ვისაც არ უნდა დარჩეს ფერო, კლუბის პრეზიდენტი მე ვიქნები!
ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში ორიოდ დიდი ინვესტიცია თუ განხორციელდა, ერთ-ერთი მათგანი ზესტაფონში . ამის ინიციატორი ილია კოკაია გახლავთ- წლების წინ პირველი ქართველი ლიცენზირებული ფიფას აგენტი, ამჟამად კი სააქციო საზოგადოება ”ფერო”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
ორი დღის წინ ქარხანასი ფინანსური პოლიციისა და სოდ-ის შესვლას გუნდისა და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებში ბუნებრივი კითხვა მოჰყვა- რა ბედი ელის ს.კ. ”ზესტაფონ”-ს ?
გუშინ ილია კოკაიას დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.
ერთადერთი რაც დღეს მაღელვებს , ზესტაფონში წამოსული თოვლია. სტადიონზე თამაში შეუძლებელია. სხვა ყველაფერი წესრიგშია. ფეროს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ”ზესტაფონ”-ს არანაირად არ შეხებია. გუნდს ვინ რას უნდა ერჩოდეს, ხომ არ დაშლიან? რამე პრობლემა რომ გვქონოდა , დამეთანხმებით, მოსამზადებლად კვიპროსში ვერ გავუშვებდით. კვიპროსული შეკრების შემდეგ გუნდი საქართველოში დაბრუნდა და ვიცი , რომ ვარჯიში ზესტაფონში უნდა გაეგრძელებინათ, რომ არა დიდთოვლობა. ეს ”დინამო”-სთან სათასო მატჩის წინ სერიოზულ პრობლემას ქმნის.
-სხვა ქალაქში უნდა ითამაშოთ?
სხვაგან თამაშს არ ვაპირებთ. განა იმიტომ,რომ ეს შეუძლებელია, ელემენტარულად , ზესტაფონში ჩვენი და ”დინამო”-ს შეხვედრას 15 000 ადამიანი სულმოუთმენლად ელის. იმიტომაც გვსურს , რომ სწორედ ზესტაფონში, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ ვითამაშოთ. ფეხბურთის ფედერაციას შეხვედრის თარიღის შეცვლას ვთხოვთ და იმედია , ისიც და და ”დინამო”-ც ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებენ...
- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, არა მარტო გუნდის დაფინანსება , სტადიონის, ბაზისა და კლუბისთვის სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობაც გაგრძელდება
რა თქმა უნდა. ნებისმიერი კომპანია , რომელიც ფეროს მართვას საკუთარ თავზე აიღებს, კლუბსაც შეინახავს და ძველი აქციონერების მიერ აღებულ სოციალურ, კულტურულ და სპორტულ ვალდებულებებს განახორციელებს. სხვათა შორის, ერთ მნიშვნელოვან სიახლეს გეტყვით . მალე ფეროს მეპატრონე გახდება ინგლისური კომპანია, რომელთან კონტრაქტის პირობებზე საუბრისას უპრობლემოდ მივაღწიეთ შეთანხმებას ზემოთნათქვამი ვალდებულებების თაობაზე. ასე რომ, კლუბის მომავალს საფრთხე არ ემუქრება.
ავსტრიულის მსგავსად, შესაძლოა, ინგლისური კომპანიის წარმომადგენელიც თქვენ გახდეთ?
ხვალ დიუსელდორფში გაფორმდება ხელშეკრულება ავსტრიულ ”დეკომეტალს”-სა და ინგლისურ ”სტემკორ”-ს შორის. ბრიტანელებთან მოლაპარაკებას დიდი ხნის განმავლობაში ვაწარმოებდით და დავრწმუნდით, რომ მათ ძალიან დიდი სიკეთის მოტანა შეუძლიათ ქარხნისათვის ,ქალაქისათვის და მთლიანად ქვეყნისათვის. დაწყებული პროექტები , ქარხნის რეკონსტრუქცია და სხვა პროექტები უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს.
ფეხბურთის დაფინანსება მხოლოდ ვალდებულების გამო გადაწყვიტეს თუ თავადაც არიან ან სახეობის მოყვარულები?
ინგლისელები არ არიან ?! როგორ შეიძლება ინგლისელებს ფეხბურთი არ უყვარდეთ! თქვენ წარმოიდგინეთ, ბოლო დროს ჩვენი გუნდის ვებ-გვერდს ყოველდღიურად სტუმრობენ და ახალ-ახალი ინფორმაციით ინტერესდებიან. მე მათ გარკვეული საფუძველი დავახვედრე და ახლა უკვე უფრო დიდი პროექტების განხორციელებაც შეიძლება.
ბატონო ილია , თუ ფერო სხვა კომპანიის ხელში გადადის , გამოდის , კლუბის მმართველი თქვენ აღარ იქნებით?
პრეზიდენტად მე დავრჩები. კლუბს ფერო აფინანსებს, მაგრამ ის არის დამოულიდებელი იურიდიული პირი, რომლის დამფუძნებელიც 7 ადამიანი ვართ. ჩვენ ფეროსთან სასპონსორო ხელშეკრულება გვაკავშირებს და ინგლისელებმა უარიც რომ თქვან, ჩემს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ს.კ. ”ზესტაფონი”-ს დაფინანსებას დათანხმდებიან.
- ინგლისური კომპანია ”სტემკორი” , შემთხვევით რომელიმე ბრიტანული კლუბის მეპატრონეც ხომ არ არის?
სიმართლე გითხრათ, ასეთი რამ მათგან არ მსმენია, მაგრამ ფეხბურთის ფანები რომ არიან , ამაში დავრწმუნდი . ეს არის ამ შემთხვევაში მთავარი!!!
|