრე 2-2.
ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: ნ.კვასხვაძე, თოდუა, ხიდეშელი (ლობჟანიძე, 46), ონიანი, ელიავა (მაკარიანი, 72), ძარია (ჭანკოტაძე, 72), გორგიაშვილი (ბენაშვილი, 46), გრიგალაშვილი (გურაბანიძე, 85), აფციაური (ნ.კვასხვაძე, 60), დვალი (ჩიხლაძე, 81), გელაშვილი (იონანიძე, 60).
შემდეგ სპარინგ-მატჩს ”ზესტაფონი” სლოვენიის ჩემპიონ ”მარიბორთან” 23 ივნისს გამართავს ...
|
21/06/2009 - ”ზესტაფონი” - ”პოლონია” (ვარშავა, პოლონეთი) 2-2 |
|
|