16.06.2009

 

 

ინტერვიუ ჯაბა დვალთან.

ახლა ტიტულებს ზესტაფონში ვუმიზნებ ...

 

 

 

ჯაბა დვალი სამშობლოში დაბრუნდა. დაბრუნდა ფორვარდი, რომელიც ორი წლის წინ კიშინიოვის ”დაჩიაში” საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირის რანგში წავიდა. დვალი მოლდოვაშიც გამორჩეული იყო და სადებიუტო სეზონში ერთი გოლი დააკლდა მთავარ ბომბარდირობამდე.

საინტერესოა, რამ განაპირობა დვალის დაბრუნება, როგორ აღმოჩნდა ”ზესტაფონში”, რა წარმოდგენა შეექმნა ახალ გუნდზე, რას ფიქრობს მომავალზე. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ ჯაბას სლოვენიაში გამგზავრებამდე გავესაუბრეთ...

- ”ზესტაფონში” როგორ მოხვდით? ”დაჩიასთან” კონტრაქტის ვადა ამოიწურა?

- არა, კონტრაქტი ძალაში იყო. თავიდანვე ხელშეკრულება გავაფორმე ოპციონის წესით, როცა შეგიძლია, სურვილის შემთხვევაში, კონტრაქტი გაწყვიტო. მართალი გითხრათ, კლუბის შეცვლა გადაწყვეტილი მქონდა, ”ზესტაფონი” რომ დამიკავშირდა და მისაღები პირობები შემომთავაზა. კიშინიოველებთან ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე კონტრაქტი გავწყვიტე და სამშობლოში დავბრუნდი.

- საქართველოში მოასპარეზე ფეხბურთელებს თვალი ძირითადად გალეგიონერებაზე უჭირავთ, მოლდოვაზე დაბალი რანგის ლიგებშიც მიდიან სათამაშოდ. ამ ფონზე თქვენი უკან დაბრუნება უჩვეულოდ მოჩანს...

- დაბრუნება რამდენიმე მიზეზით იყო გამოწვეული. მოლდოვის ჩემპიონატი იმ დონისა ნამდვილად არ არის, მასთან განშორება რომ გაგიჭირდეს კაცს. უკეთეს დონეზე მინდა თამაში და ვფიქრობ, საამისო პერსპექტივა საქართველოდან უფრო დიდია...

- ექტორ კუპერი ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატის გამორჩეულ მოთამაშეებს იწვევს. იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს თქვენც გამოგიძახოთ...

- ძალიანაც კარგია, თუ საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებს ყურადღებას აქცევს. მეც მინდა, მისი თვალთახედვის არეში მოვხვდე. მაგრამ მხოლოდ იმიტომ კი არ დავბრუნდი, ნაკრებში მოხვედრა რომ გამიადვილდეს, ”ზესტაფონს” გია გეგუჩაძე თავკაცობს და ჩემს გადაწყვეტილებაზე მწვრთნელის ფაქტორმაც იქონია გავლენა...

- ორი წლის წინათ მოლდოვაში საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირის რანგში წახვედით. ”დაჩიაში” გატარებულ ორ სეზონს როგორ შეაფასებდით?

- ჩემთვის წინა სჯობდა. ტრავმების გამო ბევრი გამიცდა და მხოლოდ 9 გოლი გავიტანე - 7 ჩემპიონატში და ორიც თასის გათამაშებაში. 2007/08 წლების სეზონში კი 13 ბურთი მარტო ჩემპიონატში გავიტანე და მხოლოდ ერთი გოლი დამაკლდა, რომ მოლდოვის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გავმხდარიყავი.”დაჩიასთან” ერთად ორჯერ ვერცხლის მედალი მოვიპოვე, თასიც კარგი იქნებოდა, მაგრამ ფინალში ვაჟა თარხნიშვილის ”შერიფმა” მოგვიგო...

- მაინც რა შეგძინათ მოლდოვაში გატარებულმა ორმა სეზონმა?

- მიმაჩნია, რომ კლასი ავიმაღლე, ახლა გაცილებით მეტი გოლი გამაქვს და გამოცდილებაც მეტი მაქვს.

