16.06.2009

 

 

ჩაშლილი ამხანაგური მატჩი სლოვენიაში .

 

 

2009 წლის 16 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა სლოვენიური შეკრების პირველი ამხანაგური მატჩი. ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ პოლონეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი, ქალაქ ვარშავას საფეხბურთო კლუბი ”პოლონია”.

შეხვედრა, რომელიც ზესტაფონელთა ადგილსამყოფელიდან 50 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ბელტინცის საფეხბურთო სტადიონის მინდორზე გაიმართა, ადგილობრივი დროით 17:30 (თბილისის დროით - 19:30) საათზე დაიწყო. პოლონეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი ”პოლონია” ქართველებს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდა. ამის მიუხედავად, პირველი ტაიმი ქართველთა აშკარა უპირატესობით დაიწყო და უკვე მესამე წუთზე, მას შემდეგ, რაც ალექსი ბენაშვილმა კარის ხაზთან ახლოს, ბურთი პოლონელ მცველს აართვა და დიდოსტატური გადაცემაც გააკეთა, ბურთი სლავთა კარში ”იონამ” გადაგზავნა . ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და პირველი ტაიმის დასრულებამდე გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. სამწუხაროდ, 34-ე წუთზე ”პოლონიის” სერბმა ლეგიონერმა ნიკოლიჩმა ანგარიში გაათანაბრა -1-1.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზესტაფონელებმა რამდენიმე ცვლილება განახორციელეს. დროის სწორედ ამ მონაკვეთში ზესტაფონელებმა აშკარა უპირატესობის მოპოვებაც შეძლეს- მოედანზე შესულმა თორნიკე აფციაურმა, შოთა გრიგალაშვილმა, ჯაბა დვალმა და თორნიკე გორგიაშვილმა მხარი აუბეს პარტნიორებს და პოლონელთა კართან ნამდვილი ”საფეხბურთო ფესტივალი” მოეწყო . 55-ე წუთზე კი ყველასათვის მოულოდნელად სლავთა დამრიგებელმა იაცეკ გრემბოცკიმ , რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და თავის გუნდი მოედნიდან გაიყვანა, რაც ახსნა იმით, რომ მას წვიმისა და ჭექა-ქუხილის ეშინია (!!!). სიმართლე მოითხოვს ითქვას, რომ მატჩამდე სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ქარიშხალი და წვიმა იყო, მაგრამ მატჩის დაწყებისათვის გამოიდარა. მართალია, შესვენებისას ისევ წვიმა დაიწყო, თუმცა შეხვედრის ბოლომდე ჩატარებაში მას, წესით და რიგით, ხელი არ უნდა შეეშალა. საინტერესო საცქერი გახლდათ ისიც, თუ როგორ თხოვდნენ თავისივე ფეხბურთელები იაცეკ გრემბოცკის მინდორზე დაბრუნებასა და მატჩის გაგრძელებას. საბოლოოდ, პოლონელებმა ბელტინცის სტადიონის ტერიტორია ძალიან მალე დატოვეს, ხოლო მაშინ, როდესაც ზესტაფონელები საშხაპედან ავტობუსში ჩასასხდომათ გამოვიდნენ, ცაზე უკვე მზიანი ამინდი იყო...

ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს : მამალაძე, ლობჟანიძე, ხიდეშელი, თოდუა, მაკარიანი, დაუშვილი, ბენაშვილი (გორგიაშვილი, 46), ძარია (აფციაური, 46), ნ.კვასხვაძე (გრიგალაშვილი, 46), იონანიძე (დვალი, 46), გელაშვილი.

შემდეგ სპარინგ-მატჩს გუნდი 21 ივნისს გამართავს ...

 

16/06/2009 - ”ზესტაფონი” - ”პოლონია” (ვარშავა, პოლონეთი) 1-1


 

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005