- ლევან კორღალიძესაც ჰქონდა სხვა გუნდის ვარიანტები. დარჩა თუ ისიც წასვლას აპირებს?

- კი, ლევანსაც ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ საბოლოოდ დარჩენა ამჯობინა.

- თქვენც გქონდათ სხვა ვარიანტები. ასე არ არის?

- კი, ვაპირებდი კლუბის შეცვლას, სხვადასხვა ვარიანტიც მქონდა... თუმცა, ყველაზე მეტად რომელიც მხიბლავდა, დალოდება იყო საჭირო. ცოტა ხანს კი მოვიცადე, მაგრამ ვეღარ გავჩერდი და ”ზესტაფონის” წინადადებას დავთანხმდი.

- უკვე ჩავლილი ამბავია და თუ საიდუმლო არ არის, რომელ გუნდზე იყო ლაპარაკი?

- ვერ გეტყვით, აგენტისგან არ მაქვს ამის უფლება, რადგან შესაძლოა, ეს ვარიანტი კიდევ დადგეს დღის წესრიგში.

- და როდისთვის?

- ”ზესტაფონთან” 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და მინიმუმ ერთი სეზონის განმავლობაში სხვა ვარიანტებზე არ ვფიქრობ. ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ რაც შეიძლება მოკლე ხანში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ვიქცე. მინდა, ”ზესტაფონს” როგორც ევროტურნირზე, ასევე საქართველოს ჩემპიონატში, დიდი სარგებელი მოვუტანო.

- რა წარმოდგენა შეგექმნათ ”ზესტაფონზე”?

- კარგი შემადგენლობა, ფინანსური სტაბილურობა, გამართული ინფრასტრუქტურა, კარგი მწვრთნელი... ისღა დაგვრჩენია, შედეგებიც შესაფერისი ვაჩვენოთ.

- კარგ შედეგებში რას გულისხმობთ?

- ვიბრძოლებთ ჩემპიონობისა და თასისთვის, ევროპის ლიგაზე კი რაც შეიძლება მეტი ეტაპი უნდა გადავლახოთ. იმედია, იღბალიც არ გაგვწირავს და წილისყრა სასურველ მეტოქეს შეგვახვედრებს.

- ეს ”სასურველი მეტოქე” რომელიღაა?

- ...რომლის ბარიერსაც იოლად დავძლევთ. ძლიერ მეტოქეებს არ ვუფრთხით, უბრალოდ, ”ზესტაფონს” რამდენიმე ფეხბურთელი დაემატა და შეთამაშებისთვის დროა საჭირო. პირველი მატჩი 2 ივლისს მოგვიწევს და იქამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ორი ეტაპი მაინც უნდა გადავლახოთ...

- ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე თქვენზე დიდ იმედს ამყარებს...

- დიახ, ეს მეც ვიგრძენი და მადლობელი ვარ ასეთი ნდობისთვის. ძალას და ენერგიას არ დავიშურებ, რომ გუნდს სარგებელი მოვუტანო. სლოვენიაში მოსამზადებელი შეკრება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ რეალურად შეგვიძლია ჩემპიონობისა და თასისთვის ვიბრძოლოთ და იმედი მაქვს, ამ ჩანაფიქრს განვახორციელებთ კიდეც. საქართველოს ჩემპიონობა და თასი აქამდე თითოჯერ მაქვს მოპოვებული, ახლა კი წარმატებებს ”ზესტაფონთან” ერთად უნდა მივაღწიო.

- თქვენი და ნიკა გელაშვილის ტანდემი მეტოქეთათვის მართლაც მრისხანე იქნება...

- არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ გარდა, გუნდშია გამოცდილი ზურაბ იონანიძეც. მისგან ბევრს ვისწავლით... სხვა თავდამსხმელებიც არიან. ამა თუ იმ კონკრეტულ მომენტში ვინც უკეთ იქნება მზად, თამაშიც მას მოუეწევს. გელაშვილთან ტანდემზე, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ თუ ვინ ითამაშებს, ეს მწვრთნელის საქმეა და ვნახოთ, რას გადაწყვეტს გეგუჩაძე.

დავით ცაბაძე , გაზეთი ”ლელო”

 

   
FC ZESTAFONI © 2005